თამთა ჩაჩანიძე
18.07.2019

 „ყველა სამართლიანი გადაწყვეტილება არ იწვევს-ხოლმე სამართლიანობის დადგენას, ამ ეტაპზე მოგვწონდა თუ არა რუსთავი 2, ან ვიზიარებდით თუ არა მათ ხედვას, იყო ერთ-ერთი ფხიზელი სივრცე მედიაში, ბუნებრივია ამის გაქრობა სახელმწიფოსთვის და მათ შორის ხელისუფლებისთვისაც არასასურველი იქნება," - ამბობს „რეზონანსთან" მედიაექსპერტი არჩილ გამზარდია რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება ისეთია, როგორიც არის და შესაბამისად უნდა მივიღოთ ეს მოცემულობაც. ამით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულების პროცესშია. აქ მთელი პრობლემა იმაშია, რომ დღეს და ხვალ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა თუ შეიცვლება, კრიტიკულობა ლოიალობით, ეს თავისთავად სახელმწიფოსთვისაც არამომგებიანი იქნება და უსამართლო.

„წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად კრიტიკული ტელემედია საშუალებები შემოადნა სახელმწიფოს. მაშინ იწყებდა კრიტიკული ინტერნეტ მედია საშუალებები მაუწყებლობას, მაგრამ ის მოიცავდა მცირე სივრცეს, მსგავსი სარედაქციო პოლიტიკით იყო პრესაც, მაგრამ მათ საკმარისი ეფექტი არ ჰქონდათ.

„მიუხედავად ამისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ლამის მთლიანად ოპონენტების სივრცე დახურა მედიამაუწყებლობის კუთხით, არც ხელისუფლება გადაურჩენია მას ამითი და საბოლოო ჯამში ამით არც არავინ მოიგო. ჩვენ არ გვაქვს უფლება არ მივიღოთ მოცემულობა. სტრასბურგის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს თუ არა, უნდა ვაღიაროთ. თუ არადა ეს შეიძლება ძალიან ცუდად აირეკლოს სახელმწიფოსათვის და საზოგადოებისათვის," - ამბობს იგი.

გამზარდიას თქმით, თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ხალხის პროტესტი მოჰყვება და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეჭქვეშ დავაყენებთ, შეიძლება ამას ევროსკეპტიციზმი მოჰყვეს.

„ჩვენ შეგვიძლია არ ვენდოთ ჩვენს სასამართლო სისტემას, შეიძლება არ მოგვწონდეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი სივრცე, გამოსვლით და გაპროტესტებით ჩვენ ევროპული სასამართლოს წინააღმდეგ წავალთ და ისედაც პრორუსულ განწყობებს შეიძლება კიდევ მეტი ევროსკეპტიციზმი მოჰყვეს, ამიტომ ეს არ იქნებოდა გამოსავალი, რაღაცა სხვა ტიპის უკუკავშირი არის მოსაფიქრებელი საზოგადოების მხრიდან, თუმცა რამდენად ეფექტური და შედეგიანი იქნება, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით როგორ შემოგვადნა ბოლო წლებში კრიტიკული ტელემედია საშუალებები, რაც დაემართა „მაესტროს", „იბერიას" და ახლა უკვე რუსთავი 2-ს. ახლა ორი ასეთი ტელემაუწყებლობა გვაქვს შემორჩენილი TV-პირველის და „კავკასიის" სახით და პრინციპში შევიწროვდა თავისუფალი აზრი და კრიტიკული აზრი.

„ხალხის გამოსვლა შესაძლოა ამ გადაწყვეტილებას არ მოჰყვეს, მაგრამ ამგვარი ტენდენციებით, რაც სახელმწიფოში მიმდინარეობს, ისევ გაჩნდება არც თუ შორეულ მომავალში რაღაცა მაპროვოცირებელი, რასაც მოჰყვება ხალხის გამოსვლა. რუსთავი 2-ის გაქრობით ხელისუფლება ვერ გააქრობს ხალხის პროტესტს.

„ჩვენ გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტური აზრი მაქსიმალურად შეავიწროვა, გამოვიდა ისე, რომ (რაც ეკუთვნოდათ და რაც არ ეკუთვნოდათ) სააკაშვილი და წინა მმართველობა მთლიანად ლამის საბრალდებო სივრცეში აღმოჩნდნენ, ამიტომ შეიძლება ზუსტად იგივე მოხდეს „ქართული ოცნების" შემთხვევაშიც, როდესაც ხალხი აღარც კარგს დაინახავს, აღარც ცუდს და მთლიანად უარყოფითად შეფასდეს და იგივე გზა გაიაროს, რაც მოხდა წინა ხელისუფლების შემთხვევაში," - ამბობს გამზარდია „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×