"ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ამ მიზნით "ვისოლი ჯგუფსა" და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, უნიკალური ბუნების გაცნობის და უსაფრთხო ტურიზმის ხელშესაწყობად, გრძელვადიან საინფორმაციო კამპანიას დაიწყება.
პროექტის ფარგლებში, მომზადდება ვიდეობლოგები საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიების შესახებ. ბლოგის წამყვანები საზოგადოებას გააცნობენ როგორც პოპულარულ მარშრუტებს, ასევე სამთხო-საფეხმავლო ბილიკებს და დაეხმარებიან ახალი მიმართულებების აღმოჩენაში. მაყურებლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ მოგზაურობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ.
მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ, "ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ და „ვენდისა“ და „დანკინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ მოაწერეს.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად გვსურს ხელი შევუწყოთ, როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ისე უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს უნიკალური ტურისტული რესურსების შესახებ ინფორმაციის აქტიური გავრცელებითა და მოგზაურობის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიით. პარალელურად, „ვისოლ ჯგუფი“ ცდილობს წვლილი შეიტანოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორისა და არგვეთას მონაკვეთზე „დასვენებისა და მომსახურების ცენტრების“ შექმნით, სადაც ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით გაცილებით უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. დღესდღეობით ტურიზმის ხელშემწყობი მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, გვეამაყება, რომ „ვისოლ ჯგუფს“ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში“, - განაცხადა ვასილ ხორავამ.
გიორგი მშვილდაძე, „ვენდისა“ და „დანკინის“ გენერალური დირექტორი: ,,მონაწილეობას ვიღებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტში, რომელსაც ტურიზმის პოპულარიზაცია და საქართველოში უცხოელი სტუმრებისთვის ტურიზმის უსაფრთხოების ხაზგასმა იქნება. მემორანდუმი მოიცავს აქტივობებს წლის ბოლომდე, მომზადდება ვიდეობლოგები, რომელიც მიეძღვნება საქართველოს სახვადასხვა კუთხეში არსებულ დაცულ ტერიტორიებს, საინტერესო ადგილებს, მათ შორის, "ვისოლის" ინფრასტრუქტურას. ამით დავეხმარებით უცხოელ ტურისტებს, გაეცნონ საქართველოს ტერიტორიას, დააგემოვნონ მათთვის კარგად ცნობილი "დანკინ დონატსის", "ვენდის" კერძები და ამაღლებული შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, სადაც ემოციებს თანამემამულეებსაც გაუზიარებენ".
ვალერიან მჭედლიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე: "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ კერძო კომპანიებთან ერთად მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. ახალი პროექტით - „იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ - ჩვენ ხელს შევუწყობთ ეკოტურიზმის პოპულარიზაციას. ვფიქრობ, სწორედ საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივად მუშაობითაა შესაძლებელი საქართველოში ტურიზმის მეტად განვითარება“.
ტურისტების უსაფრთხოებაზე გააკეთა აქცენტი სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ჯონი კაპანაძემ.
"ყველა კითხავს გაეცემა პასუხი, პოტენციურ მოგზაურებს მივაწვდით ინფორმაციას, რომ მარტივად შეძლონ ყველა სასურველი ტურისტული მარშრუტის მოძიება და სერვისის მიღება. ამით უცხოელი მოგზაურები ამომწურავ პასუხს მიიღებენ და საიმედო, უსაფრთხო ტურების დაგეგმვის შესაძლებლობა ექნებათ", - აღნიშნა ჯონი კაპანაძემ.
საქართველოს დაცული ტერიტორიები 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას მოიცავს, რაც ჯამურად საქართველოს 9,2%-ს ფართობს შეადგენს. დაცული ტერიტორიები აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ბუნებრივ მემკვიდრეობას. მათ შორისაა: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.