ია აბულაშვილი
20.07.2019

 "საზოგადოების წევრებს თავად უნდა ჰქონდეთ იმუნიტეტი და უნარი იმის შეფასებებისა, თუ რამდენად არის მისაღები ის, რაც ამა თუ იმ ტელევიზიით ისმენენ და ხედავენ. როგორც კი კარგისა და ცუდის გარჩევას ხელისუფლებას გადავაბარებთ, ხელში ჩრდილო კორეა შეგვრჩება. ესაა, რაც მაწუხებს ამ ისტორიაში, თორემ "რუსთავი 2"-თან უკვე 14 წელია აღარ ვთანამშრომლობ (მხოლოდ ერთხელ დავუშვი გამონაკლისი) და მხოლოდ იშვიათად თუ ვუყურებ. თუცმა, ერთია საზოგადოების ინტერესები და სხვა - არხის მეპატრონის" - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, ვისაც "მთელი კვირა" "რუსთავის 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

"მთელი კვირა": "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ერთ-ერთი განხილვის თემად ისიც რჩება, შეიცვლება თუ არა არხის სარედაქციო პოლიტიკა, მიხედავად იმისა, რომ ახალმა მეპატრონემ უკვე განაცხადა, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა და მხოლოდ ნიკა გვარმიას დაემშვიდობება. რამდენად რეალისტურია ეს დაპირება და რას უნდა ველოდეთ?

ზაზა ფირალიშვილი: ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ან კეთილი ნების გამოხატვის სურვილი. არხზე, ნიკა გვარამიას გარდა, კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, ვისაც შეუძლია, მათთვის ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა და ამით გამოცდა მოუწყოს არხის ახალ მეპატრონეს. უფრო მეტიც, მათ შეუძლიათ შექმნან სიტუაცია, როდესაც ახალი მეპატრონე იძულებელი გახდება სარედაქციო პოლიტიკას შეეხოს და საშუალება მიეცემათ, ილაპარაკონ, რომ მომხდარში მთავარია სწორედ რომ სიტყვისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების შეზღუდვა და არა რაიმე სხვა. ძნელი წარმოსადგენია, ბატონი ქიბარ ხალვაში შეეგუოს იმას, რომ არხი რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს გამოხატავდეს და თანაც ასეთი რადიკალური ფორმებით.

აქამდე "რუსთავი 2" რომ "ნაციონალური მოძრაობის" თუ შეიძლება ითქვას, რევოლუციური ფრთის რუპორი იყო, ყველამ ვიცით, კარგია ეს თუ ცუდი, მოგვწონს თუ არა, ამგვარ ტელევიზიასაც აქვს არსებობის უფლება. საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს გარკვეული ნაწილი აპოკალიპტური განწყობების მატარებელი ადამიანებისა, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა, ბოროტების ძალები იმარჯვებენ და აუცილებელია მკვეთრი ზომების განხორციელება. თქვენ წარმოიდგინეთ, დემოკრატიის პრინციპში ჯდება ისიც, თუ რა საჩუქარი მიართვა ბატონმა გიორგი გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს, როდესაც ამ უკანასკნელს საშუალება მიეცა, მშვიდობისმყოფელის ზნეობრივი სიმაღლიდან ელაპარაკა. არც ეს არის სამართლებრივი თვალსაზრისით დანაშაული. საზოგადოების წევრებს თავად უნდა ჰქონდეთ იმუნიტეტი და უნარი იმის შეფასებისა, თუ რამდენად არის მისაღები ის, რაც ამა თუ იმ ტელევიზიით ისმენენ და ხედავენ. როგორც კი კარგისა და ცუდის გარჩევას ხელისუფლებას გადავაბარეთ, ხელში ჩრდილო კორეა შეგვრჩება. ესაა, რაც მაწუხებს ამ ისტორიაში, თორემ "რუსთავი 2"-თან უკვე 14 წელია აღარ ვთანამშრომლობ (მხოლოდ ერთხელ დავუშვი გამონაკლისი) და მხოლოდ იშვიათად თუ ვუყურებ. თუცმა, ერთია საზოგადოების ინტერესები და სხვა - არხის მეპატრონის.

ძალიან არ მომწონს "რუსთავი 2", მაგრამ ისიც ვიცი, რომ როგორც მაყურებელს მისი იგნორირება შემიძლია, მის მიმართ აგრესიამ არ უნდა დაგვავიწყოს სხვა საფრთხე: ხელისუფლების მიერ სრული საინფორმაციო ძალაუფლების მოპოვების საფრთხე. რაც, თუ დამიჯერებთ, გაცილებით უარესია, ვიდრე ის, რასაც დღეს ეს ტელევიზია აკეთებს. მრავალ უმსგავსობას რომ სჩადის, თქმა არ უნდა, მაგრამ, ხელისუფლებისგან განსხვავებით, მისი იგნორირება შესაძლებელია. უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ეს.

"მ.კ": მიანიშნებენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი...

ზ.ფ: საეჭვოა. ხელისუფლებაში ვინმეს მართლა აქვს იმედი, რომ "რუსთავი 2"-ის დადუმებით დიდ ტვირთს მოიხსნის? თუ ასეა, ვინძლო სხვების დადუმებაც მოინდომონ. თუ დღეს ეს არ სურთ და მიიჩნევენ, რომ სხვები ვერასოდეს მოახდენენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაზე ასეთ გავლენას, ცდებიან. შევახსენებ, თუ არ ახსოვთ და არ იციან, რომ 80-იანი წლების მეორე ნახევრის ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა არა სახელმწიფო ტელევიზია ან სახელმწიფო პრესა, არამედ ერთი ციდა სამაუწყებო გაზეთი "ქართული ფილმი", რომლის ტირაჟიც სულ რამდენიმე თვეში ასი ათასს გადასცდა. მოკლედ, "რუსთავი 2"-ის პრობლემის გადაჭრით კომფორტს ვერ მოიპოვებენ. ქვეყანაში კვლავაც იქნება უკმაყოფილება და პროტესტი და, შესაბამისად, იარსებებენ ამ განწყობათა გამხმოვანებლები. ტალეირანის სიტყვებს გავიხსენებდი, რევოლუციონერები ვერსალში სხედან. პრობლემა ხელისუფლებაშია და არა მასმედიაში. მთავარია არსებობდეს თავისუფალი სიტყვის გამოთქმისა და თავისუფალი ინფორმაციის მოსმენის ნება და ის თავის გზას მოძებნის.

მეტსაც ვიტყვი: "რუსთავი 2"-ის დაკარგვა იმ სახით, რომლითაც ის დღემდე არსებობდა, თავად ხელისუფლებისთვის არის ხიფათის მატარებელი. ამ ტელეკომპანიის გარეშე "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ ექნება საშუალება, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში იყოს და თავისი აქტუალობით "ქართული ოცნების" მიმართ საპროტეტსო მუხტი ჰაერში გაფანტოს.

"ქართული ოცნება" მარტო აღმოჩნდება მთელი დანარჩენი საზოგადოების წინაშე. "ნაციონალების" და "ოცნების" დაპირისპირებით ჩიხში შესულ პოლიტიკურმა ცხოვრებამ შეიძლება ახალი ფორმები მოძებნოს, რაც პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის არ არის ხელსაყრელი. მოკლედ, გაჩნდა ვაკუუმი, რომელსაც თავად ხელისუფლება ვერ შეავსებს. ეს გამორიცხულია. ქართველი კაცი საკმაოდ "გაეშმაკდა" საიმისოდ, რომ ამგვარ შეფასებებს ენდოს. ეს იმას ემგვანება, 80-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა რუსული, უკრაინული თუ ბალტიისპირელი პერიოდიკა თავისუფლების პათოსით გაივსო, საქართველოში საჯაროობის იმიტირებას ახდენდნენ პერიოდული გამოცემით "გულახდილი საუბრები", რომელშიც საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობისთვის დასაშვებ პოლიტიკურად უვნებელ თემებზე წერდნენ. უკვე მაშინ იყო აშკარა ამგვარი ხრიკის უმწეობა. დღეს კი ასპარეზზეა თაობა, რომელსაც მხოლოდ მშობლების მოგონებები აკავშირებს საბჭოთა სინამდვილესთან. ეს თაობა ვერ შეეგუება ასეთ "საბჭოთა" თამაშებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×