ეკატერინე ბასილაია
21.07.2019

 „ჩემი ინფორმაციით, არც ხალვაშის და არც ოქრუაშვილის ფული არ გადაუხდიათ 2004 წელს რუსთავი 2-ისთვის, ფული საერთოდ სხვისი იყო... ხელისუფლება ახლა საკმაოდ სერიოზულ უხერხულობაშია შესული, იმიტომ რომ, თუ გამოძიებას დაიწყებს, ვისი ფული იყო, შეიძლება ისეთ რაღაცას გადააწყდეს, რისი თქმაც თვითონ ხელისუფლების ინტერესებში არ იყოს და პრობლემები შეექმნას. ჩიხურ სიტუაციაში აღმოჩნდა. ამიტომ ასეთ გამოძიებას არ ჩაატარებენ," - „რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

გია ხუხაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ბუნებრივია, ჩვენ ამაზე არ უნდა ვიკამათოთ, ის უნდა აღსრულდეს. თუმცა პრობლემა ამ კონკრეტული სასამართლო დავის მიღმაა და ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე დავა პირველ მიშასა და მეათე მიშას შორის. იმიტომ რომ, თვითონ ხალვაშიც ნომინალური მფლობელი იყო და ამაზე საკმარისად ბევრი ინფორმაციაა. ასეთ საკითხებში სანამ სამართლიანობის ჭეშმარიტ აღდგენას არ მივუახლოვდებით, სულ ასეთ უბედურებაში იქნება „რუსთავი 2". რეალურად, ისტორია სულ სხვანაირი იყო და კარგად ვიცით, როგორ მოხდა დამფუძნებლების ჩამოშორება, მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილი იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელევიზიას ფაქტობრივად იძულებით ჩამოაშორეს. მათ პროკურატურაში ამ საქმეზე სარჩელიც აქვთ შეტანილი, რომელსაც მტვერი ედება და ხდება ის, რაც ხდება.

შესაბამისად, საერთოდ არ არის საინტერესო ხალვაში ამ დავაში ყარამანიშვილებთან მართლია თუ მტყუანი, იმიტომ რომ ერთიც და მეორეც სხვადასხვა დროს აფილირებული იყო მაშინდელ ხელისუფლებასთან. ხალვაში იყო იმ ხელისუფლების პირველი ნომინალური წარმომადგენელი. ფულის წარმომავლობაც გაუგებარია. რა ფული იყო გადახდილი, ვისთვის იყო გადახდილი და ვისთვის - არა, იცოდა თუ არა ხალვაშმა, რომ დვალსა და აქიმიძეს ასე პირდაპირ გადაგდებას უპირებდნენ ტერორის ქვეშ - ეს ყველაფერი გამოსაძიებელია. ეს საქმე, რაზეც გესაუბრებით, არის სტრასბურგის დავის საგნის მიღმა. სტრასბურგი ასე ღრმად ვერ წავიდოდა, მას ჰქონდა კონკრეტული მოცემულობა და ის არკვევდა ორ სუბიექტს შორის დავას. სინამდვილეში, სამართლიანობის გაგებით არც ერთი ეს სუბიექტი არ არის „რუსთავი 2"-ის მფლობელი. ანუ, სხვის ქონებაზე დაობდნენ და მათ შორს ერთ-ერთი აარჩია სტრასბურგის სასამართლომ, ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე.

„მ.კ": თუმცა მთავარ პრობლემად დღეს სახელდება ის, რომ ტელევიზია აღარ იქნება კრიტიკული...

გ.ხ: ქიბარ ხალვაშის მხარე გვიმტკიცებს, რომ სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხებიან, რაც სრული აბსურდია და გეტყვით, რატომ. ერთის მხრივ, არის მუდმივი აპელირება, რომ „რუსთავი 2" არის „ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული ინსტრუმენტი და სასაცილოდ ჟღერს, რომ ხალვაში ამ ინსტრუმენტის დატოვებას აპირებს. სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება კი არ არის პრობლემა, შეიძლება ის შეიცვალოს, პრობლემაა - რადიკალურად, საპირისპირო ნიშნით შეცვლაში. ხალვაშს არავინ ეუბნება, რომ სარედაქციო პოლიტიკა იგივე დატოვოს, ეს აბსურდი იქნებოდა, მაგრამ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს ობიექტურობის კუთხით და არა ხელისუფლების პროპაგანდის მიმართულებით, რაზეც ძალზედ სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვია.

ხალვაშს ძალიანაც რომ მოუნდეს ამ კონტროლიდან გამოსვლა და დამოუკიდებელი ტელევიზიის მშენებლობა, ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს, რითაც ძალიან ადვილად დააყენებენ თავის ადგილზე. თუნდაც დვალისა და აქიმიძის საქმიდან გამომდინარე. როცა ეს ორი ადამიანი ღამით მიიყვანეს ნოტარიუსთან და წილები ძალისმიერად, კაპიკებში გადააფორმებინეს ვიღაც ფლოსტებიან კაცზე, რომელმაც იქვე მეყსეულად ტელევიზია გადაუფორმა ხალვაშს, ეს საქმე გამოსაძიებელია, რადგან ძალიან მძიმე დანაშაულთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

„მ.კ": ხალვაშს დვალი-აქიმიძესთან შეთანხმება აქვს, რომ 50%-ს და მართვას გადაუფორმებს და ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა.

გ.ხ: ვნახოთ, ვნახოთ... თუ ხალვაში საერთო ენას გამონახავს კომპანიის დამფუძნებლებთან და მენეჯმენტს გადასცემს დავით დვალს, მე ყველა ჩემ კითხვას მოვხსნი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კითხვები დამრჩეს.

„მ.კ": თუმცა მეორე პრობლემა რაც ახსენეთ - სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, ეს ხომ დვალის მმართველობის შემთხვევაშიც მოხდება და მაშინ აღარ იქნება ეს ცვლილება პრობლემა?

გ.ხ: ყველაფერს ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ამ ისტორიაში ძალიან კარგად ვარ ჩახედული, მათ შორის პირადი კომუნიკაციის თვალსაზრისით, ამიტომ დაახლოებით ვიცი, რას იზამს დვალი. ის შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას, მაგრამ მხოლოდ ობიექტურობის მიმართულებით. ის არ არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება. ეს ჩემთვის დამაკმაყოფილებელია.

„მ.კ": გაქვთ მოლოდინი, რომ დვალი გახდება გენდირექტორი?

გ.ხ: ვერ წარმომიდგენია ეს. ვინც მთელი ეს სპეცოპერაცია ჩაატარა წლების განმავლობაში, მას თუ უნდოდა დვალის კონტროლის ქვეშ ტელევიზიის დაბრუნება, ამის ბევრად უფრო მარტივი გზა არსებობდა - მის სარჩელზე უნდა შემდგარიყო გამოძიება, წილების იძულებით დათმობაზე. ახლა დვალთან საქმის დაჭერა არ მოინდომეს იმიტომ, რომ დვალის კონტროლი ძნელია და ამიტომ ის არც ერთი ხელისუფლებისთვის არ არის საინტერესო. დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით ხალვაშთან პარტნიორობა ბევრად უფრო კომფორტული იყო, ვიდრე დვალი-აქიმიძესთთან და ამიტომ დაიწყო ხალვაშის სარჩელის გამოძიება.

„მ.კ": ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხალვაში სჯობდა პარტნიორად?

გ.ხ: გვარებით ლაპარაკს არ დავიწყებ. პერსონიფიცირებას არ აქვს აზრი. საზოგადოებაში დიდ ხანია განსაზღვრულია, ვინ არის პასუხისმგებელი დღეს...

„მ.კ": ეს არის ივანიშვილი... ახლა ახალ დავას იწყებს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ხალვაშს ტელევიზიის საყიდლად 7 მილიონი მისცა. ეს ახალი დავა თავად ოქრუაშვილის მიმართ აჩენს თუ არა კითხვებს?

გ.ხ: კითხვები ჩნდება ყველასთან. საიდან ჰქონდა მილიონები მას, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემი ინფორმაციით, არც ხალვაშის და არც ოქრუაშვილის ფული არ გადაუხდიათ 2004 წელს, ფული საერთოდ სხვისი იყო.

„მ.კ": ვინ გადაიხადა?..

გ.ხ: თავს შევიკავებ ამაზე საუბრისგან...

მ.კ": ითქვა, რომ ივანიშვილმა.

გ.ხ: ვინც ამას საუბრობს, იმას ჰკითხეთ. ჩემი ინფორმაციით, ეს არის მესამე მხარის ფული და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ეს მესამე მხარე?! ნაწილობრივ, ოქრუაშვილი ამაზე საუბრობს, როცა ამბობს, რომ ეს არ იყო მხოლოდ მისი ფული. ამ დროს კი ხალვაში ამტკიცებს, რომ თავისი ფული გადაიხადა და ეს ასე არ იყო...

„მ.კ": ოქრუაშვილს საიდან ჰქონდა 7 მილიონი, ამით დაინტერესდება გამოძიება?

გ.ხ: ოქრუაშვილი გამოცდილი იურისტია, ამიტომ ამბობს, რომ მარტო მისი ფული არ იყო, სხვების ფულიც იყო. ხელისუფლება ახლა საკმაოდ სერიოზულ უხერხულობაშია შესული, იმიტომ რომ, თუ გამოძიებას დაიწყებს, ვისი ფული იყო, შეიძლება ისეთ რაღაცას გადააწყდეს, რისი თქმაც თვითონ ხელისუფლების ინტერესებში არ იყოს და პრობლემები შეექმნას. ჩიხურ სიტუაციაში აღმოჩნდა. ამიტომ ასეთ გამოძიებას არ ჩაატარებენ.

„მ.კ": ოქრუაშვილის სარჩელზე გამოძიებას არ უნდა ველოდოთ?

გ.ხ: შევხედოთ. მცდელობაში ყველაფერი გამოჩნდება. ფაქტია, „რუსთავი 2"-ის ირგვლივ სულ ასეთი უბედურება იქნება, სანამ არ აღდგება სამართლიანობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×