„რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობაზე პრეტენზიების მორიგი დიდი ტალღა იწყება. ახლა უკვე არხის ახალი მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სასამართლო დავას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იწყებს. ის ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა, ხალვაშთან დოკუმენტიც გაფორმებული აქვს და ახლა ის სასამართლოსგან ხალვაშის წილების დაყადაღებას ითხოვს.
ოქრუაშვილი აცხადებს, რომ აპირებს „რუსთავი 2"-ის წილის 80% გადაუფორმოს "10 მებრძოლ ჟურნალისტს" და ისინი იდავებენ ხალვაშთან.
ხალვაშის ადვოკატი და ახლა უკვე გენდირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ დოკუმენტი, რაზეც ოქრუაშვილი მიუთითებს, ყალბია.
ხალვაშის წილებზე ყადაღის დადების მოთხოვნა უკვე შესულია სასამართლოში. ხვალ საქართველოში ჩამოსვლას და დამატებითი სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს ოქრუაშვილიც.
ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი აცხადებს, რომ 2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა "რუსთავი 2"-ის 100%, მაშინ ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ბუნებრივია წილები გადაუფორმა ხალვაშს თანხის მიღების გარეშე.
„არავისთვის უცხო არ არის,რომ ქიბარ ხალვაში არა მხოლოდ რუსთავი2-ის არამედ სხვა ბიზნესშიც წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესებს," - ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, 2010 წელს ბერლინში გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც ხალვაში ადასტურებს, რომ წილზე საკუთრების უფლება აქვს ოქრუაშვილს და არა მას.
ამასთან, ადვოკატის მტკიცებით, დოკუმენტი ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე ემოქმედა „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით და თუ ამ პირობას დაარღვევდა, ვალდებული იყო ოქრუაშვილისთვის ჯარიმის სახით გადაეხადა 7 მილიონი დოლარი.
ზედელაშვილის თქმით, ხალვაშმა დოკუმენტის პირობა დაარღვია, რადგან ოქრუაშვილისთვის არ შეუთანხმებია ტელეკომპანიის წილის საკუთრებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის საკითხი.
შს და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა პირველად 2016 წელს განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშმა იურიდიულად გაფორმებული შეთანხმება დაარღვია. ოქრუაშვილმა მაშინ სასამართლოს მიმართა და 13 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.
ოქრუაშვილის თანახმად, მისგან და მასთან აფილირებული პირებისგან ხალვაშმა 2005-2010 წლებში ისესხა 7.7 მილიონი დოლარი წლიური 10%-ით. ოქრუაშვილის მტკიცებით, ამავე დოკუმენტით „რუსთავი 2"-ზე საკუთრების უფლება მას ეკუთვნის.
ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე აქვთ სამი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მეორე მხარემ სადავოდ გახადა, სასამართლომ დოკუმენტი გაგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ზედელაშვილის ინფორმაციით, ხალვაში ხელმოწერების შესადარებლად ექსპერტიზის ბიუროში არ მივიდა.
ადვოკატის განმარტებით, ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ დაგროვილი დავალიანება 2015 წლამდე უნდა გადაეხადა, რაც არ გააკეთა და 2016 წელს სასამართლოს სწორედ ამიტომ მიმართეს ხალვაშისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, რომ დოკუმენტი, რომელსაც ოქრუაშვილი მიუთითებს, ყალბია - ოქრუაშვილს მოთხოვნა ჰქონდა, თითქოს მან 7 მლნ დოლარი ასესხა ხალვაშს, რაც პროცენტით უნდა დაებრუნებინა
„ოქრუაშვილს ჰქონდა ფულადი მოთხოვნა, თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშს და ქიბარს უნდა დაებრუნებინა ეს თანხა სარგებლით ანუ პროცენტით. მეორე ნაწილი ამ ხელშეკრულების იყო „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, თითქოს ყველა უფლება ეკუთვნოდა ირაკლი ოქრუაშვილს და იმ შემთხვევაში თუკი ქიბარ ხალვაში იჩივლებდა, 7 მილიონი უნდა გადაეხადა ირაკლი ოქრუაშვილისთვის. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ყალბია და ექსპერტიზა ამას დაადასტურებს", - განაცხადა სალიამ.
ამ ახალმა დავამ დამატებით ახალი კითხვები გააჩინა. 2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილი ჯერ გენპროკურორი იყო, შემდეგ შს მინისტრი და წლის ბოლოს ის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა და ირკვევა, რომ მაღალჩინოსანი ფლობდა ტელეკომპანიას და ეს დამალა დეკლარაციაში. ასევე დამალა მილიონები, რომელიც 10%-იანი მოგებით ასესხა „მასთან აფილირებულ პირს".
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოში" და საია-ში აცხადებენ, რომ ეს საკითხი არ შეუსწავლიათ და კომენტარს ვერ გააკეთებენ.
იურისტი ლია მუხაშავრიას თქმით, ოქრუაშვილის ახლად წამოწყებული დავა სიყალბის შთაბეჭდილებას ტოვებს და მას სამართლებრივი გაგრძელების საფუძველი არ აქვს.
მისი თქმით, თუკი ოქრუაშვილმა 2004 წელს იყიდა „რუსთავი 2", საჯარო სამსახურის კანონი უკრძალავდა ბიზნესის ქონას და მართვას, ამიტომ მას სამეწარმეო რეესტრში უნდა აღენიშნა, რომ ხალვაშთან დადო ხელშეკრულება და ტელეკომპანია მართვაში გადასცა ხალვაშს.
„ეს ხელშეკრულება რომ არსებულიყო და ქონება მართლაც ოქრუაშვილის ყოფილიყო, მისი ასახვა ძალიან მარტივად შეიძლებოდა. ის მაშინ მინისტრი იყო, სხვებს ართმევდა წილს და რეალურად, თუკი საკუთრებაში ჰქონდა ქონება, არ გაუჭირდებოდა მისი დარეგისტრირება. ახლა ეს დავა სიყალბის შთაბეჭდილებას ტოვებს. წილის დაყადაღების მოთხოვნა ძალიან თვალთმაქცური ქმედებაა და უბრალოდ არის ქმედება, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციოს თვითონ, როგორც პერსონამ," - აცხადებს მუხაშავრია.
მისი თქმით, ოქრუაშვილი განცხადებაზე „სერიოზულად მსჯელობაც კი არ შეიძლება".
„ის, რომ ოქრუაშვილმა 7 მილიონი დოლარი მისცა ხალვაშს, ეს სანდოობის შთაბეჭდილებას არ ტოვებს და მასზე მსჯელობა აზრს კარგავს. ასეთი დიდი ოდენობით ფულის სესხება, რომელიც არსად არ აისახა, ეს ბლეფია. უბრალოდ ხელწერილი და საბანკო გადარიცხვის კვალი ხომ უნდა იყოს? მილიონები ჯიბიდან ამოიღო და ისე მისცა? ეს რომ რეალური იყოს, იქნებოდა კორუფცია, მე მგონი, ამ შემთხვევაში თაღლითობაზეა საუბარი. მის სარჩელს სასამართლო არ მიიღებს. 2010 წლის დოკუმენტი შეიძლება წარადგინოს, მაგრამ გაყალბებას რა უნდა? ისინი ბიზნეს პარტნიორები იყვნენ და უამრავ ქაღალდზე ექნება ხელი მოწერილი ხალვაშს, რომელიც ოქრუაშვილს ექნება. ტრანზაქცია არ არსებობს. მგონია, რომ ეს ძალიან იაფფასიანი ტრიუკია," - დასძენს მუხაშავრია.