ია აბულაშვილი
17.07.2019

 "ბიძინა ივანიშვილის მესიჯბოქსი არის უცვლელი და არც ცდილობს გადახედვას. იმედი აქვს, ვიდრე ეს მესიჯბოქსები მუშაობს, რიტორიკა არ უნდა შეცვალოს.

"ის გამოჩნდა კმაყოფილი და გამარჯვებული, თავისი სიტყვა თქვა, ეს არის ზოგადი შესამოსელი მისი გამოჩენის" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით ივანიშვილის განცხადებებს, და რა ახალი მესიჯები გააჟღერა ამჯერად "ოცნების" ლიდერმა.

არჩილ გამზარდია: ბიძინა ივანიშვილის მესიჯბოქსი უცვლელია და არც ცდილობს გადახედვას. ის გამოჩნდა კმაყოფილი და გამარჯვებული, თავისი სიტყვა თქვა: სახელმწიფო ცხოვრობს კარგად, წინ მივდივართ, ხელისუფლება არის კარგი და მხოლოდ ოპოზიციაში პოულობს პრობლემას. ეს არის მისი მწყობრი შეხედულებები და საკუთარი ხელისუფლების პროპაგანდა.

კარგი იყო ნაწილობრივი კრიტიკა მაინც ყოფილიყო მის განცხადებებში, მაგრამ იმედი აქვს, ვიდრე ეს მესიჯბოქსები მუშაობს, რიტორიკა არ უნდა შეცვალოს.

თუმცა, ერთი საინტერესო მომენტი დავაფიქსირე; ივანიშვილი, ადრე თუ ჩნდებოდა კრიზისის დროს და მისი სიტყვა განმუხტავდა კრიზისს, ახლა ჩნდება, როცა კრიზისი გადაივლის, ანუ საზოგადოებაში მისი გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს.

"რ": ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალ პარლამენტში მისი გუნდი ისევ უმრავლეოსობით მოვა და ისიც განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრმლებს, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა", ეს როგორ იკითხება პოლიტტექნოლოგიის ენაზე?

ა.გ: განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ოცნება" მომავალ პარლამენტში ისევ უმრავლესობით მოვა, არის წინასაარჩევნო და თავის ამომრჩეველზე ორიენტირებული რიტორიკა, ხელოვნური იმედების შექმნა საზოგადოებაში.

რაც შეეხება იმას, რომ არ ითანმაშრომლებს "ნაციონალურ მოძრაობასთან", ცოტა სასაცილოა, რადგან როგორ შეიძლება არ თანამშრომლობდე, როცა ყველა მანკიერება აიღო, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის მმართველობის სისტემაში იყო.

ეს იყო მესიჯი, რომ კოჰაბიტაცია დასრულდა, გათვლილი "ოცნების" ძველ ამომრჩეველზე და აქტივისტებზე, რომლებსაც ასეთი განცხადებები მოსწონს და ელოდება.

"რ": მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით თქვა, რომ მიესალმება ახალგაზრდა ბიზნესმენების გამოჩენას პოლიტიკაში. ანუ, მათ შორის უთანხმოება ამოწურულია?

ა.გ: პირველი განცხადებები არის ყოველთვის შეფარული. ალბათ, გახსოვთ სააკაშვილის თავშეკავებული განცხადება, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოდიოდა. ეს დიპლომატიისა და ეტიკეტის ანბანია. ივანიშვილმა თქვა, მე ვარ თავდაჯერებული, რა პრობლემაა ჩემთვის კონკურენტის შემოსვლა პოლიტიკაშიო.

"რ": საათები რჩება სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებამდე, რომელიც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

ა.გ: მოლოდინი მიჭირს, მე უფრო ვაცნობიერებ იმას, რომ მედიაგარემო, რომელიც დღეს გვაქვს, აქ მნიშვნელოვანია "რუსთავი 2-ის" როლი, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ევროსასამართლო გააცნობიერებს რა მედიაგარემოც არის დღეს საქართველოში და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას კვლავ შეაჩერებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×