„სხვა ტელევიზიის შექმნა, რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია. თუ მოინდომებს გუნდი, ეს განხორციელებადია. თანამედროვე ეპოქაში სხვადასხვა ფორმითაც შეიძლება ამის გაკეთება," - აცხადებს „მთელ კვირასთან" „რუსთავი 2"-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი ტელეკომპანიის ირგვლივ დღეს არსებული ვითარების შესახებ საუბრისას.
მისი თქმით, ტელეკომპანიის ახალი მფლობელები „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკას დიდი ალბათობით შეცვლიან, თუმცა თუკი ჟურნალისტებზე რაიმე ტიპის ზეწოლას მოხდება, შესაძლოა საქმეს სამართლებრივი სახეც მიეცეს.
„არხის ამჟამინდელი მფლობელები არ დატოვებენ „რუსთავი 2"-ს იმ სარედაქციო პოლიტიკით, რომელიც მას დღემდე ჰქონდა და ჯერჯერობით დღესაც ინარჩუნებს. ეს აუცილებლად მოხდება, ოღონდ ამას სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა მექანიზმებით გააკეთებენ. „რუსთავი 2" ვეღარ დარჩება ისეთი კრიტიკული და რეიტინგული, როგორიც აქამდე იყო.
„დღეის მდგომარეობით ჟურნალისტები ცდილობენ, რომ იგივე რეჟიმში იმუშაონ და გააკეთონ გადაცემები. ახალი გენერალური დირექტორი საქმის ვითარებას ეცნობა. მას შემდეგ, რაც უკვე გაეცნობა და გადაწყვეტილებების მიღებას დაიწყებს, არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება. თუ მოხდება ჟურნალისტებზე რაიმე სახის ზეწოლა, მგონია, რომ ისინი ამაზე საჯაროდ ისაუბრებენ. იმ შემთხვევაში თუკი მსგავს ქმედებას ადგილი ექნება, მე, როგორც იურისტი, ჟურნალისტებს ვურჩევდი, რომ შესაბამის სამართლებრივ ქმედებებსაც მიმართონ.
„რაც შეეხება სხვა ტელევიზიას, რა თქმა უნდა, თეორიულად ეს შესაძლებელია, თუ მოინდომებს გუნდი ეს განხორციელებადია. თანამედროვე ეპოქაში სხვადასხვა ფორმითაც შეიძლება ამის გაკეთება, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი არ არის. ძალიან ცხელია ჩვენი ტრაგედია, ჯერ კიდევ ვერ გამოვდივართ შოკიდან," - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
ცნობისათვის, „რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არხის ახალ მფლობელსა და დირექტორს ერთობლივი განცხადებით მიმართავეს, სადაც საუბარი ეხება სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტიას. გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ჟურნალისტების ამ მოთხოვნებზე ქიბარ ხალვაშთან სავარაუდოდ დღეს ისაუბრებს. სალია დღეს ასევე აპირებს, რომ შეხვედეს ტელეკომპანიის თანამშრომლებს და მათი პოზიციები მოისმინოს.
ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ტელეკომპანიაში მუშაობის 7 წლის განმავლობაში საკუთარი მისია შეასრულა და „რუსთავი 2"-დან გამარჯვებული გამოვიდა. თუმცა, მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის წილების ხალვაშისთვის მინიჭებით საქართველო დამარცხდა და შესაბამისად, მის გამარჯვებას ფასი არ აქვს.
ასევე ამბობს, რომ ამ პროცესების ფონზე გამოიკვეთა ხელისუფლების პრო-რუსულობა. რაც შეეხება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, გვარამიას თქმით, კრიტიკა ამ თემაზე აუცილებელია და მოგვიანებით დეტალურად ისაუბრებს ამაზე.