„ვისოლ ჯგუფმა“ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ გახსნა. კომპანიისთვის ეს რიგით მეორე სტრატეგიული, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურაა, რითაც ტრანზიტული მარშრუტითა თუ ქვეყნის დასავლეთით მოძრავ მგზავრებს მოგზაურობის სრული კომფორტი შეუქმნა. კომპლექსის საზეიმო გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სხვა ოფიციალური პირები თუ პარტიორი ტრანსნაციონალური ბრენდების უცხოური დელეგაციები დაესწრნენ.
27 068 კვ/მ-ზე განთავსებულ კომპლექსში 200-მდე ადამიანია დასაქმებული. ჯგუფში შემავალი შვილობილი კომპანიების: „ვისოლის“, „სმარტის“, „ვენდის“, „დანკინის“ ობიექტების გარდა, კომპლექსი ავტომომსახურების კუთხეს, ელექტრომობილების დამტენ სადგურს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრ „ლაზიკას“, „ბიბლუსის“ მაღაზიას, „თიბისი ბანკისა" და „ფარმადეპოს“ აფთიაქის ფილიალს მოიცავს. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია" სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც.
„ვისოლ ჯგუფის“ ახლადგახსნილი დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი დაათვალიერებისას პრემიერ-მინისტრმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ტრანზიტული მოძრაობის განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
„ძალიან მნიშვნელოვანია მაგისტრალის გასწვრივ ასეთი თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა, როგორიც ,,ვისოლი ჯგუფმა" შექმნა. ეს ჩვენ დაგვეხმარება, კიდევ უფრო სრულფასოვნად ავითვისოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და მეტად გავზარდოთ ტრანზიტული მოძრაობა. ძალიან მისასალმებელია, რომ აქტიურად ვითარდება ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობებიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აქვე, ქუთაისში იწყება ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან იყოს მსგავსი ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
"ვისოლი ჯგუფის" პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის შეფასებით, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება, რაშიც "ვისოლი ჯგუფს" მოკრძალებული წვლილი შეაქვს.
მისი თქმით, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ტურიზმის ხელშემწყობი მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის.
"ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახლადგაკეთებულ მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ არგვეთასთან „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ გორის ობიექტის შემდგომ „ვისოლ ჯგუფის“ ყველაზე მსხვილი და ამავდროულად უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. საქართველო დღითი დღე უფრო საინტერესო ხდება უცხოელი ტურისტებისათვის და გადამზიდავი კომპანიებისათვის. ასეთი კომპლექსის არსებობა კი, სადაც მულტინაციონალური ბრენდებია წარმოდგენილი და ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მათ მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით გაცილებით უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. დღესდღეობით ტურიზმის ხელშემწყობი მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სტრატეგიულად მნიშველოვანია, შესაბამისად, გვეამაყება, რომ „ვისოლ ჯგუფს“ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
გამორჩეულად მაღალი ხარისხის საწვავის ფართო არჩევანი, ელექტრომობილების დამტენი სადგური, რომელსაც „ვისოლი“კომპანია „ი-სპეისთან“ ერთად ავითარებს, სუპერმარკეტი ქართული თუ საკუთარი იმპორტის პროდუქტების ფართო არჩევანით, კაფე უგემრიელესი კულინარიული, საკონდიტრო ნაწარმითა და პურ-ფუნთუშეულით, ამერიკული რესტორნები ქართულ ნედლეულზე დამზადებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული მენიუთი, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრავი ტურისტებისათვის განკუთვნილი საინფორმაციო კუთხე, მოგზაურობისას წასაკითხი წიგნების არჩევანი, ავტომომსახურება, ბანკი, აფთიაქი – ერთ სივრცეში, ეს არის „ვისოლ ჯგუფის“ „დასვენებისა და მომსახურების“ ახალი კომპლექსის უნიკალური შეთავაზება მგზავრებისათვის.
„ვისოლ ჯგუფმა“ პირველი „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე 2011 წელს შექმნა, ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ კომპლექსი მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა.