შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2", რომელიც ახლა უკვე არის ქიბარ ხალვაშის, ფლობს სამ არხს - „რუსთავი 2"-ს, „მესამე" არხს და „მარაოს". ანუ, ქიბარ ხალვაშს ადრე თუ ჰქონდა ერთი არხი, ახლა მიიღო სამი არხი... შესაბამისად ცალკე „მესამე" არხზე „რუსთავი 2-ის ახლანდელი გუნდი ვერ გადავა... ახლა ძალიან მძიმე და ემოციური მდგომარეობაა და ახალი არხის გახსნაზე კონკრეტული გეგმა ჩვენს გუნდს ჯერ არ აქვს, - აცხადებს ტელეკომპანიის ერთ-ერთი იურისტი თამთა მურადაშვილი.
„რუსთავი 2"-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რა ბედი ელით - ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობას და არხის მთავარ სახეებს.
მოლოდინია, რომ „რუსთავი 2"-ში ერთი ხელის მოსმით თუ არა, თანდათანობით ყველაფერი შეიცვლება. ამიტომაც გაჩნდა ვერსიები, რომ არხის მთავარ ბირთვს მოუწევს წავიდეს და ახალი არხი შექმნას.
მით უმეტეს, რომ „რუსთავი 2"-ის სახეებით ახალი არხის შესაძლო გახსნა დაანონსა თავად ნიკა გვარამიამ ჯერ კიდევ მაისში, როცა არხის 9%-იანი წლის მაშინდელმა მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა არხის არაეფექტური მმართველობის და ამის გამო ზიანის მიღების გამო. ნიჟარაძე მისთვის მიყენებული ზარალის, 26 მილიონის, კომპენსაციას და ნიკა გვარამიას გენდირექტორობიდან გადაყენებას ითხოვდა.
მაშინ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხის წინააღმდეგ მორიგი შეტევა იწყება და დააანონსა, რომ თუკი „რუსთავი 2" დაიხურება, გაიხსნება ახალი.
„დაიხურება "რუსთავი 2″ და გაიხსნება ახალი, იმავე სახეებით, ამის პირობასაც გაძლევთ და ეს არაფერს შეცვლის, ქვეყნის დაზიანების გარდა, მაგრამ ამ ბრძოლის წაგებასაც არ ვაპირებთ", - თქვა გვარამიამ.
ამ დავისას თავად ნინო ნიჟარაძეს პრეტენზია ჰქონდა იმაზე, რომ „რუსთავი 2"-დან წასული თანხებით ფინანსდება ტელეკომპანია „მესამე", რაზეც პარტნიორებთან შეთანხმება არ ყოფილა.
მისმა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა კიდეც, რომ „რუსთავი 2"ის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდება, რადგან საბიუჯეტო თანხები შესაძლოა, „რუსთავი 2"-ის თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია „მესამეს" ბალანსზე მიედინებოდეს, რომ ამ არხზე გადავიდეს შემდეგ „რუსთავი 2"-ის სტაფი. ამის დასტურად კი ადვოკატმა ნიკა გვარამიას ის კომენტარი მოიყვანა, რომლის მიხედვითაც „დაიხურება რუსთავი 2 და გაიხსნება ახალი არხი - ახალი სახეებით".
რა გეგმები აქვთ „რუსთავი 2"-ში, არის თუ არა საუბარი ახალი არხის შექმნაზე?
ტელეარხ „მესამეზე" გადასვლას გამორიცხავს „რუსთავი 2"-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი.
იურისტი ამბობს, რომ დღეს ერთი კომპანიის, ერთი შპს-ს შემადგენლობაშია სამი არხი - „რუსთავი 2", „მესამე" და „მარაო" და ქიბარ ხალვაშმა მიიღო ეს სამივე ტელეკომპანია.
„ასე, ცალკე „მესამე"არხზე ვერავინ ვერ გადავა. ნინო ნიჟარაძის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი მუდმივად ამბობდა საჯაროდ, რომ თითქოს „რუსთავი 2" აპირებს მესამე არხზე გადასვლას და თანხები იქაჩება იქით, რაც არის ტყუილი და აბნევს საზოგადოებას. არანაირი „მესამე" არხი ცალკე არ არსებობს და ვერ გადავა. რაც შეხება ზოგადად გეგმებს, ახლა ძალიან მძიმე და ემოციური მდგომარეობაა, ჩვენ, თანამშრომლებს გვიჭირს შეხვედრა დირექტორთან პაატა სალიასთან. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, სხვა რაიმე გეგმებზე საუბარი არ არის... ჯერჯერობით, ახალ არხზე საუბარი არ არის. თუმცა ციფრულ ეპოქაში არ არის რთული ამბავი, რომ ახალი ტელევიზია გახსნა. კონკრეტული გეგმა ჩვენს გუნდს ჯერ არ აქვს," - ამბობს მურადაშვილი.
მისი თქმით, მისი მოლოდინია, რომ „რუსთავი 2" მომავალში ისეთივე სახეს ვერ შეინარჩუნებს, როგორც დღეს აქვს.
„რაღაც რადიკალური ცვლილება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს პერიოდში, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ნელ-ნელა შეიძლება განახორციელონ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება სხვადასხვა გზებით იმისთვის, რომ არხი არ იყოს კრიტიკული," - მიიჩნევს მურადაშვილი.