თამარ შუკვანი
19.07.2019

 „რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია ტელეკომპანიაში დღეს მეორედ მივიდა და ხელმძღვანელობას ხვდება. კერძოდ, ადამიანური რესურსებისა და ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებების უფროსებს. გუშინდელთან შედარებით დღევანდელი ვიზიტი, ასე ვთქვათ, ოდნავ ნაკლებად მტრულ გარემოში მიმდინარეობს.

სალიას განცხადებით, მას არ სურს ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავიანთ საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ. ეს კომენტარი სალიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა, მოსწონს თუ არა „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკა.

კონტრაქტებთან დაკავშირებით სალიამ განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშთან საუბარი ჰქონდა და ინფორმაციის გავრცელებამდე თანამშრომლებთანაც უნდა ისაუბროს.

„გადაცემებს რაც შეეხება, ყველანი ადამიანები ვართ, ვიღაცას შეიძლება რაღაც მოგწონდეს, რაღაც არ მოგწონდეს - მეტ-ნაკლებად და ა.შ. ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენ შეხედულება. ამ შემთხვევაში ჩემს შეხედულებას არანაირი მნიშვენლობა არ აქვს. დღეს არსებული ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მე არ მინდა ვინმეს ჰქონდეს, ნებსით თუ უნებლიედ რაღაც ინტერპრეტაციის საშუალება.

„სწორედ ამიტომ არ ვაკეთებ ამასთან დაკავშირებით კომენტარებს. მე მინდა რომ ადამიანებს, ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ აკეთონ ის, რასაც აკეთებენ. შესაძლოა, ჩემს კომენტარს რამენაირი ზეგავლენა ჰქონდეს. ამიტომ ამაზე კომენტარს არ გავაკეთებთ, რა მომწონს და ან არ მომწონს. პირველ რიგში, მინდა თანამშრომლებს ვესაუბრო," - განაცხადა პაატა სალიამ და იმედი გამოთქვა, რომ დღეს „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებთან კონსტრუქციული საუბარი შედგება.

„რუსთავი 2"-ის ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, ტელევიზიის თანამშრომლებთან კონტრაქტების გაფორმება ვერ იქნება გარანტია, რომ ჟურნალისტებმა თავიანთი საქმიანობა დამოუკიდებლად განახორციელონ. მისი თქმით, ცარიელ სიტყვას, რომელიც გუშინ გაჟღერდა, სჯობს, ეს პირობა სამართლებრივად იყოს განმტკიცებული.

„ეს არ იქნება აბსოლუტური გარანტია იმიტომ, რომ შემდეგ მაინც შეიძლება ისეთი გადაწყვეტიელებების მიღება მენეჯმენტის მიერ, რაც ფაქტობრივად არ მისცემს ჟურნალისტებს საშუალებას, განახორციელონ საკუთარი საქმიანობა დამოუკიდებლად. ამ კონტრაქტების შედგენას არ სჭირდება დიდი შრომა, შესაძლებელია მარტივად - უბრალოდ, აუცილებელია ორივე მხარის ნება.

„ჟურნალისტების ნება დაფიქსირდა და ბუნებრივია, რომ მათი ნებაა იყვნენ დამოუკიდებლები და მათ საქმიანობაში არავინ არ ერეოდეს. რაც შეეხება მეორე მხარის ნებას, ახალი დირექტორის და ქიბარ ხალვაშის ნებას, თუ თანახმა იქნებიან ამ პირობაზე და მართლა აპირებენ საკუთარი სიტყვის შესრულებას, რაშიც პირადად მე ეჭვი მეპარება, მაშინ ბუნებრივია, მათთვისაც მისაღები უნდა იყოს ეს შეთავაზება," - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშს უჩივის. ოქრუაშვილი ხალვაშის მიერ გუშინ დარეგისტრირებულ „რუსთავი 2"-ის წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს და აცხადებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.

„რუსთავი 2"-ის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაშისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეთანხმება სანდოა, მას დავის სამართლებრივი საფუძველი აქვს. თუმცა ასევე ამბობს, რომ საკითხის განხილვის დროში გაჭიანურებამ შესაძლოა, დავას აზრი დააკარგვინოს.

„მე მაქვს პირადად ნანახი შეთანხმება, რომელიც ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის არის დადებული. ეს შეთანხმება ჩვენს საქმეზე წარვადგინეთ უზენაეს სასამართლოში ჯერ კიდევ 2016 წელს და აქედან გამომდინარე მაქვს ეს დოკუმენტი ნანახი. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება ვალიდურია და ორივე მხარის მიერ არის ნამდვილად ხელმოწერილი, სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ეს საქმე განიხილება ქართულ სასამართლოში, ეჭვი მეპარება, რომ ეს პროცესები დროულად წარიმართოს. შესაბამისად, დროში გაჭიანურებამ შეიძლება საერთოდ დაიკარგოს აზრი ამ საკითხის განხილვას," - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისათვის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, გია ზედელაშვილის თქმით, სამი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნამდვილია ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელიც ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2"-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია. მისივე განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ შეთანხმების მიხედვით, „რუსთავი 2"-ის წილი შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით, ასევე ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ წილზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს აქვს და არა მას. ამის შესახებ ხედელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×