ეკატერინე ბასილაია
17.07.2019

   

20-21 ივნისის აქციის დარბევიდან 27 დღე გავიდა და გამოძიების პროცესში ბრალდებულების თანაფარდობა უკვე ასეთია: 12 მომიტინგე 2 პოლიციელის წინააღმდეგ. დაკავებები ისევ გაგრძელდება, ამას შს სამინისტროც აანონსებს, რომელიც აცხადებს, რომ უწყება აგრძელებს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებას და მტკიცებულებების მოპოვებისთანავე გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ამ კვირას პროკურატურა და შს სამინისტრო ძალიან გააქტიურდა. შს სამინისტრომ ოთხშაბათს კიდევ სამი მომიტინგე მისცა სს პასუხისგებაში. ამდენად მომიტინგეებიდან ჯგუფური ძალადობის მუხლით უკვე 12 ბრალდებულია, მათგან 11 მომიტინგე პატიმრობაშია, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატი, ნიკა მელია ელექტრონული სამაჯურით. ამ დარბევის მეორე მხარეს მდგომი პოლიციელებიდან კი პროკურატურას დაკავებული ჰყავს 2 სპეცრაზმელი მომიტინგეები ცემისა და უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

პარალელურად არ წყდება 20 ივნისს დაწყებული პროტესტი, ისევ უცვლელი მოთხოვნით - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.

ოთხშაბათს, შუა დღისთვის შს სამინისტროში ამ კვირის უკვე მეორე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ 3 ახალი დაკავებული მომიტინგის შესახებ გააკეთა განცხადება.

ჭელიძის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. დაკავებულები არიან 45 წლის ც.ც., რომელიც ხელკეტს ურტყამდა სამართალდამცველებს. ასევე 25 წლის ს.ბ, რომელმაც სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და 30 წლის ლ.ჯ, რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს.

გამოძიება სს კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მამუკა ჭელიძის თქმით, აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

ამ ბრიფინგის დასრულებისთანავე შს სამინისტროს შენობასთან გაიმართა აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით - „გვესროლეთ!"

თეთრ ფორმებში ჩაცმულ აქტივისტებს ხელში ბანერები ეჭირათ, რომელზეც სამიზნე და დათხრილი, სისხლიანი თვალი იყო გამოსახული. ამ ფორმით გააპროტესტეს 20-21 ივნისის ღამის დარბევა და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ დაშავებულ ადამიანებზე პასუხისმგებლობა შს მინისტრს აკისრებენ.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი მოქალაქეები სამიზნეები არიან, ამიტომ გიორგი გახარიას გადადგომას ასეთი ფორმით ითხოვენ.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, თითქმის ერთი თვეა რუსთაველის გამზირზე, ყოველდღიურად აქცია „სირცხვილია" იმართება. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მანამდე არ დაიშლებიან, სანამ გახარია შს მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს.

ამ პროტესტის და მოთხოვნის პარალელურად „ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ გახარია არ გადადგება. უფრო მეტიც, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მაგარი კაცია გახარია" და „გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით". ივანიშვილის თქმით, გახარიამ მოახერხა და დაიცვა ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან სახელმწფო.

იურისტი ლია მუხაშავრიას შეფასებით, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით სრულიად არაადეკვატური ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ - მხოლოდ 2 პოლიციელი ერთ მხარეს და მეორე მხარეს -11 მომიტინგე.

„ყველა ნიშანი გვეუბნება იმას, რომ გამოძიება არ არის ობიექტური. დავიწყოთ თუნდაც იქიდან, რომ გახარია რჩება ადგილზე და მხარეები გვაჩვენებენ სხვადასხვა ვიდეო მასალებს.

"ყველა ეპიზოდი გასაშიფრია და როცა მომიტინგეების მხარეს უნდათ მოძალადეების დაკავება, მაშინ პოლიციელების მხარესაც ყველა უნდა მისცენ პასუხისგებაში, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და როცა ვნახეთ, რომ მანქანაში ჩასმისას ადამიანებს ურტყამდნენ. წესით, რამდენი მომიტინგეცაა დაჭრილი, იმდენი პოლიციელია დამნაშავე.

"ასევე, ვიცით, რომ 10 პოლიციელს შეუჩერეს უფლებამოსილება და გაუგებარია, ისინი პასუხისგებაში რატომ არ მიეცნენ? ან, როცა გვეუბნებიან, რომ ოპერატიულად ვმუშაობთო და 27 დღეა გასული და ოპერატიულობაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია, მით უფრო როცა ასეთი მასობრივი მოვლენის მონაწილეა პოლიცია.

"ამასთან, როცა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები კვლავინდებურად ამართლებენ პოლიციის ძალადობას, ეს არის ყველაზე უტყუარი ნიშანი, რომ ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას არც კი ცდილობს,"- აცხადებს მუხაშავრია.

მისივე თქმით, დღეს „ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადებით საერთოდ ინდულგენცია გამოუწერა გახარიას და ასეთი საჯარო შეფასებების გაკეთების პირობებში წარმოუდგენელია ვისაუბროთ ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არც კი გამოუხატავს სინანული იმის გამო, რომ უდანაშაულო 18 წლის გოგომ დაკარგა თვალი, ახალგაზრდებმა დაკარგეს მხედველობა. ეს გოგონა ხომ ნამდვილად არ იყო მოძალადე დემონსტრანტი?

"გარდა ამისა, ხელისუფლებას არ წარმოუდგენია არც ერთი დემონსტრანტი რომელიც შეიარაღებული იყო რაიმე იარაღით, გარდა შიშველი ხელებისა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკი, უბრალოდ საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა"- აცხადებს მუხაშავარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×