„გავრილოვის ღამეს“ დაზარალებული თეა მესხიშვილი, რომლისთვის დამიზნებით სროლის ბრალდებითაც გუშინ სპეცრაზმელი დააკავეს, აცხადებს, რომ აუცილებელია იგი დაისაჯოს:
"ავირბინე კიბეები და სპეცრაზმელებს დავუდექი წინ და ვეუბნები, ოჯახები ხომ გყავთ, საკუთარ ხალხს ესე როგორ ექცევით, სირცხვილია-მეთქი. მომიტრიალდა და ხელით მანიშნა, რომ გადიო. იმდენად ვიყავი გაბრაზებული, რატომ გავიდე-მეთქი, რომ არ გავიდე, მესვრი-თქო? და წამებში მოხდა ყველაფერი, გადატენა, მომიბრუნდა და დამიზნებით მესროლა. ჩემმა ქირურგმა მითხრა, რომ ეს არ იყო რეზინის ტყვია, ეს იყო პლასტმასი ჩვეულებრივი, ლეტალური. სასწრაფო ოპერაცია ჩატარდა, 9 ტყვია ამოიღეს ბარძაყიდან", - განაცხადა თეა მესხიშვილმა.
სპეცრაზმელი გუშინ დააკავეს, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას.