ტურისტულად აქტიურ რეგიონებში, ელექტროენერგიის მოხმარება, არანორმალურად იზრდება. ასეთია სემეკის თავმჯდომარის შეფასება, აჭარაში სამჯერ გაზრდილ მოხმარებასა და ბაკურიანში ზრდის ტენდენციაზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ პრობლემაა, როცა მოხმარება იზრდება და ეს არ ხდება მრეწველობის განვითარების გამო. ასეთ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.
საქართველოს ენერგეტიკის და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარება არანორმალურადაა გაზრდილი.
მისი თქმით, 2016 წელთან შედარებით 2017 და 2018 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა სამჯერ მოიმატა და ამ გამოწვევას პასუხი სჭირდება.
ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, როგორც გენერაციის ახალი ობიექტების აშენება, ასევე, საჭიროა, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ყურადღების გამახვილება.
„ჩვენ ყურადღების მიღმა გვრჩება გენერაცია. არადა, იქ მშენებლობაშიც არის გარკვეული პრობლემები. ინფრასტრუქტურაში ვგულისხმობ გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებს. მნიშვნელოვანი პროექტები გადავადდა, უმეტესად სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო“, - განაცხადა მილორავამ და ერთ-ერთ კრიტიკულ ქალაქად, სადაც ელექტროენერგიის მოხმარება ძალიანაა გაზრდილი, ბათუმი დაასახელა.
„ბათუმი არის ერთ-ერთი კრიტიკული კვანძი ჩვენთვის, ამას ვიხილავთ უკვე ერთი წელია. ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარება არანორმალურადაა გაზრდილი, რომელსაც სჭირდება ძალიან სწორი პასუხების გაცემა - დამატებითი სიმძლავრის შეტანა, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს პროექტები განხორციელდეს“, - განაცხადა მილორავამ.
რა ფაქტორებმა განაპირობა აჭარაში ელექტროენერგიის მომხარების განსაკუთრებული ზრდა და კიდევ რომელ რეგიონებშია მოხმარების მაჩვენებელი თვალში საცემად მომატებული - მ კითხვებით `ბინზეს-რეზონანსმა~ სემეკს მიმართა.
`აჭარის რეგიონში, კერძოდ ბათუმის კვანძში ელექტროენერგიის პიკური დატვირთვა 2012-2017 წლებში მუდმივად იზრდებოდა საშუალოდ 15%-ით, მაგრამ 2017 წელს 2016 წელთან შედარებით პიკური მოხმარება გაიზარდა დაახლოებით 25%-ით. ეს განპირობებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარებით (სასტუმროები, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები და ა.შ). სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით უახლოეს პერიოდში მისაერთებელი ობიექტების მიერ მოთხოვნილი სიმძლავრე შეადგენს დაახლოებით 300 მგვტ-ს. აჭარის რეგიონის ელექტროენერგიით საიმედო მომარაგებისათვის და ობიექტების ქსელზე მიერთების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის რეაბილიტაცია, რომელზეც სამუშაოები მიმდინარეობს.
რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდისა და საიმედო მომარაგების საკითხებთან დაკავშირებით სემეკმა დღემდე არაერთი შეხვედრა გამართა. კომისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აჭარის რეგიონში, სადაც შეხვდნენ აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მათთან ერთად იმსჯელეს ელექტროენერგიით საიმედო მომარაგების საკითხებზე, ასევე ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე.
მოხმარების სწრაფი ზრდა შეინიშნება სხვა რეგიონებშიც. კერძოდ, ბაკურიანის მიმართულებით, რომელიც ასევე უკავშირდება ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობას, ხოლო ვაზიანი-სართიჭალა-ლილოს კვანძზე მოხმარების ზრდა განპირობებულია სამრეწველო დატვირთვით~, - განუცხადეს `ბიზნეს-რეზონანსს~ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიასი.
სპეციალისტები ამბობენ, რომ სერიოზული პრობლემაა, როცა მოხმარება იზრდება და ეს არ ხდება ქვეყნაში წარმოების განვითარების ხარჯზე. ენერგეტიკოს გია არაბიძის თქმით, საქართველოს სულ რაღაც ერთ თვეში, ენერგეტიკული ზამთარი დაუდგება.
`პრობლემაა, როცა ელექტროენერგიის მოხმარება ისე იზრდება, რომ პარალელურად არ ვითარდება ეკონომიკა. აქ მე ვგულისხმობ მრეწველობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი სამთან არის ფარდობა ამ შემთხვევაში. ჩენთან მრეწველობა არ ვითარდება, ამიტომ მხოლოდ ტურისტულ სეზონს და ბიტკოინების წარმოებას შეგვიძლია დავუკავშიროთ ზრდა.
ჩვენი პრობლემა მდგომარეობს ზამთარში. როცა ჩვენ ვამბობთ სიტყვა ზამთარს, ვგულისხმობთ სეზონს, მაგრამ ახლა უკვე კარს მოგვადგა ენერგეტიკული ზამთარი, როცა იძულებული ვართ ელექტროენერგია შემოვიტანოთ გარედან. ეს ხდება აგვისტოს შუა რიცხვებიდან. ახლა პიკი გვაქვს გამომუშავების, მაგრამ სულ რაღაც ერთ თვეში იმპორტის გარდა ალტერნატივა არ გვექნება.
სიტუაცია უფრო დამძიმდება, როცა ენგურჰესი გაჩერდება სარემონტოდ და მთელი ენერგორესუსრსის ყიდვა მოგვიწევს, როგორც საქართველოს ამჟამინდელი კონტროლირებადი ტერიტორიის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის მოსამარაგებლადაც~, - აცხადებს `ბიზნეს-რეზონანსთან~ გია არაბიძე.
ბოლო ინფორმაციით, დენის მოხმარება ყოველ წელს დაახლოებით 5%-ით იზრდება. მათ შორის ძალიან დიდია ციფრული ვალუტის გამომუშავებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის წილი, რომელიც საერთო ზრდაში დაახლოებით 3%-ს შეადგენს. როგორც ენერგეტიკოსები ამბობენ, ასეთ ფონზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა თანდათან გარდაუვალი აუცილებლობა ხდება და ამ ფაქტის წინაშე ქვეყანა უკვე 2020 წლის ბოლოს დადგება.