სააგენტო Sputnik-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ორი მილიციელი დაჭრეს.
ე.წ. შს მინისტრის მოადგილე ტარზან კოკოითი ამბობს, რომ სროლა ცხინვალის რაიონ სოფელ ზალდაში მოხდა.
„ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია საშიში დამნაშავის, ანდრეი კაბისოვის ადგილსამყოფელის შესახებ. სამართალდამცველები ზალდაში წავიდნენ, სადაც იპოვეს კაბისოვი და ვინმე გაბარაევი. პოლიციელებს და კრიმინალებს შორის სროლა მოხდა, რის შედეგადაც ჩვენი ორი თანამშრომელი დაიჭრა", - ჰყვება კოკოითი.
ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ოპერატიული სამუშაოები გრძელდება.
ანდრეი კაბისოვი, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით ხალხის გატაცება ედება ბრალად, 2017 წლის ზაფხულში დააკავეს. 2018 წელს ის დროებითი დაკავების იზოლატორიდან გაიქცა.