"არანაირი რეგულაცია არ გვაქვს, რაც შეზღუდავდა ასეთი ავტომობილების იმპორტს"
თამარ მუკბანიანი
17.07.2019

 რამდენი დამტვრეული და მეორადი ავტომობილი შემოდის საქართველოში, ოფიციალურად არ აღირიცხება. არაოფიციალური მონაცემებით და საავტომობილო სფეროში მომუშავე ადამიანების დაკვირვებით კი, თითქმის ყველა მანქანა, რომელიც ამერიკიდან და ევროპიდან იგზავნება ნაავარიები ან ექსპლუატაციის ვადაგასულია. რაც დრო გადის ამ მხრივ ვითარება უარესდება და ქვეყანაში სულ უფრო დაზიანებული ავტომობილები შემოდის.

"გალტ ენდ თაგარტის" კვლევის მიხედვით, 2010-18 წლების განმავლობაში ავტობიზნესის წლიური ბრუნვა 14,8%-ით გაიზარდა და 2018 წელს 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა. 2018 წლის მონაცემებით, წლიური ბრუნვის მიხედვით, ბიზნესის წამყვან ქვესექტორებში სამი მიმართულებაა: ავტომობილების გაყიდვა - 64,7%; ავტონაწილები - 31,9%; ავტოსერვისი - 3,4%. რაც შეეხება ავტოპარკს, 2018 წელს საქართველოს 3400 ახალი ავტომობილი დაემატა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ 1 მლნ 320 ათასი შეადგინა.

რამდენი დამტვრეული და მეორადი ავტომობილი შემოდის საქართველოში, არ აღირიცხება, მაგრამ ყველა ადასტურებს, რომ ძირითადად მეორადი, დაზიანებული ავტომობილები შემოჰყავთ, რომელსაც მერე აკეთებენ და ასეთი ავტომობილები მოძრაობს გზებზე. 

"ამ მიმართულებით არანაირი რეგულაცია არ გვაქვს, რაც შეზღუდავდა ასეთი ავტომობილების იმპორტს, თუმცა მომავალში თუკი ტექინსპექტირება გამკაცრდება, ეს ხელს შეუწყობს, რომ მსგავსი მანქანები ნაკლებად შემოვიდეს ქვეყანაში.

რაც შეეხება სტატისტიკას, ოფიციალურ მონაცემებს შესაბამისი უწყებებიდან ჩვენც ვითხოვთ, მაგრამ მათი პასუხი ასეთია - როდესაც შემოდის ავტომობილები, არ არის მითითებული ის ახალია, დამტვრეული, მეორადი თუ ა.შ. შესაბამისად, ამ სტატისტიკის დამუშავება ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ფიზიკურად არ აღირიცხება რამდენია დამტვრეული და რამდენი ახალი", - განაცხადა ორგანიზაციის ანალიტიკოსმა თათია მამრიკიშვილმა.

სპეციალისტები ამგვარ ანალიზს ემხრობიან და ადასტურებენ, რომ საქართველოში შემოსული მანაქნების აბსოლუტური უმრავლესობა ნაავარიებია, უბრალოდ, გააჩნია რა ხარისხით. "რობანი მოტორისის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ საღი მანქანები ისეთი ფასი ღირს, რომ იმას საშუალო სტატისტიკური ქართველი ვერ შესწვდება. 

"ევროპიდან უფრო ნაკლებად, თუმცა ამერიკიდან შემოსული ავტომობილების აბსოლუტური უმრავლესობა ნაავარიები ან გაფუჭებულია. გასაგები მიზეზის გამო შემოდის ქვეყანაში ასეთი ავტომობილები, აქციზის გაზრდამ გამოიწვია ისეთი გზების ძიება, რომ შედარებით იაფად შემოიყვანონ. ევროპიდან შემოსული მანქანებიც, რა თქმა უნდა, დამტვრეულია, თუმცა არა ისე, რომ მთლიანობას არღვევდეს ავტომობილის. 

საქართველოში ყოველთვის შემოდიოდა, დაზიანებული მანქანები და ამ მხრივ სიტუაცია, ალბათ, დიდად არ შეცვლილა. ახალი საღი ავტომობილი ისეთი ფასი ღირს, რომ მას საშუალო სტატისტიკური ქართველი ვერ შესწვდება. 

ძალიან საშიშია მთლიანობადარღვეული მანქანები, რომელთა "გადაკერება" ხდება. ფრთის, წინა პანელის ან კარის მოხსნა და შეცვლა არ არღვევს მთლიანობას, მთავარია, არ მოხდეს მის ელექტროშემდუღებელი აპარატით ჩამოჭრა და მერე მიერთება. აი, ეს იწვევს პრობლემებს. არის მომენტები, როცა საქართველოში შემოდის მანქანები, რომელსაც ამერიკაში ოფიციალურად აქვს მინიჭებული სტატუსი - აღდგენას არ ექვემდებარება და ასეთი მანქანებით მერე გადაადგილდებიან საქართველოს გზებზე“, - ამბობს "რეზონანსთან" ელგუჯა ჯამაგიძე. 

შემოსული მანქანების უდიდესი ნაწილი, რომლიც ოფიციალურ წარმომადგენლობებს არ ეკუთვნით, ან კომპანიები არ აწარმოებენ მათ შესყიდვას, ნაავარიები ან ქსპლუატაციის ვადაგასულია. ორგანიზაციაში  "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" აცხადებენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს უტილიზაციის მომენტი, ამიტომ თვალნათელი სურათიც არ არის, რამდენი დამტრეული მანქანა შემოდის ქვეყნაში ან როგორ მდგომარეობაში არის ავტოპარკი, რომლის დიდი ნაწილი, მწყობრიდანაა გამოსული. 

2020 წელს, როცა დამთავრდება პერიოდუქლი ტექნიკური ინსპექტირების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ცხადი გახდება სურათი თუ როგორი ავტომობილები შემოდის რეალურად. ზუსტი სტატისტიკა ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ შემოსული მანქანების დიდი ნაწილი, რომლიც ოფიციალურ წარმომადგენლობებს არ ეკუთვნით ან კომპანიები არ აწარმოებენ მათ შესყიდვას, ნაავარიები ან ვადაგასულია", - განაცხადეს საავტომობილო სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×