ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „ქართული ოცნება" რეიტინგით ლიდერობს, თუმცა მისი პოლიტიკური რეიტინგი ოპოზიციური პარტიების ჯამურ რეიტინგზე გაცილებით დაბალია. საყურადღებოა, რომ ამ კვლევის თანამხად, მმართველი გუნდის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსების რეიტინგის ათეულში ვერ მოხვდა. რეიტინგში 59%-ით „ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე ლიდერობს, მეორე ადგილს 49%-ით დედაქალაქის მერი კახა კალაძე იკავებს. ამ კვლევის მიხედვით, შს მინისტრ გიორგი გახარიას 40% აქვს.
„ევროპული საქართველოს" წევრი მამუკა ჩიქოვანი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" რეიტინგი მკეთრად დაეცა, რაც მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო მოხდა. მისი თქმით, 2020 წელს ოპოზიცია მიაღწევს გამარჯვებას.
„ეს კვლევა ჩატარებულია 20 ივნისის მოვლენებამდე და სავსებით ლოგიკურად ასახავს იმ პროცესებს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ეს კვლევა მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება" დასასრულისკენ მიდის და შემდგომ არჩევნებზე მას, პრაქტიკულად, გამარჯვების არანაირი შანსი არ ექნება. ოპოზიციური ხმები ბევრად მეტია, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველდღიურად ხელისუფლების არაადეკვატური ქმედებები კიდევ უფრო დაბლა წევს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ არჩევნებზე ოპოზიცია მიაღწევს წარმატებას და ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება," - აღნიშნა ჩიქოვანმა.
უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობა და „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ „ქართული ოცნების" რეიტინგი ისევ მაღალი აქვს.
„არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების" რეიტინგის დაცემასთან გვაქვს საქმე, არამედ იმ კვლევებთან, რომელსაც ორგანიზაცია აქვეყნებს. არაერთხელ ყოფილი მათი მცდარი კვლევები საზოგადოებისთვის მიწოდებული და დღესაც ასეა. ქვეყნაში, როგორც პოლიტიკოსი, ბაქრაძე ლიდერობდეს, ეს არის აბსურდი და მცდარი. ამ კვლევას არ ვენდობი, რადგან ეს რეალობას არ შეესაბამება. „ქართული ოცნების" რეიტინგი უფრო წინ არის, ვიდრე ეს კვლევა აჩვენებს.
„ეს დამტკიცდა შუალედური არჩევნების დროს, როდესაც „ოცნებამ" უპირატესობით გაიმარჯვა. ყოველი არჩევნების წინ ასეთ მცდარი, აბსურდული კვლევები იდება და რეალობა სხვას გვაჩვენებს,"- ამბობს ხაბარელი.
მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, მმართველი გუნდის რეიტინგის ასე დაცემას დღეს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაც განაპირობებს, რაც, მისი თქმით, თავად „ოცნებამ" შექმნა.
„20 ივნისს ჩადენილი დანაშაული და შემდგომ უკვე შტურმი „რუსთავი 2"-ზე, მცდელობა იმისა, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა შეცვალონ, ამ ქმედებებით ისინი პოლიტიკურ საფლავს ითხრიან. რეიტინგის ასე დაცემა გამოიწვია ხელისუფლების იმ უპასუხისმგებლო ქმედებებმაც, რომელმაც დღევანდელ დღემდე მიგვიყვანა. ეს არის ის გაჭირვებაც, რომელიც ქვეყანაში სუფევს. მძიმე, ეკონომიკური მდგომარეობა და არასწორი, არალოგიკური და არაადეკვატური ქმედებები იმ პრობლემების საპასუხოდ, რომელიც მოსახლეობას გააჩნია და ასეთ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია," - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.
შოთა ხაბარელი კი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება" 2020 წელს უმრავლესობით მოვა.
„ქართულმა ოცნებამ" არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გადაჭრა ყველა მიმართულებით. „ოცნებას" რეიტინგი არ დაუკარგავს. მან ყველა არჩევნებში თავისი შედეგი დადო და ამას ვნახავთ 2020 წელს, როდესაც არჩევნები პროპორციული გზით ჩატარდება. საზოგადოება მაინც თავის სიტყვას იტყვის და ისევ იმ შედეგს მივიღეთ, რაც მანამდე. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება" უმრავლესობით მოვა," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.