"თუ იქ არის ფრანგული მხარის მიერ ნოტარიულად დამტკიცებული შეთანხმება, მე არ მაქვს არცერთი მიზეზი, რომ ფრანგული მხარის კომპეტენციაში ეჭვი შევიტანო,"-ასე ეხმიანება "მთელ კვირასთან" პარლამენტის ყოფილი წევრი და ჟურნალისტი ანი მიროტაძე ირაკლი ოქრუაშვილის მიერ რუსთავი 2-ის მფლობელობაზე გამოთქმულ პრეტენზიას.
"არ ვიცი, რა დოკუმენტებს ფლობს ოქრუაშვილი, სანახავია სასამართლოში რა შეიტანა, მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, მათ აქვთ ნოტარიულად ხელისმოწერით დამტკიცებული ქიბარ ხალვაშთან გაფორმებული კონტრაქტი რუსთავი 2-ის მესაკუთრეობაზე. რამდენადაც ვიცი ხალვაში ამას უარყოფს, თუმცა თუ ეს არის ფრანგული მხარის მიერ ნოტარიულად დამტკიცებული შეთანხმება, არ მაქვს მიზეზი, რომ ფრანგული მხარის კომპეტენციაში ეჭვი შევიტანო, თუმცა ეს სამართლებრივი საკითხია და სიღრმეებში ვერ შევალ.
"მე, როგორც ჟურნალისტმა (და ის პერიოდი კარგად მახსოვს), ერთი რამ შემიძლია გავიხსენო, რომ თავის დროზე, როდესაც რუსთავი2 გასხვისდა და გახდა ქიბარ ხალვაშის, იმ დროს ხალვაში იყო ოქრუაშვილთან ძალიან დაახლოებული ბიზნესმენი, შეიძლება ითქვას ერთი გარემოცვის წევრები იყვნენ. ასე რომ, მე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ და ვერც იმის მტკიცებას დავიწყებ, რომ ნამდვილად ოქრუაშვილისაა, თუმცა რა თქმა უნდა ჩნდება ეჭვი, როდესაც ადამიანი ინტერესდება ტელევიზიით (ვგულისმობ ქიბარ ხალვაშს) ისე, რომ არანაირი შეხება ტელევიზიასთან არასდროს არ ჰქონდა და არც ტელევიზიის მონათესავე სფეროსთანაც კი მაშინ ცხადია ჩნდება კითხვები,"-ამბობს ჟურნალისტი.
მისივე თქმით, რუსთავი 2-ის საკითხი მხოლოდ მესაკუთრეობის ამბავი არ არის, რადგან იქ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ და მათთვის ეს ტელევიზია ცხოვრების წესია.
"მე ამ საკითხს ვუყურებ შემდეგნაირად, ეს ხომ მხოლოდ მესაკუთრეობის ამბავი არ არის, იქ არიან ადამიანებს, რომლებიც ამ ტელეკომპანიაში წლების განმავლობაში საქმიანობენ, ზოგიერთი მათგანი კი ათ წელზე მეტია, რაც იქ მუშაობს მათთვის ეს ტელევიზია მხოლოდ სამსახური არ არის, ეს მათი ცხოვრების წესია და პრინციპში მათაც კი აქვთ განაცხადონ პრეტენზია იმდენად დიდი ხნის განმავლობაში ქმნიდნენ ამ არხს.
"ამ არხის თანამშრომლები ასე ადგნენ და წავიდნენ, ეს ადვილი არ არის, ძნელია იმის დატოვება, რაც ამდენი ხანი გიკეთებია, რაც შენს თვალწინ გაიზარდა.
"როგორც ქიბარ ხალვაში და მისი წარმომადგენელი აცხადებს, რ2-ის სარედაქციო პოლიტიკა შენარჩუნებული იქნება და არხი შეინარჩუნებს იმ მიმართულებას, ვგულისხმობ კრიტიკული ტელევიზიიის სტატუსს, მაშინ რატომ უნდა წავიდნენ არხიდან? თუ არ იქნება ძალდატანება და რაიმე პირობების შეთავაზება, ალბათ არც არავინ გადაწყვეტს იქიდან წასვლას. ასე რომ, ეს ყველაფერი ძალიან მალე გაცხადდება, რას აპირებს ხალვაში, ჯერჯერობით გაცხადებული რა არის ის, რომ ხალვაში არ აპირებს ამ ადამიანების დამოუკიდებლობა შეზღუდოს.
"მე წავიკითხე ასე, რომ არ იქნება ცენზურა და არ იქნება ე. წ. დაბლოკილი სიუჟეტები და ვნახოთ. საბოლოოდ დრო გვაჩვენებს, როგორ განვითარდება პროცესები და სხვათა შორის ამ ყველაფერს დაეტყობა უახლოეს მომავალში, რამდენად არის ვალში ქიბარ ხალვაში ხელისუფლებასთან," - განაცხადა მიროტაძემ "მთელ კვირასთან".