„მსგავსი შეხვედრები დღესაც ხდება, თუმცა გაცილებით ორგანიზებული იგეგმება. სექტემბრიდან გარკვეული ჯგუგები რეგიონებში გავლენ და იქნება შეხვედრები მოსახლეობასთან" - აცხადებს „რეზონანსთან" უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „ქართული ოცნების" სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისას.
ბათუმში „ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ივანიშვილმა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ივანიშვილის განცხადებით, სექტემბრიდან მეტად გააქტიურება იგეგმება და „ქართული ოცნებიდან" მაქსიმალური რაოდენობა მოახერხებს რეგიონებში გასვლას საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის.
ნუკრი ქანთარია: ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, ყველა პარტიის სურვილი და მიზანი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად თავი გამოიჩინოს და მიიღოს მაქსიმალური ხმათა რაოდენობა. ბუნებრივია, ეს სურვილი „ქართულ ოცნებასაც" აქვს, მაგრამ პროპორციული არჩევნები ამაზე გადაჭრით საუბარის საფუძველს ვეღარ იძლევა.
მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნებზე გადავდივართ და ბარიერი ნულოვანი იქნება, საბოლოოდ მოსახლეობა გადაწყვეტს ვინ და რამდენი პროცენტით შევა პარლამენტში.
„რეზონანსი": თქვენი პირადი დამოკიდებულება როგორი პროცორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ?
ნ.ქ: ამ ეტაპისათვის ყველაზე სწორი და ლოგიკური სწორედ ეს იყო. პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2024 წლისთვის ვაპირებდით, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საუბარი იყო თითქოს ჩვენ არ გვინდოდა და მრავალპარტიულობის გვეშინოდა, ახლა მოხდა.
ჩვენ ყველანი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდებით ამ საქმეს, თუ ასე არ მოხდება და პარლამენტში შესული ხალხით სიტუაცია საკმაოდ აჭრელდება, შეთანხმება ვერაფერზე მოხდება, გაიწელება კანონების მიღება, მთავრობის დაკომპლექტება და ა.შ. შესაბამისად, ხალხს აღნიშნულთან დაკავშირებით, არცთუ კარგი დამოკიდებულება გაუჩნდება.
ვინც არჩევნებში მონაწილეობას ღებულობს, ამ პროპორციულ სისტემას ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკითხოთ, რომ პარლამენტში მოხდეს ხალხი, ვინც ქვეყნისადმი მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა.
„რ": რუსთაველის გამზირზე უკვე 28-ე დღეა აქცია იმართება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ამ საკითხთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
ნ.ქ: რუსთაველზე ვხედავთ ახალგაზრდების ნაწილს, მაგრამ ამ აქციაზე ვხედავთ მთავარ ძალას, - „ნაციონალურ მოძრაობასა" და ე.წ. „ევროპული საქართველოს." ყოველ საღამოს ესენი ჩნდებიან - ხოლმე იქ და ეს მომენტი, რასაკვრიველია, მოთხოვნებს აკნინებს.
„გადადექი" მოთხოვნა, - ასეთი გაჯიუტებაც აკნინებს. ამ ეტაპისათვის გახარიას გადადგომის მოთხოვნა აბსოლუტურად არარეალურია. მეტი დაფიქრება მართებთ. ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა შესრულდა, შეიძლება ითქვას ეპოქალურიც, პროპორციულ არჩევნებს ვგულისხმობ და გონიერი თანამოაზრეთა ჯგუფი აუცილებად ამით დაკმაყოფილდებოდა და ამას გამოაცხადებდა, როგორც ძალიან დიდ მიღწევად.