ია აბულაშვილი
17.07.2019

 "ოპოზიციის ნაწილს ისეთივე ცუდი ნაბიჯები აქვთ გადაგმული, როგორც ხელისუფლებას და მათი შექმნილი კომისია რამდენად ეფექტური იქნება, როგორ გონიათ?"- ასე ეხმაურება "ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.

"დღეს თუ ვინმეს პოპულისტრობა და აჟიოტაჟის ატეხვა უნდა, ეს მისი საქმეა, მაგრამ ოპოზიციის ნაწილს ისეთივე ცუდი ნაბიჯები აქვთ გადაგმული, როგორც ხელისუფლებას და მათი შექმნილი კომისია, რამდენად ეფექტური იქნება როგორ გგონიათ?

"ამიტომ, ყველანი უნდა დაველოდოთ პროკურატურის გამოძიებას. დარწმუნებლი ვარ, რომ არასრული იქნება, მაგრამ ასეთ საკითხებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და არც არავინ ივიწყებს. ამ მოვლენების გამოძიების აუცილებლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში მაინც დადგება და მომავალი პარლამენტი გამოიძიებს.

"რაც შეეხება ოპოზიციის განაცხადს, შეიძლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი მაჟორიტარების გამო ჩაიშალოს და ეს აწყობს ხელისუფლებასო. მაჟორიტარებს, როგორც ხმა მიაცემინეს მელიას მანდატთან დაკავშირებით, ისე მიაცემინებენ ხმას პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. არ დაუჭერენ მხარს და იმდენი რამე აქვთ გაკეთებული, რომ შეიძლება დაიჭირონ კიდეც.

"მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას კი არა ოპოზიციას, კერძოდ "ნაციონალურ მოძრაობას" არ აწყობს პროპორციულ საარჩევნო სისტემზე გადასვლა, რადგან კონტროლს ვერ დააწესებს მის ბლოკში შემავალ პარტიებზე.

"ამ სისტემით კი ყველა პარტიას ეძლევა საშუალება დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მომავალ პარლამენტში მთელი პოლიტიკური სპექტრი იქნება წარმოდგენილი და ქუჩაში აღარ იქნებიან.

"ხელისუფლების ეს ინიციატივა მართლაც კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და განხილვები ლოპოტაზე კი არ უნდა მიმდინარეობდეს, ტრანსლირება უნდა ხდებოდეს ტელევიზიით; ხალხმა რომ დაინახოს, ვინ არის წინააღმდეგი, ვინ მომხრე, ვის რა არგმუნეტები აქვს და ა.შ."- განაცხადა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×