თამთა ჩაჩანიძე
15.07.2019

 „ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული რა დასკვნებს გამოიტანს, ამის მიხედვით იქნება სახელმწიფოში კიდევ უფრო სიმშვიდე, ან პირიქით ისევ მოიმართება „ნაღმი", რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ ამოქმედდეს."-ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

„რეზონანსი": რუსთაველზე პროტესტი უკვე 25-ე დღეა მიმდინარეობს, თუმცა, მათი მთავარი მოთხოვნა მაინც არ სრულდება. გახარიამ „ტვ პირველზე" ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში" თანამდებობიდან არწასვლა იმით ახსნა, რომ მისი წასვლა იქნებოდა მისი პასუხისმგებლობიდან გაქცევა, თქვენ როგორ შეაფასებთ ამას?

არჩილ გამზარდია: გახარიას შეტყობინებების მკაფიო სისტემა აქვს, რაზედაც მანამდეც ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან შეხვედრებზეც ისაუბრა, იგი მაქსიმალურად ცდილობს ერთი მესიჯბოქსით გამოხატოს და საზოგადოებაში ნელნელა გაზარდოს კომპრომისი მის პოზიციებთან, რომ (ასე ვთქვათ) ისეც არ არის საქმე და მას თავისი სიმართლე აქვს. გახარიას ძირითადად ეს აქცენტი ჰქონდა, ამაზე იყო აგებული მთელი მისი ბოლო მედიააქტივობა და ალბათ ამ სტილშიც გაგრძელდება.

რაც შეეხება მისი პასუხისმგებლობის შეგრძნების ფორმას, ეს ცოტა მოგვიანებით მოიფიქრეს, რომ შინაარსობრივად როგორ დაეტვირთათ, მაგრამ პასუხისმგებლობის ფორმა მაშინ ჩაეთვლებოდა თუ, ის გადადგებოდა და პოტენციურად არ იქნებოდა გამოძიებისათვის ხელის შემშლელი.

ასეთი მაღალი თანამდებობის ფარგლებში, თანამდებობის შესაძლო გადამეტებაზე ძიება მიდიოდეს და თეორიული შანსი, რომ ის ამაში არ ჩაერიოს არის ნულის ტოლი, იმიტომ, რომ ასეთი გამოძიებების იმედები საქართველოში ნაკლებია ხოლმე.

„რ" პარლამენტის წინ აქციაზე მოშიმშილეებმა ექიმების რჩევით პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტეს, როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაჭრა პროტესტის ამ ფორმამ?

ა.გ: შიმშილობა პროტესტის უკიდურესი ზომაა და შესაბამისად ამისათვის ყველა უნდა იყოს მზად, რომ ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვეს, ამ შემთხვევაში ამისათვის მზად არავინ არ იყო, მოშიმშილეებიც და ბუნებრივია ხელისუფლებაც.

ხელისუფლებას გარკვეულწილად აქვს რაღაცა თავის სათქმელი, რომ ის ნაწილობრივ კომპრომისზე წავიდა - გადააყენა რა პარლამენტის თავმჯდომარე და გამოთქვა სარჩევნო სისტემის ცვლის დაპირება 2020 წლისთვის.

რაც ხელისუფლებამ დეზორიენტირება პროტესტის პირველ ორ დღეს განიცადა, ამის შემდგომ უკვე საზოგადოებასთან ურთიერთობის მწყობრი პროპაგანდისტული სისტემა შექმნა.

რადგანაც მოვლენებში მეტი ნეგატივი აღარ იყო, ანუ „პროტესტის კვება" არ ხდებოდა, შესაბამისად ამ განცხადების და მოთხოვნის დაკმაყოფილების ეფექტი ბუნებრივია შემცირდა და ბუნებრივია ისიც, რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

რაღაც მომეტში იმასაც კი ვფიქრობდი, რომ გახარია როგორც პესრონა იმდენად არ ღირს, რომ ახალგაზრდებმა ამის გამო იშიმშილონ და ამით მის პიროვნებას ნამეტანი დიდი ფასი დავადოთ.

ალბათ მოშიმშილე ახალგაზრდებმა რაღაც ფაქტორებიც გაითვალისწინეს და მიხვდნენ, რომ საკუთარ ჯანმრთელობის შელახვით უფრო ნაკლებს შეძლებდნენ და სჯობია, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელად და პროტესტის კიდევ რაღაც დამატებით ხერხებზეც იფიქრონ, რომ როგორ უნდა იყოს უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული.

„რ": „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ნიკა მელიას მოწოდება 20 ივნისის ღამის საპროტესტო აქციაზე იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და არასწორი საქციელი ლიდერის მხრიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ამით მიეცა საბაბი, ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში დაედანაშაულებინა. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?

ა.გ.: „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" ფუნქციონირებას სხვადასხვანაირად ახდენენ და ვერ ვიტყვი, რომ ამით მათ შორის ბზარი გაჩნდა, ევროპული საქართველო ცდილობს მთავარ სტრატეგიად გამოხატოს სამართლებრივი ცვლილებები მიდგომები და არა რევოლუციური სცენარები, რაზეც ისინი მუდმივად საუბრობენ.

რაღაც მომენტში პროტესტი საზღვრებს ცოტა უფრო აერთიანებს ხოლმე, მაგრამ სხვადასხვა სტილი აქვთ მათ. როგორც კი მოვლენები დამშვიდდა ეს საზღვრები პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჩაკეტეს, რაც მანამდე ერთობლივი პროტესტის გამო გახსნილი იყო,ეს ბუნებრივი პროცესია სანამ მოვლენები რაიმე კუთხით არ შეიცვლება.

„რ": როგორ ფიქრობთ, რეალურად მოვლენები დამშვიდდა?

ა.გ: ამ ეტაპზე მიმდინარე მოვლენები ბევრად დამშვიდებულია, პროტესტის საზომი მაშინაა, როდესაც მთელ ამ პროცესში ხელისუფლება ვეღარ ახდენს საკუთარი თავის განსაზღვრას და ახლა როგორც ხედავთ ხელისუფლება საკმაოდ მშვიდადაა, პროტესტის ეფექტი რამდენადმე მიღწეულია, შესაბამისად ახლა საიმისოდ ახალი მოვლენები უნდა განვითარდეს, რომ პროტესტი ისევ გაძლიერდეს.

დარგობრივი სპეციალისტები ბოლო ორი წელი მუდმივად ვამბობდით, რომ საზოგადოება და სახელმწიფო იყო „მომართული ნაღმის" პირობებში, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლებოდა აფეთქებულიყო და ერთერთი „აფეთქება" იყო სწორედ 20-21 ივნისის მოვლენები.

ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული რა დასკვნებს გამოიტანს, ამის მიხედვით იქნება სახელმწიფოში კიდევ უფრო სიმშვიდე, ან პირიქით, ისევ მოიმართება „ნაღმი", რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ ამოქმედდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×