„ქიბარ ხალვაშს უკვე შეუძლია დაიწყოს თავისი საკუთრების გადმოფორმების პროცესი"- ასეთია "ქართული ოცნებისა" და პარლამენტის წევრის ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიას კომენტარი სტრანსბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე.
„ფაქტია, რომ სტრანსბურგმა მიღო გადაწყვეტილება და მის გადაწყვეტილებაში ვერავინ ვერ ჩაერევა, აქ ყოველგვარ მიკერძოებაზე ლაპარაკი აბსოლუტურად ზედმეტია, ამით დამტკიცდა, რომ სამართალი ამ საქმესთან დაკავშირებით იყო პირნათელი, ეს დაზუსტდა ახლა და მგონი საქვეყნოდ ეს უკვე ცნობილი გახდება ყველაფერი.
„დანარჩენს პროცესი და მოდავე მხარე გვიჩვენებს, რომელმაც გაიმარჯვა ანუ ქიბარ ხალვაშმა ეს ბუნებრივია მასზეა დამოკიდებული, როდის დაიწყება აღსრულების პროცედურა," - ამბობს იგი.
ქანთარიამ ასევე ისაუბრა სტრანსბურგის გადაწყვეტილება საქმეზე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ" , რომელიც ოჯახის სასარგებლოდ დასრულდა და სახელმწიფოს 50 ათასი ევროს ოდენობის ჯარმა დაეკისრა.
„რაც შეეხება დანარჩენ საქმეებს სადაც საქართველოს სახელმწიფომ წააგო, ეს კარგად ვიცით როდინდელი საქმეებია, ეს წინა ხელისუფლების საქმეებია და ახლა საქართველოს მოუწევს გარკვეული თანხის გადახდა დაზარალებულების მიმართ.
„ეს არის მთლიანად ის სურათი, რაც მივიღეთ და რის წინაშეც დადგა მთელი საერთაშორისო საზოგადოება და საქართველო.
„ახლანდელი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა რას გააკეთებს, უკვე აზრი აბსოლუტურად აღარ აქვს, რადგან სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო. ვალდებული ვიქნებოდით, რომ დავმორჩილებოდით რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო საერთაშორისო სასამართლოს.
„ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩანს, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია უკვე დაიწყოს თავისი საკუთრების გადმოფორმების პროცესი, მაგრამ ამას იურისტები უფრო კარგად განმარტავენ," - განაცხადა ქანთარიამ „რეზონანსთან".
შეგახსენებთ რომ სტრასბურგის სასამართლომ დავაში, რომელშიც ქიბარ ხალვაშმა მოიგო, არსებითი დარღვევები ვერ დაადგინა. თუმცა "რუსთავი 2"-ს ახლა გასაჩივრების უფლება აქვს და პროცესი შეიძლება კიდევ 2 თვით გაიწელოს.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.