საქართველო იქცა სამოდელო ქვეყნად, რომელმაც მოკლე ვადაში საუკეთესო შედეგი აჩვენა
მარი ჩიტაია
15.07.2019

 აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში საქართველომ წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა. მავნებელი მთლიანად კონტროლის ქვეშ მოექცა და მისი რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი სახელმწიფო პროგრამით დადგენილი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, საყანე ფართობები კი ცივი შესხურებით მუშავდება, ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ფერომონების განთავსება. დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მობილიზებულია და მუშაობს სპეციალიზებული ტექნიკა.

გარემოს დაცისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხენიშვილი იმედოვნებს, რომ ფაროსანასთან ბრძოლის აგროტექნიკური ღონისძიებების შედეგად წელს თხილის მოსავალი გაორმაგდება და ხარისხიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რაც ადეკვატურ გავლენას ექსპორტზეც მოახდენს. 

"2019 წლის ფაროსანას საწინააღმდეგო პროგრამა წარმატებით ხორციელდება. სტრატეგიის შესაბამისად, დაწყებულია ყველა ძირითადი ღონისძიებები როგორც მოსახლეობის ინფორმირების, ისე წამლობასთან დაკავშირებული კომპონენტები. შედეგი გვაქვს ძალიან კარგი და დამაიმედებელი, ფაროსანა მთლიანად კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა წინა წელს გატარებულ სამუშაოებს, რის შედეგად წელს ნაკლები ფაროსანა გამოვიდა. ადრეულ გაზაფხულზე მავნებელს `მოიზიდე და გაანადგურეს~ მეთოდით დავუწყეთ ბრძოლა, შესაბამისად, არ მივეცით გამრავლების საშუალება. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ უკვე დაიჯერა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სწორი და მართებული იყო", - აღნიშნა ხანიშვილმა.

მისი თქმით, აზიური ფაროსანაზე გაცილებით მეტი პრობლემა იყო სოკოვანი და სხვა ტიპის დაავადებები, ამიტომ მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო თხილის მოვლის სამუშაოებში, რასაც ხელი შეუწყო თხილის მოვლის პროგრამამ, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის მწარმოებელთა კავშირთან ერთად განახორციელა. 

"ორგანიზებული შრომის შედეგად მივაღწიეთ, რომ წელს სერიოზულ მოსავალს ველოდებით, სულ მინიმუმ, გაორმაგდება გასული წლის შედეგი როგორც წარმოების, ისე ექსპორტის თვალსაზრისით. 2018 წელს აგრონომიული ღონისძიებების ჩაუტარებლობის გამო გაცილებით დაბალი იყო თხილის მოსავლის რაოდენობა და ხარისხი, წელს ორივე პარამეტრი გაუმჯობესდება. თხილის გარდა, ეს ეხება სხვა კულტურებსაც, აზიური ფაროსანას მავნებლობის რისკი მინიმუმამდე შემცირდება. 

მნიშვნელოვანი წარმატება გვქონდა გასულ წელს სიმინდის ფართობებთან დაკავშირებით, წელს აქაც გაუმჯობესებაა. დამუშავდა ჯაგნარები სხვადასხვა პერიმეტრზე, მუშავდება ტყის პირები და შექმნილია ყველა წინაპირობა, რომ არა მარტო დავიცვათ წლევანდელი მოსავალი, არამედ შევქმნათ ბევრად კარგი პირობები 2020 წლის სეზონისთვისაც", - აღნიშნავს ხანიშვილი.

მასშტაბური ღონისძიებების მიუხედავად, როგორც გელა ხანიშვილი ამბობს, ფაროსანას აბსოლუტურ დამარცხებაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა რისკი თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი. თუკი ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი შარშან 7-8%-ის ფარგლებში მერყეობდა, წელს კიდევ უფრო შემცირდება, რაც საიმედო მაჩვენებელია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის ინფორმაციით, ღონისძიებების კოორდინირებულად ჩატარების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, შექმნილია მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების მართვის ცენტრი აბაშის მუნიციპალიტეტში, საიდანაც ხდება ამ ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით.

"ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ამ მომენტში მუშავდება სიმინდის მასივების გარე პერიმეტრები, ის მცენარეები, რომლებიც მავნებლის რეზერვაციას წარმოადგენენ. ხდება ასევე არაყვავილოვანი მცენარეების დამუშავება, რაშიც მეფუტკრეებიც აქტიურად არიან ჩართული. მინიმუმადეა რისკი, რომ ფუტკარს რაიმე ზიანი არ მიადგეს.  კოორდინაციით ტარდება ეს ღონისძიებები და ასევე "მოიზიდე და გაანადგურეს" ფარგლებში სოფლების გარეპერიმეტრზე მოეწყო სპეციალური ფერომენები, რაც იზიდავს მავნებელს და შემდეგ ხდება წერტილოვანი დამუშავება ისეთი პრეპარატებით, რომელთაც აქვთ ხანგძლივი დაცვითი მოქმედება. 

მეორე მეთოდი, რასაც ვიყენებთ შესხურებისას, ეს არის თერმული ტექნოლოგია, რომელსაც დასახლებულ პუნქტებში და მათ ახლო პერიმეტრზე ვიყენებთ. ამას არ აქვს ნარჩენი ეფექტი და ერთჯერადად გამანადგურებლად მოქმედებს მავნებელზე. რიცხოვნობა მკვეთრად შემცირებულია გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით. ეს იმ ღონისძიებების შედეგია, რასაც სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში ატარებს", - აღნიშნავს მესხი. 

რა ღონისძიებებიც არ უნდა გატარდეს, მას არ ექნება შედეგი, თუკი ფერმერები საკუთარი მოსავლის გადარჩენაზე თავად არ იზრუნებენ და არ დაიწყებენ ბრძოლას მავნებელთან წინააღმდეგ, რაშიც სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვთ.

ფერმერთა მხრიდან კარგი მაგალითი საკამოდ ბევრია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კახათში მცხოვრები თორნიკე ბესელია ამბობს, რომ მიღწეული შედეგით კმაყოფილია, რისთვისაც ყველაფერი გააკეთა.

"სახლისა და თხილის პლანტაციის მიმდებარე ტერიტორია უკვე რამდენიმეჯერ შევწამლე. ფაროსანასთან ერთად, თხილი სოკოს საწინააღმდეგო წამლებიც გამოვიყენე. ყველაფერს სახელმწიფოს ვერ მოვთხოვთ, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ, რომ შემოსავალი მივიღოთ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ჩვენს მოსავალს ეხება. წინა წლებში ამის გამოცდილება არ იყო, ახლა მეტი ინფორმაცია დაგროვდა. თხილის გარდა, ხეხილი და ციტრუსიც შევწამლე, სახელმწიფოს ჯგუფებმა კი სოფლის გარე პერიმეტრები, გზები დაამუშავეს. ერთობლივად მეტი შედეგის მირწევას შევძლებთ", - ამბობს ფერმერი.

"არ არის ის დრო, რომ სახლებში დავსხდეთ და გულხელ-დაკლრეფილები ველდოთ, როდის შეგვიწამლავენ თხილსა და სიმინდს, ამისტვის თვითანაც უნდა ვიზრუნოთ. ჩვენს კარ-მიდამოს, მეურნეობას კი ჩვენვე უნდა მივხედოთ, მით უმეტეს, რომ მთავრობის მხრიდან ასეთი მხარდაჭერაა. სოფელი თუ დაეცა და გლეხი გაღარიბდა, ქვეყანას ვერაფერი უშველის, ახლა ის პერიოდია, რომ მოსავალი უნდა გადავარჩინოთ და უკეთესად ვიცხოვროთ", - ამბობს სენაკელი გენო ხარჩილავა.

ცალკე მსჯელობის საგანია გამოცდილება, რაც ქვეყანას ფაროსანასთან ბრძოლაში დააგროვა. საქართველომ შეძლო და შექმნა საკუთარი მეთოდი, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სქემა და იმ მოწინავე ქვეყნების რიგშია, რომლებმაც განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. ფაქტობრივად, საქართველო იქცა სამოდელო ქვეყნად, რომელმაც მოკლე ვადაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×