"ფასების ზრდის მიმართულებით მკვეთრ ცვლილებას უნდა ველოდოთ"
მარი ჩიტაია
15.07.2019

 ლარის გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკას ძალიან აზარალებს. განსაკუთრებით მოსახლეობას და მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა იმპორტს უკავშირდება. პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა, რომ წლის ბოლომდე ლარის კურსი 2,70-იან ნიშნულმდე დავიდეს, რაზეც ქვეყნის ბიუჯეტს აქვს სწორება. სხვა შემთხვევაში, როგორც ეკონომისტები განმარტავენ, რამდენიმე პუნქტით გამყარება რეალურად ვერაფერს შეცვლის და ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება უფრო მეტად მოიმატებს, რაც ფასების მასშტაბურ ზრდას და გადასახადების გაძვირებას გამოიწვევს.

ამ ეტაპზე ლარის კურსი 2,85-ის ფარგლებშია. სულ ცოტა ხნის წინ თითქმის 2,95-იან ნიშნულს აღწევდა. ყოველი გაუფასურების მერე კურსი მაღლა-მაღლა მიცოცავს და მისი გამყარების ყველა მცდელობა ეკონომიკისთვის მოგონილი სტაბილურობაა, რაც ქვეყანას მოსალოდნელი რისკისგან ვერ დაიცავს.

რისკი კი, როგორც ეკონომისტი რამაზ გერლიანი აღნიშნავს, საკმაოდ მრავალმხრივია. შექმნილი სიტუაციით განსაკუთრებით დაზარალდებიან იმპორტიორები და ეს ზარალი ირიბად გადანაწილდება საწარმოო სუბიექტებზე, რომლებიც შემოტანილ ნედლეულს იყენებენ. 

"ლარის გაუფასურება აზარალებს მოსახლეობას და იმ ეკონომიკურ სუბიექტებს, რომლებსაც იმპორტთან დაკავშირებით აქვთ კავშირები, განსაკუთრებით მათ, რომლებიც სავაჭრო ურთიერთოება აქვთ უცხოურ კომპანიებთან. ვისაც ვალდებულებები დოლარში აქვს აღებული, ყველაზე მეტ პრობლემას აწყდებიან ლარის გაუფასურების გამო. 

ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ კურსი კატასტროფულად დაეცა, რაღაც პერიოდში თითქოს გამყარდა, მაგრამ ისევ გაუფასურებსიკენ განაგრძო სვლა. ამას გარკვეულწილად ხელს უწყობს ქვეყანაში შექმნილი ვითარება. შესაძლოა, დროდადრო რაღაც გამყარება მოხდეს, მაგრამ სტაბილურობის შენარჩუნება კურსთან დაკავშირებით არადამაჯერებლად ჩანს. საბოლოოდ ალბათ, 3,0-იანი ნიშნულთან გაჩერდება. ბიუჯეტში კი გაცვლითი კურსი 2,70-ია, რაც ეკონომიკაში სერიოზულ პრობლემას შექმნის", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" გერლიანი და დასძენს, რომ კომუნალური გადასახადების გაძვირებაზე ჯერ არ არის საუბარი, მაგრამ გადაიხედება ყველაფერი, რაც იმპორტის ხაზით შემოდის ქვეყანაში. 

"ფასების ზრდის მიმართულებით მკვეთრ ცვლილებას უნდა ველოდოთ. გადასახდელების ნაწილშიც მატება სავარაუდოა. ვალდებულებები ისედაც გაზრდილია, განსაკუთრებით იმ სუბიექტებისთვის, რომელთაც უცხოურ ვალუტაში აქვთ თანხა ნასესხები. სერიოზულად დაზარალდებიან იმპორტიორები და ეს ზარალი ირიბად გადანაწილდება საწარმოო სუბიექტებზე, რომლებიც იმპორტულ ნედლეულს იყენებენ. 

კურსი ზეგავლენას ახდენს იმ ტიპის საქონელსა და მომსახურებაზე, რომელსაც ქვეყანა უცხოეთიდან იღებს. საუბარია ევროზაონასა და სხვა ისეთ ქვეყნებზე, სადაც დოლარიზაციის კოეფიციენტი მაღალია. 

თუკი გამოსავალზე ვსაუბრებთ, ცხადია, შანსი არის ყველაფრის, მათ შორის, რომ კურსი 2,70--2,75-ზე ჩამოიყვანონ, რა ნიშნულზეც დაგეგმილია 2019 წლის ბიუჯეტი, მაგრამ ეს შანსი ეროვნულმა ბანკმა და ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელმა მთავრობამ სწორად უნდა გამოიყენოს. ფაქტია, რომ სებ-ი თავის ინსტრუმენტებს შესაბამისად არ იყენებს, რადგან დოლარიზაცია აშინებთ, მაგრამ ამ პროცესს ისე არაფერი უწყობს ხელს, როგორც ლარის იმიჯის შერყევა და ახლა სწორედ ეს პროცესია. 

სარეზერვო ნორმა, რომელიც დოლართან მიმართებაში სებ-მა დააწესა, გაცილებით მაღალია რაც დისბალანსს დოლარსა და ლარს შორის აღრმავებს. ეროვნული ბანკი, ძირითადად, აუქციონებზე დოლარის შესყიდვით არის დაკავებული, რაც რყევას იწვევს და შემდეგ ფულად ბაზრებზე არასტაბილურობას განაპირობებს", - ამბობს გერლიანი. 

ეკონომიკაში ყველაზე მეტ საფრთხედ სპეციალისტების ნაწილი ინფლაცის ზრდას მიიჩენვს. როგორც ფინანსისტმა ოთარ ანგურიძემ `ბიზნეს-რეზონანსს~ განუცხადა, გადასახადების გაზრდის აუცილებლობა შეიძლება არ შეიქმნას, თუმცა ფასების მატება გარდაუვალია, რაც საბოლოოდ ინფლაციაზე აისახება.

"ამ ეტაპზე გადასახადების გაზრდის აუცილებლობას ვერ ვხედავ. წლის ბოლომდე მაინც ეს საფრთხე არ გვემუქრება. ისედაც მაღალი გადასახადებია და არ ვფიქრობ, რომ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პერიოდში სახელმწიფომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტს, ბუნებრივია, რომ კურსის ცვლილება სავაჭრო ურთიერთობებში ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს. 

ერთი მხრივ, როცა მოკლევადიან გაუფასურებაზე ვსაუბრობთ, ეს აზარალებს იმპორტიორებს, მაგრამ ექსპორტისთვის სარგებლის მომტანია, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს მეტ-ნაკლებად აბალანსებს, თუმცა დიდია რისკი, რომ სამომხმარებლო საქონელზე ფასის ზრდა გამოიწვიოს, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში სისტემატურად აქვს ადგილი. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, როცა ლარის გაუფასურების გავლენაზე ვსაუბრობთ. ამიტომ ეროვნული ბანკი უფრო მეტად ჩაერთოს ამ პროცესში და ინტერვენციები სწორად და ეფექტურად გამოიყენოს. 

ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ლარის გაუფასურებამ მკვეთრი გავლენა ჰპოვოს ინფლაციაზე. გრძელვადიან პერიოდში, თუკი ეს პროცესი გაგრძელდება და ქვეყანა ვერ მოახდენს ბაზრების დივერსიფიცირებას, მაღალ ინფლაციას მივიღებთ, რაც დიდი პრობლემას შექმნის მოსახლეობისთვის და ცხადია, ეკონომიკაშიც რყევას გამოიწვევს", - ამბობს ანგურიძე და დასძენს, რომ მიმდინარე პერიოდში კურსის გაუფასურება დიდწილად მოლოდინით არის გამოწვეული. 

"ლარის გაუფასურება დიდად არ არის დამოკიდებულებული ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ამ შემთხვევაში უფრო მოლოდინის ფაქტორია რამდენიმე სხვა მიზეზთან ერთად. მაგალითად, როდესაც პირველივე ეტაპზევე შეიქმნა ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში, ლარმა მყისიერად დაიწყო გაუფასურება. ხოლო რუსეთის დუმაში საქართველოსთან დაკავშირებულის სანქციების განხილვის პარალელურად კურსი დოლართან მიმართებაში 2,95 ნიშნულს მიუახლოვდა. როგორც კი რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სანქციებს არ მოაწერდა ხელს, კურსი დაახლოებით 6 პუნქტით გამყარდა. ამით მცირედი სტაბილურობა იგრძნო ეკონომიკამ და ლარმაც დროებითი ნიშნული დაიჭირა, რაც არის 2,84-2,85-ის ფარგლებში. ჩემი აზრით, 

ტურსიტული ემბარგო თუკი მოიხსნება, სავარაუდოდ, ლარი დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რაც ემბარგოს დაწესებამდე იყო, სხვა მაპროვოცირებელ ფაქტორს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ფინანსისტი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×