„კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია", „გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით".... - ამ სიტყვებით შეაფასა შს მინისტრი „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და დაადასტურა, რომ გახარია არსად არ წავა და რომ, ამ ძალოვანი მინისტრის შენარჩუნება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
უფრო მეტიც, ივანიშვილმა გახარიას გადაყენებასა და აქციის დაშლისას გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობაზე დასმული შეკითხვისას ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები დაიმოწმა და თქვა, რომ „არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე", ამაზე ლაპარაკობს მხოლოდ „ნაცმოძრაობა" და მასთან აფილირებული პატარა-პატარა პარტიები, რომლებიც დგანან რუსთაველის აქციის უკან და რომლებიც 200-200 კაცს ძლივს აგროვებენ და და ვერ ხვდებიან, რომ ამით კნინდებიან."
20-21 ივნისი აქციის დარბევიდან 27 დღე გავიდა და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პირველად უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, აქციაზე, რუს დეპუტატ გავრილოვზე, რუსეთზე და გახარიაზე.
ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ რუსი დეპუტატის, გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა არ იყო ირაკლი კობახიძის დანაშაული, თუმცა, კობახიძე გადაეფარა გუნდს და ამიტომ წავიდა და „კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია", ის თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს.
მან თქვა, რომ „გახარია რომ გადადგეს, ე.ი. შს სამინისტრო აღარ არსებობს", „გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით", რადგან პოლიტიკოსებს პარლამენტში ძალით შესვლა და სახელმწიფო გადატრიალება სურდათ და „მადლობა ღმერთს, რომ გახარიამ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხებისგან, დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა".
ივანიშვილი აცხადებს, რომ თუ ცალკეულმა პოლიციელებმა პროპორციული ძალა არ გამოიყენეს, გამოძიება მიმდინარეობს და ისინი სამართლის წინაშე აგებენ პასუხს.
შეკითხვაზე, გასცა თუ არა მან აქციის დაშლის ბრძანება, უპასუხა, რომ ასეთ სისულელეს მხოლოდ „ნაცები" თუ იტყვიან.
„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამეს პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებას გავცემდი? - ეს სიბრიყვეა. თქვენი კითხვა კი არ არის ბრიყვული, ეს სიბრიყვე მათგან (ნაცმოძრაობიდან) მოდის," - თქვა „ოცნების" თავმჯდომარემ.
ასევე, ივანიშვილმა თქვა, რომ გმობს ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას გამოსვლებს და ეს იყო არა მხოლოდ ამ არხის, არამედ ქვეყნის, ჩვენი კულტურის სირცხვილი.
ამით გამოეხმაურა კიდეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოწოდებას, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე შესაბამის რეაგირებას ელოდება.
ლავროვის მხრიდან შეურაცხყოფაზე რეაგირება დასახელდა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ერთ-ერთ მოთხოვნად, აქციების შეწყვეტის მოთხოვნის პარალელურად.
რუსეთზე დასმული შეკითხვისას ივანიშვილმა თქვა, რომ უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ.
უფრო მეტიც, მისი შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები „ქვეყნის მტრები არიან", რადგან თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას. რუსული ბაზრის ჩანაცვლება არავისთვის იოლი არ არის.
მან თქვა, რომ „ნაცმოძრაობას" სურს ტურიზმი შეჩერდეს, ეკონომიკა დაინგრეს და საქართველოში რუსი ტურისტის ნაცვლად შემოვიდეს რუსი ჯარისკაცი, ამისთვის აკეთებენ ყველაფერს.
გავრილოვის ჩამოსვლაზე თქვა, რომ 2016 წელსაც იმყოფებოდნენ საქართველოში რუსი დეპუტატები,მათ შორის ეფ-ეს-ბეს ყოფილი თავმჯდომარე და მაშინ რატომ არავინ ამოიღო ხმა. ივანიშვილი აცხადებს, რომ ანტისაოკუპაციო პროტესტის უკან "ნაციონალურ მოძრაობა" დგას, მათ მოახერხეს მთელი ამ ამბის აჟიტირება, რადგან არჩევნებით გამარჯვების იმედი არ აქვთ და ნებისმიერ საბაბს ეძებენ სიტუაცია ააყირაონ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პირადად მისთვის მიუღებელია ისიც, რომ აქციის დაშლიდან ერთი თვის შემდეგ აკეთებს მმართველი პარტიის ლიდერი შეფასებებს და ასევე ის, რომ გახარია მინისტრია, თუმცა ეს დაგვიანებული განცხადებაც და გახარიაზე გადაფარებაც, ივანიშვილისთვის პიარულად კარგი ნაბიჯია - ივანიშვილი დაელოდა დროს, როცა აქციის დუღილის დონე დაიწევდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა ჟურნალისტებთან, ისიც ფრაგმენტული პასუხებით.
„ვხედავთ, რომ აქცია მილევად რეჟიმშია და ასეთი აქცია ჩვენთან გავლენას ვერ მოახდენს. სწორედ ამ ტალღის მილევას დაელოდა ივანიშვილი. თანაც, ივანიშვილმა პრესკონფერენციის გამართვით არ მიანიჭა ამ მოვლენებს სერიოზული დონე და მხოლოდ ფრაგმენტული განცხადებები გააკეთა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები მიცვივდნენ. შესაბამისად, დააფიქსირა კიდეც, რომ მხოლოდ 200 კაცი იკრიბება აქციაზე, რომლის უკან „ნაცმოძრაობა" დგას და საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს აქციას, ამდენად ეს ანგარიშგასაწევიც არ არის,"- ამბობს ძაბირაძე.
მისი თქმით, ის, რომ აქციის „ნაცმოძრაობასთან" დაკავშირება ხდება, ეს თავად ოპოზიციის ბრალია, რადგან ყველა არხზე, მათ შორის „რუსთავი 2"-ზე, როცა აქციას აჩვენებენ, შემდეგ კომენტარებს აკეთებენ „ნაცმოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" ლიდერები და აქციას ერთგვარ ფონად სწორედ პოლიტიკოსების განცხადებები გაჰყვება, რაც ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს და ეს ივანიშვილმა ამ განცხადებებში სათავისოდ გამოიყენა.
ძაბირაძის თქმით, გახარია ახლა რომ გადააყენონ, მთელი საზოგადოება და ოპოზიცია ამას „ოცნების" სისუსტედ ჩაუთვლიან, ამიტომ ამ სიტუაციაში ხელისუფლება უკან ვერ დაიხევს და მისი გამართლება უნდა დაიწყო, ამიტომ გვითხრა ივანიშვილმა, რომ გახარიამ ქვეყანა გადატრიალებისგან გვიხსნა.
„საერთაშორისო ორგანიზაციები არ ითხოვენ გახარიას გადაყენებასო. ასეა, საერთაშორისო ორგანიზაციბი ითხოვენ ობიექტურ გამოძიებას. ძიების დაწყება ჩვენთან და ძიების დაწყება დასავლეთში, სხვადასხვა შინაარსის მატარებელია.
"დასავლეთში გამოძიება სრულდება, ჩვენთან კი ძიებას ყოველთვის იწყებენ და არ ამთავრებენ. ამიტომ, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ჩვენთან ძიების დაწყება. მეც შევუერთდებოდი ამ მოთხოვნას, მაგრამ, ვიცი, რომ გახარიას მინისტრობისა და ჩვენი სასამართლოს პირობები ძიება და სამართალი ობიექტური არ იქნება.
"ამიტომ, ამას ეჭიდება ივანიშვილი, როცა ამბობს, რომ დასავლეთი არ ითხოვს გახარიას გადაყენებას. ასე იყო ადრეც, არც მერაბიშვილის გადაყენებას ითხოვდნენ დასავლეთში, მაშინაც ძიების მოთხოვნა იყო და რაც ახლა ივანიშვილამ გვითხრა, კადრები ნახეს და გამოძება ითხოვენ მარტოო, ამას ამბობდა მერაბიშვილის 2011 წლის 26 მაისის შემდეგ, რომ დაშლის სქემა შეათანხმეს ამერიკელებთან და ყველაფერი იყოს სწორი,"- ამბობს ძაბირაძე.
ის ასევე ეხმაურება იმ ნაწილს, როცა ივანიშვილმა თქვა, რომ გავრილოვამდე სხვა რუსი დეპუტატებიც იყვნენ საქართველოში და რატომ არავინ აღშფოთდა მაშინ - ძაბირაძის თქმით, ეს აბსოლუტურად არასწორი პარალელია, რადგან რუსი დეპუტატი ჩაჯდა ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურის, პარლამენტის სპიკერის სავარძელში და ეს იყო სახელმწიფო სიმბოლოს შეურაცხყოფა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატისგან.
ძაბირაძის თქმით, რუსულ ბაზართან დაკავშირებით ივანიშვილის განცხადებას კი ვერავინ შეედავება, რადგან რუსულ ბაზარზე უარი არც წინა ხელისუფლებას უთქვამს საკუთარი ნებით, ყოველთვის რუსეთიდან იყო ბოიკოტი და არა პირიქით.
„ივანიშვილის მესიჯები იყო იმ სიტუაციიდან ყველაზე საუკეთესო გამოსავალი, რა სიტუაციაშიც აღმოჩნდა „ოცნება", მაგრამ, რამდენად იმუშავებს ეს ამომრჩეველზე, ამას ვერ გეტყვით, თუ ამაში არ მიეხმარება ოპოზიცია. იმიტომ რომ, ოპოზიცია იმეორებს იგივე შეცდომებს, რასაც ჩადიოდა „ნაციონალების დრონდელი" ოპოზიცია,"- დასძენს ძაბირაძე