ეკატერინე ბასილაია
18.07.2019

 „ომი რას ნიშნავს?! ფიზიკურად უნდა შემეხოს ვინმე, შეურაცხყოფა უნდა მომაყენოს? რა უნდა მოხდეს, მითხარით?! მე იქ მისვლის პრობლემას ვერ ვხედავ. ცივილიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მე ვერ ვხედავ პრობლემას. ნებისმიერი ადამიანი, სადაც არ უნდა მივიდეს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, მას ომით და ფიზიკური ძალადობით დახვდნენ... რომ მივიდე და დაველაპარაკო, რა უნდა მოხდეს?!... ვიღაც ფიზიკურად დამიპირისპირდება, სროლას და ომს დაიწყებს?!"- აცხადებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და ხალვაშის მიერ „რუსთავი 2"-ის ახალ გენდირექტორად დანიშნული პაატა სალია.

„რეზონანსი": უკვე „რუსთავი 2"-ის ახალ გენდირექტორად დაინიშნეთ. როდის გეგმავთ ტელევიზიაში მისვლას და როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეხვალთ და რა მოჰყვება ამას?

პაატა სალია: სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება მალე, მშვიდობიანად და ნორმალურ ვითარებაში მოხდეს ეს ყველაფერი. ჩვენ მხრიდან ამაზე მზადყოფნას ვაცხადებთ. რაც შეეხება თანამშრომლებს, აქ არ ვგულისხმობ დირექტორს, ბევრი რამ მათზეა დამოკიდებული. იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ პატივისცემას გამოიჩენენ.

„რ": „რუსთავი 2"-ში დღესვე უნდა გელოდოთ, თუ ეს იქნება ხვალ?

პ.ს: ვერ გეტყვით, მე და ქიბარ ხალვაში შევთანხმდებით, დავსახავთ შემდგომ გეგმებს და ყველა გაიგებს ამას.

„რ": ერთ დღეში მოხდა ის, რომ შეიტანეთ განცხადება და დარეგისტრირდით არხის გენდირექტორად, რამაც გარკვეული კითხვები გააჩინა. ასეთი სისწრაფე რამ გამოიწვია?

პ.ს: მე განაცხადი დაჩქარებულ მომსახურებაზე მქონდა წარდგენილი, ამ დაჩქარებაზე გადავიხადე გადასახადიც და საჯარო რეესტრი ვალდებული იყო იმავე სამუშაო დღეს დაერეგისტრირებინა. ამის შემდეგ დირექტორი ვარ. გავიგე, რომ ნიკა გვარამიას წარდგენილი აქვს რაღაც განცხადება, თუმცა ეს ჩემი დარეგისტრირებისთვის სამართლებრივად დამაბრკოლებელი არ არის. თუ მას ინტერესი აქვს, რომ შემდგომ იდავოს პარტნიორის გადაწყვეტილება, ეს მისი უფლებაა.

რ": ხალვაშმა განაცხადა, რომ მხოლოდ ნიკა გვარამიას ათავისუფლებს, სხვებს - არა, არც სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება და არც თანამშრომლები. მაგალითად, ამ არხის ერთ-ერთი სახეა გიორგი გაბუნია, ძალიან კრიტიკული და მაგალითად მას, თუკი თვითონ მოუნდება დარჩენა და მის საქმიანობაში არ ჩაერევით, დატოვებდით?

პ.ს: თქვენ მოისმინეთ ქიბარ ხალვაშის განცხადება, მან გაახმოვანა თავისი პოზიცია და ეს არის მის სურვილი. შესაბამისად, ამაზე მეტი ინფორმაცია არ მაქვს. სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას რაც შეეხება, ეს არ იქნება ჩემი ნაწილი, ამ მიმართულებით მაქსიმალურად ტრანსპარენტული ვიქნები, არავისზე არ იქნება რაიმე მითითება. იმ შეკითხვასაც მისვამენ, მომწონს თუ არა, არც ამაზე იქნება საუბარი. ჩემს მოწონება-არ მოწონებას არანაირი კავშირი აქვს იმასთან, რისი თავისუფლებაც აქვს ჟურნალისტებს. ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია. ძალიან ბევრი რამ მოხდა ამ მოკლე ვადაში. ჩვენც მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ დღეს გამოცხადდებოდა გადაწყვეტილება.

„რ": დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი მხარის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა სტრასბურგში?

პ.ს: შეგიძლიათ არქივი ნახოთ, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ სტრასბურგის სასამართლო ფიზიკურად ვერ დაადგენდა დარღვევას აქ განხორციელებული სასამართლო პროცესებში.

„რ": ნიკა გვარამიას მხარდაჭერას უცხადებს „რუსთავი 2"-ის მთელი გუნდი. „სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ,"- ეს თქვა გვარამიამ. არხის გადასარჩენად. არხის წინ აქცია მიმდინარეობს. როცა ასეთი განწყობებია, თქვენი იქ მისვლა, შენობაში შესვლა როგორ წარმოგიდგენიათ?

პ.ს: ომი რას ნიშნავს?! ფიზიკურად უნდა შემეხოს ვინმე, შეურაცხყოფა უნდა მომაყენოს? რა უნდა მოხდეს, მითხარით?! მე იქ მისვლის პრობლემას ვერ ვხედავ. ცივილიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მე ვერ ვხედავ პრობლემას. ნებისმიერი ადამიანი, სადაც არ უნდა მივიდეს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, მას ომით და ფიზიკური ძალადობით დახვდნენ... რომ მივიდე და დაველაპარაკო, რა უნდა მოხდეს?!

„რ": მოლოდინი გაქვთ, რომ დაგელაპარაკებიან? ამბობენ, რომ თქვენთან თანამშრომლობა არ სურთ.

პ.ს: თუ თანამშრომლობა არ უნდათ, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ვიმუშაოთ, გავაგრძელოთ, შეფერხება არ იყოს და მშვიდობიან კალაპოტში გადავიდეს ეს ყველაფერი. დავაცხროთ ემოციები, გავაცნობიეროთ ის, რაც მოხდა. შეიძლება ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა ეს და დავიჯეროთ, რომ ეს მოხდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სასამართლომ და დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას. დანარჩენი, რა უნდა გითხრათ. ვიღაც ფიზიკურად დამიპირისპირდება, სროლას და ომს დაიწყებს?! არ მგონია ეს არის ის ენა, რა ენაზეც ჩვენ ერთმანეთს უნდა ველაპარაკოთ.

„რ": თუკი თანამშრომლობაზე არ წამოვიდა გუნდი, ან დიდი ნაწილი მაინც, რას იქნება შემდეგ. ახალ ჟურნალისტებს მიიყვანთ არხზე? ითქვა ისიც, რომ შესაძლოა პირველი არხიდან ვიხილოთ ჟურნალისტები.

პ.ს: პირველ არხიდან ჟურნალისტების გადმოყვანაზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, მე არ მაქვს. არანაირი ინფორმაცია ამ საკითხზე არ მაქვს. არ ვიცი, ვნახოთ. ჯერ გავერკვეთ. იქნებ ყველა რჩება. თუკი არ რჩებიან, მერე ვიფიქროთ. დღეს არ წყდება კაცობრიობის ბედი. პროცესია.

„რ": გვარამიამ თქვა, რომ მას აქვს ხელშეკრულება და ასე მარტივად, დიდი კომპენსაციის, საუბარია მილიონებზე, გადახდის გარეშე ვერავინ გაათავისუფლებს. ამაზე რას იტყვით?

პ.ს: ხელშეკრულებას არ ვიცნობ. ამბობს, რომ კონფიდენციალურია. გავეცნობით და მერე მექნება სამართლებრივ ნაწილზე პოზიცია. ისე, მგონია და ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ხელშეკრულება არ შეიძლება ნამდვილი იყოს, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდეს. თუმცა ნაადრევია ახლა ამაზე საუბარი, გავეცნობი და ვიტყვი.

„რ": გარდა ამისა, არხის იურისტმა განაცხადა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება მხოლოდ სამი თვის შემდეგ შედის ძალაში, მანამდე მათ გასაჩივრების ვადა აქვთ, ამიტომ ხალვაშის მესაკუთრედ უკვე დარეგისტრირება დარღვევაა.

პ.ს: კი ბატონო, იდავონ. 2 წელი გავიდა, მოთმინებით ველოდით. შეჩერებული იყო ისეთი გადაწყვეტილება, რომლის შეჩერების საფუძველი თურმე არ არსებობდა. ახლა ამ 3 თვის ვადაში რა უნდა თქვას სტრასბურგმა ისეთი, როცა სასამართლომ ერთხმად დაადგინა ამ შეზღუდვის გაუქმება და ფაქტობრივად ერთხმად დაადგინა, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა. იურისტებმა ნორმებზე მითითებით ილაპარაკონ, მიმითითონ ნორმა, რის მიხედვით ჩვენ არ გვქონდა გადაწყვეტილების იუსტიციის სახლში წარდგენის უფლება. ასეთი ნორმა არ არსებობს. ეს სამი თვე საჭირო არ არის.

„რ": შეფასებებია, რომ ხელისუფლება ხალვაშის ხელით იფორმებს „რუსთავი 2"-ს. ამ შეფასებებზე რას იტყვით?

პ.ს: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით არის გაცემული პასუხი ამ ყველაფერზე...

„რ": თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს ტელევიზია არ გადაკეთდება პროსახელისუფლებო არხად და იქნება კრიტიკული?

პ.ს: ჩემი რწმენაა, რომ ნებისმიერი ტელევიზია უნდა იყოს კრიტიკული და ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში. დანარჩენი კი ჟურნალისტების გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ.

„რ": რატომ არ სჯერათ ამის საზოგადოების ნაწილში და ამხელა კრიტიკა რატომაა, თქვენი აზრით?

პ.ს: ძალიან მარტივი პასუხია ამაზე. საქართველოში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებდით „რუსთავი 2"-ის გადაცემებით, მენეჯმენტი დაინტერესებული იყო ამ დავის შედეგით. მათ ხელში იყო შესაძლებლობა, რომ გარკვეული ინფორმაციის მანიპულირება მოეხდინათ, ბოლომდე სიმართლე არ ეთქვათ... გასაგებია, ამას ვაცნობიერებდით და გვესმოდა, რომ ასე შეიძლება მომხდარიყო.რ ამიტომ გაუჩნდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ რაღაც მანიპულირებას ჰქონდა აქ ადგილი, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს სასამართლოში რაღაც დაირღვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×