საქართველოში შაქარი მიზანმიმართულად ძვირდება. ყველა პირობაა იმისთვის, რომ პროდუქტი გაიაფდეს, მაგრამ საცალო ქსელებში ის კვლავ მაღალი მოგებით იყიდება. დღეს დახლებზე 1,60 ლარზე იაფად 1 კგ შაქარს ვერსად ნახავთ, როცა მსოფლიო ბაზარზე მისი თვითღირებულება 83 თეთრს არ აჭარბებს. ლარის გაუფასურების მოტივით იმპორტიორები ფასს შეგნებულად ზრდიან, ამ დროს საერთაშორისო ბირჟებზე თეთრი შაქრის ღირებულება 12-წლიან მინიმუმზეა.
ამჟამად გლობალურ ბაზრებზე 2007 წლის შემდეგ შაქრის ყველაზე დაბალი ფასი ფიქსირდება. მიმდინარე ეტაპზე 1 ტონა შაქარი 295 დოლარი ღირს. ასეთი დაბალი ფასი 12 წელია აღარ ყოფილა. 1 თვის წინ ეს მაჩვენებელი 335 დოლარი იყო და მას შემდეგ გამუდმებით იაფდება. საქართველოში კი შაქარი სავაჭრო ობიექტებში 1,60-1,70 ლარად იყიდება. ამ დროს საერთაშორისო ბაზარზე მისი თვითღირებულება 83 თეთრია. ცხადია, რომ ლარის კურსი ამხელა ცვლილებას ვერ მოიტანდა. 1 ტონა პროდუქტში ბოლოდროინდელი გაუფასურების (2.73-დან 2.86-მდე) წილი 3-5 თეთრია იმის ნაცვლად, რომ პროდუქტი გაიაფდეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად ძვირდება.
იმპორტიორებისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი მიზეზი, რის გამოც პროდუქტის გაიაფება უჭირთ ხოლმე, სავალუტო კურსია. ამ ეტაპზეც სხვა მიზეზი არ სახელდება.
სწორედ შაქრის საფასო პოლიტიკა გახდა მიზეზი, რის გამოც საქართველოში ერთადერთმა მწარმოებელმა, აგარის ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება "რეზონანსმა" ვერ შეძლო, თუმცა პრობლემა კარგად ნაცნობია გაერთიანებული პროფკავშირებისთვის, რომელიც იქ დასაქმებულთა უფლებების დამცველ ორგანზიაცაის წარმოადგენს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ პრობლემა ვერ მოგვარდა და ჯერჯერობით საწარმოო ფუნქციის აღდგენა შეუძლებელია. ქარხანამ მუშაობა 2018 წლის ნოემბრის ბოლოს შეწყვიტა.
,,დამსაქმებელი ამბობს, რომ "აგარის შაქარი” კონკურენციას ვერ უწევს უფრო დაბალ ფასად შემოტანილ, პოლონურ, გერმანულ თუ უკრაინულ პროდუქტს და გადაწყდა, რომ ქარხანა დაეკონსერვებინათ. ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები, თუ რა შეიძლება შესთავაზონ უმუშევრად დარჩენილ ხალხს. გამოსავალი ჯერ ვერ გამოინახა. ქარხანამ მუშაობა დემპინგის გამო შეაჩერა.
მესმის, რომ გლობალურ ბაზრებზე ფასის კლების ტენდენციაა, მაგრამ ეს ფაქტორი არ არის საკმარისი, რომ "აგარის შაქარმა" მუშაობა გააგრძელოს. ჩვენ ხელშეკრულებაში ასევე მოვახერხეთ იმის ჩაწერა, რომ ქარხანა პროფილს არ შეიცვლის და იმის შემდეგ, რაც ლერწმის ფასი კვლავ დარეგულირდება, ქარხანა, სავარაუდოდ, გააგრძელებს მუშაობას", – ამბობს პეტრიაშვილი.
იმპორტიორების ინფორმაციით, გაიაიფებას, კურსთან ერთად, ლოჯისტიკის მაღალი ხარჯი უშლის ხელს. შაქრის იმპორტიორი ვოვა ჭიღლაძე ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე არის რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც ბიზნესი უცხოურ ტენდენციას ადეკვატურად ვერ მიჰყვება.
"ვხედავთ, რომ საფასო დინამიკა ბოლო პერიოდის განმავლობაში ტრენდს არ ცვლის და ბირჟებზე საკმაოდ დაბალი ფასი ფიქსირდება. როგორც წესი, უცხოური ბაზრის პროცესს ადგილობრივ ბაზარზეც ადექკვატურად ვპასუხობთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა ხშირად არ არის. ასეთი ბოლო დროს ლარის კურსია, რის გამოც ხშირად ბაზარზე გაიაფების ტენდენცია ფერხდება. კურსი მეტ კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა, ასევე მაღალია ტრანსპორტირების ხარჯიც. ალბათ, უფრო ხანგძლივი ტენდენციაა საჭირო, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს და შაქრის გაიაფება რეალურად გახდეს შესაძლებელი", - აცხადებს ვოვა ჭიღლაძე.
მსხვილ საცალო ქსელებში შაქრის ფასთან დაკავშირებით საუბრისგან თავს იკავებენ, ხოლო შედარებით წვრილ მაღაზიებში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ იმპორტიორებს პროდუქტი 1,50 თეთრზე ნაკლებად არ შემოაქვთ და ფასის შემცირება რეალურად არ შეუძლიათ.
დიდუბეში მდებარე სუპერმარკეტის მფლობელი დარეჯან გრძელიძე ფიქრობს, რომ შაქრის ფასი ამ ეტაპზე სეზონმაც განაპირობა.
"შესასყიდი შაქრის ღირებულება გაგვიძვირდა. 1 კგ პროდუქტს, საშუალოდ, 1,45-1,50 ლარად ვიღებთ. ჩვენ 10-15 თეთრს ვამატებთ. მიუხედავად ამისა, ამ სეზონზე შაქარი ყველაზე კარგად იყიდება. გაიაფების საშუალება თუ იქნება, ცხადია, მივიღებთ ზომებს. იმპორტიორები ჯერჯერობით არ გვაიმედებენ, მაგრამ ფასი ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს", - ამბობს დარეჯან გრძელიძე.
ცნობისათვის, 2015 წლის მაისში, სავაჭრო ქსელებსა და სუპერმარკეტებში 1 კილოგრამი შაქრის ფასი 1,30-1,40 ლარი იყო. ზუსტად ამდენი ღირდა ის შარშანაც, როცა საერთაშორისო ბაზარზე 1 ტონა შაქრის ფასი 385 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ანუ 90 დოლარით მეტი ღირდა. საქართველოში კი რატომღაც მკვეთრად გიაფების ფონზე, იგი საშუალოდ 25-30 თეთრით ძვირად იყიდება.