ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მოსკოვის მიერ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გამო რუსი ტურისტების დიდ „ბუმსაც" კი აანონსებდნენ, საკურორტო სეზონის პიკში ზღვის სანაპიროები და რესტორნები ისევ ნახევრად ცარიელია და აფხაზებს ტურიზმი წელსაც ჩაუვარდათ.
მიზეზი კი არის მაღალი კრიმინალი - ქურდობები თუ ადამიანების გატაცებები, ასევე არც თუ კეთილგანწყობილი ადგილობრივები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და შეუსაბამოდ მაღალი ფასები. ეს პრობლემა წლებია არსებობს, თუმცა ამ სეზონზე ამ პრობლემებს დაემატა ყალბი საგზურებით მოტყუებული ტურისტების რაოდენობაც და როგორც რუსული მედია წერს, თაღლითების მსხვერპლი 1000-ზე მეტი მათი თანამოქალაქე აღმოჩნდა.
რუსული მედია წერს, რომ სწორედ კრიმინალი და თაღლითობები უკარგავს რუს ტურისტს აფხაზეთში დასვენების სურვილს. თავად აფხაზეთის დე ფაქტო უწყებები კი, რომლებიც აღიარებენ, რომ ტურისტული სეზონის პიკში ნახევარი დატვირთვაც არ არის სასტუმროებში, ჩავარდნის მიზეზად ისევ საქართველოსკენ იშვერენ ხელს და თბილისში მიმდინარე აქციებს უკავშირებენ.
აფხაზეთის სასტუმროების კავშირის თავმჯდომარე ასტამურ ახბა აცხადებს, რომ „რუსი ტურისტები ხშირად ვერ არჩევენ საქართველოს და აფხაზეთს".
„ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ ყველა მოვლენა, რაც აქ და იქ ხდება, ურთიერთკავშირშია. ვიმედოვნებდით, რომ რუსი ტურისტებისთვის წელს საქართველოს შეცვლიდა აფხაზეთი, მაგრამ ასე არ მოხდა," - აღნიშნავს ახბა, რომლის თქმითაც, თბილისში აქციების დაწყების პარალელურად რუსებმა ჯავშნების გაუქმება აფხაზეთშიც დაიწყეს.
ახბას თქმით, დღესდღეობით სასტუმროების დატვირთვა 40%-დან 60%-მდე მერყეობს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია ივლისის შუა პერიოდისთვის.
საგულისხმოა, როცა პუტინმა გამოაცხადა, რომ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა შეწყდებოდა და რუს ტურისტებს მოუწოდა, საქართველოში დასვენებაზე უარი ეთქვათ, აფხაზურ მედიაში გაჩნდა სტატიები, რომ „აფხაზეთის კურორტები ელოდებიან ტურისტებს, რომლებსაც საქართველოში დასვენება არ შეუძლიათ და ჯავშნები გააუქმეს".
რუსი სტუმრების დაპატიჟების კამპანიაში ჩაერთო აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასტამურ ბარციციც. მან განაცხადა, რომ „რესპუბლიკაში" ტურისტული სეზონი მთელი დატვირთვით გაჩაღდა, რომ აფხაზეთში სუფთა ჰაერი, ულამაზესი სანაპიროები, სტუმართმოყვარე ხალხია და ყველას ეპატიჟება. ივნისის ბოლოს მან თქვა, რომ გაგრაში 10 000 ტურისტი ამ სეზონზე უკვე ჩამოვიდა, რაც 2-ჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით და ელოდებიან, რომ ტურისტული სეზონის პიკზე - ივლის-აგვისტოში დამსვენებლების სიმრავლე იქნება.
მისი ეს მოლოდინი არ გამართლდა და ახლა თითქმის უკვე ჩავარდნილი სეზონის დანარჩენ საქართველოზე გადაბრალებაც დაიწყო.
სეპარატისტული ხელისუფლებისგან განსხვავებით რუსულ მედიაში ტურისტების ნაკლებობის მიზეზებად სულ სხვა რამ სახელდება - თაღლითობები, საშინელი გზები და უსაფრთხოების არ არსებობა.
რუსულ მედია წერს, რომ აფხაზეთში იმაზე ბევრად უარესი გზებია, ვიდრე ლიბიაში, რომ ტურისტების უსაფრთხოება დაუცველია და რომ 2019 წლის ზაფხულში აფხაზეთში რუსი ტურისტები კვლავ იღუპებიან.
იწერება, რომ მას შემდეგ, რაც მოსკოვმა საქართველოში დასვენებაზე უარი უთხრა რუს ტურისტებს და ისინი აფხაზეთში გადაამისამართა, პირველივე დღეებში აფხაზეთში 2 ტრაგიკული შემთხვევაც დახვდათ რუს ტურისტებს. 9 ივლისს ბიჭვინთასთან ახლოს გადავარდა ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, 16 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამი დღის შემდეგ გაგრაში საავტომობილი გვირაბში დაიმტვრა მიკროავტობუსი, რის შედეგადაც 2 გარდაიცვალა და 5 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. გარდაცვლილები და დაზარალებულები რუსეთის მოქალაქეები არიან.
ასევე იწერება ისიც, რომ აფხაზეთში „დასვენების" კიდევ ერთი დიდი მინუსია თაღლითობები, რომელიც ბოლო დროს ძალიან მოხშირდა და 1000-მდე რუსი ტურისტი გაებმება მახეში.
რუსულის მსგავსად აფხაზური მედიაც წერს, რომ უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში „ტურიზმის სამინისტროს" ცხელ ხაზზე 29 შეტყობინება შევიდა თაღლითების მიერ მოტყუებულ ტურისტებზე. როგორც აღმოჩნდა, ხშირია შემთხვევებია, როცა 15-20%-იან ფასდაკლებებს სთავაზობენ დასვენების მსურველს და ამ ფასდაკლებით აბამენ მახეში. ტურისტი ყიდულობს საგზურს, წინასწარ იხდის სასტუმროს თანხას, რომელშიც კვებაც შედის, შემდეგ კი აღმოაჩენს, რომ სასტუმროში მისთვის ადგილი არავის დაუჯავშნია, შემდეგ კი ასეთი მოტყუებული ტურისტი დე ფაქტო სამინისტროს ცხელ ხაზზე რეკავს. ამ თაღლითობების გახშირების გამო დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრო გამაფრთხილებელი განცხადებაც გაავრცელა, რომ სანამ დასვენების მსურველებმა ჯერ „ტურიზმის სამინისტრის" გვერდზე მოიძიოს სასტუმროს შესახებ ინფორმაცია და შემდეგ დაჯავშნოს ნომერი.