ეკატერინე ბასილაია
22.07.2019

 ყოფილი თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც „რუსთავი 2"-ის მფლობელობაზე პრეტენზიას აცხადებს, 2014 წელს მიცემულ ცრუ ჩვენებაზე ალაპარაკდა. ოქრუაშვილის თქმით, 2014 წელს ჩვენება, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2" დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს წაართვეს, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით მისცა გორის მერობისთვის არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ და ამ გარიგების შუამავალი პარლამენტის იმდროინდელი სპიკერი დავით უსუფაშვილი იყო.

მის ამ განცხადებას გამოეხმაურა ადრესატიც. დავით უსუფაშვილის თქმით, მას ოქრუაშვილთან არანაირი მოლაპარაკება ცრუ ჩვენებაზე არ ჰქონია და თუ ოქრუაშვილი ცდილობს გარიოს საქმეში, ეს იქნება მორიგი „საამაყო" ფურცელი მის ისტორიაში.

უსუფაშვილის განცხადებით, ის 2014 წელს შეხვდა ოქრუაშვილს და საუბარი შეეხო მხოლოდ იმას, რომ ოქრუაშვილს სურდა მნიშვნელოვანი ჩვენების მიცემა გამოძიებისთვის და სურდა „ოცნებასთან" პოლიტიკური თანამშრომლობა და ის, რომ ის ყალბი ჩვენების მიცემას აპირებდა, ნახსენები არც ყოფილა და ვერც იქნებოდა.

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ოქრუაშვილის ბოლო დღეების განცხადებები მის საწინააღმდეგოა სამართლებრივად - ეს ეხება 7 მილიონის წარმომავლობასაც და იმასაც, რომ თურმე 2014 წელს ცრუ ჩვენება მისცა გამოძიებას.

„საერთოდ, ოქრუაშვილის პიროვნება, როგორც პოლიტიკოსის, რაღაც კურიოზებთანაა დაკავშირებული. თან ამბობს, რომ იურისტია და თან, ისეთ რაღაცეებს აცხადებს, რომელიც პირდაპირ მისი საწინააღმდეგოა სამართლებრივადაც.

"თავი რომ დავანებოთ მორალურ მხარეს, როცა პირდაპირ იძახის, რომ 2014 წელს ასე მჭირდებოდა და ასე ვიძახდი, ახლა, 2019 წელს საპირისპიროს ვამბობ, იმიტომ რომ, ასე მჭირდება. ამბობს, რომ არაფრის არ ეშინია, მაგრამ გვახსოვს, როცა სააკაშვილის დროს დაიჭირეს, ციხეში გატარებული 2 დღის შემდეგ ყველაფერზე უკან დაიხია და ყველაფერზე ბოდიშები იხადა.

"ახლა აცხადებს, რომ თურმე ცრუ ჩვენება მისცა. მე მგონია, რომ ასეთი დისკრედიტირებული პიროვნების მხრიდან განცხადებებს საერთოდ სერიოზულად არ უნდა შეხედოს საზოგადოებამ.

„რაც შეეხება სამართალდამცველ ორგანოებს, მათ სრული საფუძველი აქვთ, ოქრუაშვილი მის მიერვე ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარონ და პირველი - 7 მილიონის წარმომავლობაზე, თუკი ასეთი რამ იყოს, მოიკითხონ. ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ისეთ ადამიანები მაძლევდნენ მილიონებს, მათი თანხმობის გარეშე ვერ განვაცხადებო.

"ასე საუბარი არასერიოზულია, ის საჯარო მოხელე იყო და ვალდებულება გააჩნია, დეკლარაციაში ასახოს ყველა შემოსავალი. მეორე, გამოძიება უნდა დაინტერესდეს იმითაც, რომ თურმე 2014 წელს მოიტყუა და ცრუ ჩვენება მისცა. თუ ამას სერიოზულად მიუდგება სამართალდამცველი ორგანოები, თავისუფლად შეუძლიათ მის მიმართ სს დევნის დაწყება,"- ამბობს ნიკოლაიშვილი.

მისივე თქმით, სამართლებრივთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია მეორე მხარე - მორალური და რეპუტაციული.

„მისი რეპუტაცია ამ ყველაფრის შემდეგ, როცა დღეს ერთ ამბობს, ხვალ - მეორეს, დღეს მეგობარია, ხვალ - მტერია. ისიც კი თქვა, რომ „ვარდების რევოლუციას" მე ვაფინანსებდიო. ესეც ახალი ამბავი.

"აქამდე ათასმა ქარიშხალმა გადაიარა მის თავზე და ეს ფრაზა პირველად გაჟღერდა. მე, როგორც მოქალაქე, ძალიან კრიტიკულად ვუყურებ მის პოლიტიკოსობას და მის ყველა სიტყვას. არაფერი არ მჯერა, იმიტომ, რომ, როცა როგორც სჭირდება, ისე ლაპარაკობს. ხოლო როგორც იურისტი, ვიტყვი, რომ ეს კაცი საკუთარი თავის წინააღმდეგ არაერთ განცხადებას აკეთებს, რომელიც ხელმოსაკიდია სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან," - დასძენს იურისტი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა უკვე ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში არსებული „რუსთავი 2"-ის წილებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით.

ოქრუაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ან ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, ან თავიდან მოითხოვს ყადაღის დადებას.

ამასთან ის გამოეხმაურა „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის მიერ ორი დღის წინ გასაჯაროვებულ ირაკლი ოქრუაშვილია ჩვენებას, რომელიც მან პროკურატურას 2014 წლის აპრილში მისცა.

„პოლიტიკაში არსებობს ტერმინი, ბინძური თეთრეულის გამოფენა. ჩემი მიზანი არ ყოფილა ამ თეთრეულის გამოფენა, მაგრამ დვალმა ისურვა ამ თემაზე ლაპარაკი... 2014 წლის პირველ აპრილს ვარ დაკითხული, 15 ივნისს არის ადგილობრივი არჩევნები, როცა გორში მერობაზე ვაპირებ კენჭისყრას. ეს ის პერიოდია, როცა "ოცნება" ცხენზე ზის და მათთვის კონკურენციის გაწევა იოლი არ არის. მე დავიწყე ურთიერთობების გარკვევა ივანიშვილთან, იმ მიზნით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო.

"ერთი, რომ ხელი არ შემეშალა მათთვის ანუ დისონანსი არ შემეტანა მათ გეგმებში და მეორე, გარკვეული სახის ხელის არ შეშლის მხარდაჭერა მიმეღო. ამისთვის ვთხოვე მხარდაჭერა დავით უსუფაშვილს.

"უსუფაშვილმა ივანიშვილისგან მომიტანა ძალიან მარტივი მესიჯი, პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება, ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო. არჩევნებთან დაკავშირებით ჩემ რაღაც საკითხის გარკვევაზე არის ეს პასუხი. შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მან მომთხოვა ამ ჩვენების მიცემა ასეთი სახით, როგორითაც მაქვს", - განაცხადა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ უსუფაშვილის გვარი მასთან შეთანხმებით ახსენა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც, მისი თქმით, ამოწერილია ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გამოძიებისთვის 2014 წელს მიცემული ჩვენებიდან. ამ ინფორმაციის თანახმად, ოქრუაშვილმა იცოდა, რომ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს აიძულეს წილების დათმობა და ეს დაგეგმა ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×