„აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და არაერთხელ დაგვიდგა გვერდში. როდესაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, სიტუაცია დაიძაბა, ხოლო დავით გარეჯში საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩასვლის შემდეგ, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მან ატომური ბობმი ააფეთქა. მაგრამ აზერბაიჯანელებს პატივი უნდა ეცათ ქართველი ხალხისთვის და არა ხელისუფლებისთვის", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა, პაატა დავითაიამ დავით გარეჯის გარშემო შექმნილი ვითარება.
პაატა დავითაია აცხადებს, რომ დავით გარეჯისა და ზოგადად, სასაზღვრო საკითხი დიდი ხანია პრობლემურია, რადგან ოფიციალური და დადგენილი საზღვრები, ჩვენს მეზობლებს შორის, მხოლოდ და მხოლოდ თურქეთთან გვაქვს, ისიც საბოჭოთა კავშირის მიერ იყო დადგენილი.
„საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოს ვერცერთმა ხელისუფალმა საქართველოს საზღვრების თემა ვერ დაალაგა. რეალურად, დღეს ჩვენ სახელმწიფოს საზღვარი დადგენილი გვაქვს მხოლოდ თურქეთთან, ისიც იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის საზღვარი გადიოდა იქ. ჩვენ დღეს სადავო პრობლემები არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ სომხეთთან და რუსეთთან გვაქვს, რადგან ყველა გვედავება ტერიტორიებს. სახელმწიფო ყოველთვის გვერდში უვლიდა ამას და, ვთქვათ, არცერთ ხელისუფალს არ უნდოდა ამ მიმართულებით რაღაც პრობლემებს შეხებოდა და ყოველთვის „ჩქმალავდა" ამ თემას.
„რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით, გარდა თურქეთისა, ამ პრობლემებმა ერთბაშად იჩინა თავი. პირდაპირ ვთქვათ, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორიაა, ყველანაირი ძეგლი ამას ადასტურებს და კიდევ ბევრი მომენტია ამის დამადასტურებელი ამ მიმართულებით. აზერბაიჯანელი მეცნიერები განიხილავენ თავიანთ ტერიტორიად, რაც გასაგებია. მაგრამ, ცალსახად ყველა ისტორიული ძეგლი ადასტურებს იმას, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა.
„თავის დროზე, ჰეიდარ ალიევმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანს არ შეუძლია სახელმწიფო საზღვრის შეცვლა, თუ არ ჩატარდა რეფერენდუმი - ხალხს უნდა ჰკითხოს ნებისმიერ საზღვრის შესახებ. საქართველომ მაშინ არ მიაქცია ამას ყურადღება და მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ, როგორც მე ვიცი, თავის დროზე მიდიოდა მოლაპარაკება, რომ რაღაც ტერიტორიების დათმობა ყოფილიყო დავით გარეჯის ამ სადაო ტერიტორიებთან დაკავშირებით.
„მაგრამ არ მოხდა, რადგან აზერბაიჯანული მხარე ყოველთვის აყენებდა ამ საკითხს და ამბობდა, რომ მათთვის საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება. საკითხი იჭედებოდა და წინა ხელისუფლების პერიოდში იქნა მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმადაც არავინ ამ საკითხს ღიად არ წამოწევდა და დატოვეს ის სტატუს კვო, რომელიც იმ მომენტში იყო", - აღნიშნავს პოლიტიკოსი.
პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანმა ძალიან ბერვი გაუკეთა საქართველოს, მაგრამ მმართველი გუნდისა და საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის ქმედებებმა გამოიწვია ის დაძაბულობა, რომელსაც დღემდე ვერ აგვარებენ:
„აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ეს სახელმწიფო ჩვენ არართხელ დაგვიდგა გვერდში. პირველ რიგში, ეს დასტურდება ბაქო-ჯეიჰანის საკითხით - ჰეიდარ ალიევმა, ფაქტობრივად, ძალიან დიდი შეღავათი გაუკეთა ქართულ სახელმწიფოს და რაღაც გარკვეული თანხები ეს იყო ძმურად ნაჩუქარი - რაც გვეკუთვნოდა, ის მივიღეთ.
"მეორე ეს არის აგვისტოს ომი - დამერწმუნეთ, დეტალურ ინფორმაციას ვფლობ, რომელსაც გრიფით საიდუმლო აქვს, მაგრამ შემიძლია იმის თქმა, რომ ძმა ძმას არ დაუდგებოდა გვერდში ისე, როგორც აზერბაიჯანი დაგვიდგა 2008 წელს.
„კიდევ ერთ მომენტს გავიხსენებ - როდესაც 2006 წელს ენერგორესურსების პრობლემა გვქონდა საქართველოში - ილჰამ ალიევმა გათიშა დენი აზერბაიჯანში და მოგვცა ჩვენ.
"ამის შემდგომ, როდესაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ენერგორესურსების საკითხში აზერბაიჯანულ კომპანია „სოკარს" შეექმნა პრობლემები და დაიწყო შემოსვლა რუსულმა კომპანიებმა, რის შედეგადაც ძალიან გააღიზიანა აზერბაიჯანი.
„მეორე - დაიწყო აზერბაიჯანული კომპანიების ფინანსური შემოწმებები. მერე ახალციხეში ღიად დაუდგეს ძეგლი აზერბაიჯანის წინააღმდეგ მებრძოლ სეპარატისტს, რომელიც იბრძოდა აფხაზეთშიც და ყარაბაღშიც. თუ ჩვენ ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას - და ჩვენ ამას ვაღიარებთ - მის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანის ძეგლი საქართველოში არ უნდა იდგეს. ამაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის წევრები იღებდნენ, რამაც აზერბაიჯანის კატასტროფული გაღიზიანება გამოიწვია.
„მესამე - საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ჩადის დავით გარეჯში და სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირდაპირ ატომურ ბობმს აფეთქებს იქ. ამან ამოხეთქა მაშინ და აზერბაიჯანი წავიდა გარკვეულ ქმედებებზე, რომელზეც არ უნდა წასულიყო. კი ბატონო, ჩვენი მეზობლები და ძმები არიან, მაგრამ მათ პატივი უნდა ეცათ ქართველი ხალხისთვის და არა ხელისუფლებისთვის. დაიწყო სიტუაციის დაძაბვა, ხომ? ეს სტატუს კვო, რაც იყო-დაიკარგა", - განმარტავს დავითაია.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შექმნილი დაძაბული ურთიერთობით სარგებლობს რუსეთი და მხოლოდ მას აწყობს ის სიტუაცია, რომელიც ამჟამადაა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შექმნილი:
„ვინ სარგებლობს ამ დაძაბულობით? რა თქმა უნდა, რუსეთი, რადგან რუსეთის ენერგოსისტემები ძალიან სერიოზულად შემოდის ამ ტერიტორიაზე. ახლა დგება მეორე საკითხი, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ 2024 წელს „ბრითიშ პეტროლიუმი" გადის საქართველოს ტერიტორიიდან, რადგან მთელი ოპერატორობა ბაქო-ჯეიჰანისა გადაეცემა „სოკარ ჯორჯიას", როგორცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული. 2024, ფაქტობრივად, აზერბაიჯანი ხდება კონტროლიორი, რაც ასეთ დაძაბულ ფონზეა და მეორეც, რუსეთი ამის წინააღმდეგია.
„პირდაპირ ვამბობ, ზურაბიშვილის ასეთი ქმედება პირდაპირ ჯდება რუსეთის ნარატივში. ეს არის მთელი სურათი. დავით გარეჯი მარტო, ცალკე განყენებული არ არის, ეს არის პრობლემა, რომელსაც იყენებენ სხვა დიდი თემებისათვის.
„ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი ხედვა ამ (საკითხის მოგვარების) მიმართულებით, თუ როგორი ტიპის და რა მოლაპარაკებები უნდა იყოს, მაგრამ ვერ ვილაპარაკებ, რადგან ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა და აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის დიალოგის წარმოების თემატიკა. დიალოგი გამოაჩენს შეხების წერტილს. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, რომ გააკეთოს ყველაფერი ამ საკითხის მოსაგვარებლად. მოგვარებადი თემაა.
"თუ აზერბაიჯანელს არ ერიდება და ავტომატით ამოდის, რისი ეშინია საქართველოს ხელისუფლებას? რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიაა, მაგრამ ამ ტერიტორიის დაცვის უნარი არ შესწევნთ", - თქვა პაატა დავითაიამ.
მანვე აღნიშნა, რომ აქტივისტები და სასულიერო პირები, რომლებიც დავით გარეჯის ტეროტორიაზე არიან, თავად ცდილობენ საკითხის მოგვარებას, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობას ხედავენ.
„ჩვენი სასულიერო პირები, რომლებიც ხედავენ, სახელმწიფო მათ არ იცავს, ისინი თავიანთი სიწმინდის დაცვას იწყებენ. მე, როგორც ქრისტიან მართლმადიდებელს, თავიდან ბოლომდე მესმის მათი ქმედების.
"შეიძლება, რომ ზოგ შემთხვევაში ფორმები არ მომწონდეს, მაგრამ როდესაც ისინი ხედავენ, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს, თავად იწყებენ თავიანთ საეკლესიო სიწმინდეზე ზრუნვას. აქ პრობლემა სახელწმიფო აპარატშია, სახელმწიფო არ უნდა მივიდეს იმ დონემდე, რომ ეკლესიის საზრუნავი იყოს ეს", - განაცხადა პაატა დავითაიამ.