რეზონანსი
17.07.2019

 (რეზონანსი) სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსთავის 2"-ის საქმეზე ხვალ, თბილისის დროით 12 საათზე გამოცხადდება. ტელეკომპანიის ეზოში სპეციალურ სცენას ამონტაჟებენ, თუმცა მხარეები პროგნოზისაგან თავს იკავებენ.

წინასწარ შეფასებებს ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელიც ერიდება. „რუსთავი 2" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობს. მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამოც ჩივის.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2"-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის" ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2"-ის გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×