თამარ შუკვანი
19.07.2019

 „თუკი თურქეთმა ასე გააგრძელა, დიდი ალბათობით, შეიძლება მას წევრობა შეუჩერონ. მსგავსი შემთხვევა თურქეთს ჰქონდა, როდესაც მან პირდაპირი აგრესია განახორციელა კვიპროსზე," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია თურქეთის მიერ რუსული რაკეტების შესყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის კომენტირებისას.

ვახტანგ მაისაია: თუკი თურქეთმა ასე გააგრძელა, დიდი ალბათობით, შეიძლება მას წევრობა შეუჩერონ. მსგავსი შემთხვევა თურქეთს ჰქონდა, როდესაც მან პირდაპირი აგრესია განახორციელა კვიიპროსზე. ამ დროს წევრობა შეუჩერეს და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აღუდგინეს. მაშინ ნატო-ს თურქეთი ჰაერივით სჭირდებოდა, თუმცა დღეს ასე აღარ არის.

ნატო-ს დღეს უკვე სხვა გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ამოცანები აქვს. ამ კონტექსტში თურქეთისთვის ნატო-ს წევრობის შეჩერება მაინცდამაინც მტკივნეული შეიძლება არ იყოს, მაგრამ ნატო-სთვის ეს მაინც სერიოზული გამოწვევა იქნება. შეიძლება შეუჩერონ წევრობა და მისცენ ვადა იმისთვის, რომ ანკარა გონს მოეგოს.

„რეზონანსი": რუსეთისგან ეს-400-ის შესყიდვის გამო, თურქეთი ეფ-35-ის პროგრამიდან გარიცხეს. ასევე აშშ ანკარას მორიგ სანქციებს უმზადებს. თქვენი აზრით, როგორ უპასუხებს თურქეთი ამერიკას? რა ზომებს მიმართავს ის?

ვ.მ: თურქეთს არ გადაეცემა ეფ-35-ები. აშშ კი სანქციებს ანკარის წინააღმდეგ სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს გამოაცხადებს, რომელიც შესაძლოა, ეკონომიკური იყოს. არ არის გამორიცხული, თურქი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პერსონალური სანქციებიც დაწესდეს.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ თურქეთმა ეფ-35-ის მაგივრად რუსული სტრატეგიული, მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელი სუ-57-ების ყიდვაზე დაიწყოს საუბარი. ამას რა მოჰყვება, ეს ცალკე საუბრის თემაა.

თურქეთის მეორე ნაბიჯი იქნება, რომ ეს-400-ის შეძენისათვის ლიცენზიას მიიღებს და თვითონ დაიწყებს ამ საბაზისო მოდელზე საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო კომპექსების გამოშვებას იმისათვის, რომ თავისი ეროვნული, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები გააძლიეროს.

თურქეთმა არაერთხელ სთხოვა ამერიკას, რომ მათთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტი" გადაეცათ, რაზე აშშ თავს იკავებდა და თურქეთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

თუმცა ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთმა მხარი დაუჭირა მადუროს ავტორიტარულ რეჟიმს ვენესუელაში მაშინ, როდესაც აშშ-სთვის მისი გადაყენება ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი რამ იყო. ბუნებრივია, რომ თურქეთის მხარდაჭერამ მადუროს შეუნარჩუნა ძალაუფლება და ამერიკელებს, ფაქტობრივად, ჩაუშალა გეგმა, რომელიც მის წინააღმდეგ ჰქონდათ.

„რ": ეფ-35-ის პროგრამიდან თურქეთის გარიცხვამ, ანკარას კონკრეტულად რა დარტყმა მიაყენა?

ვ.მ: თურქეთმა დაკარგა ექვსი მილიარდი დოლარი. თურქეთი, რომელიც ამ პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობდა და ეფ-35-ს ფლობდა, ეს სიძლიერის გამოხატვის ერთ-ერთი კომპონენტი იყო. თუმცა თურქეთმა ეს-400-ების შეძენით უფრო მეტად გაიმყარა პოზიციები, ვიდრე ეფ-35-ები რომ მიეღო. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თურქეთს გააჩნია ალტერნატივა, რომ სტრატეგიული ავიაგამანადგურებელი შეიძინოს რუსეთიდან.

„რ": რუსეთი და თურქეთი აპირებენ ერთობლივად დაიწყონ ეს-500-ის წარმოება. რა პერსპექტივა აქვს ამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს?

ვ.მ: ეს-500 მეხუთე თაობა პლიუსის სტრატეგიული შეიარაღებაა, რომელიც, ფაქტობრივად, ბევრად გაუმჯოსებესული ვარიანტია ეს-400-ების. ეს-500 თურქეთმა შეიძლება გამოიყენოს სტამბულის, ანკარისა და მთლიანად საჰაერო სივრცის ჩასაკეტად, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის წინააღმდეგ. თუ რუსეთმა და თურქეთმა ამაზე შეთანხმებას მიაღწიეს, ეს იქნება პირდაპირი გამოწვევა არ მარტო ამერიკისათვის, არამედ ნატო-სათვისაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა-თურქეთი სტრატეგიულ პარტნიორობის დონეზე გადავლენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×