საქართველოში, დაცლილი და დაცლის პირას მყოფი სოფლების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს - სად და რატომ მიდის სოფლის მოსახლეობა, რატომ ტოვებს მამა-პაპისეულ ადგილს, რაზე აისახება სოფლების დაცლა, რა შემთხვევაში დაბრუნდებიან ისინი იქ და რას აკეთებს ამისათვის სახელმწიფო.
სოფლის დაცლის ძირითადი მიზეზი ეკონომიური სიდუხჭირე და არასათანადო პირობებია, გლეხის ერთადერთი შემოსავლის წყარო მიწათმოქმედებაა, მიწის დამუშავებისთვის უმეტეს მათგანს საკმარისი თანხა არ აქვს, სოფელში კი სამუშაო ადგილები თითქმის არ არის, სოფლის დაცლის კიდევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ისიც სახელდება რომ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდას სკოლის დასრულების შემდგომ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მხოლოდ დიდ ქალაქებში აქვთ, მათი უმეტესობა უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდგომ კი სოფელში უკან აღარ ბრუნდება, რაც განაპირობებს იმას, რომ დასახლებულ სოფლებში ახალგაზრდები თითქმის აღარ არიან.
საქართველოში 4700 სოფელია, აქედან დაახლოებით 300 მთლიანად დაცლილია ხოლო 250 სოფელში კი 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაცლილი და დაცლის პირას მყოფი სოფლები უმეტესწილად მაღალმთიან რეგიონებშია.
იმის გამო, რომ სოფელში მცხოვრებთათვის არასათანადო პირობებია შექმნილი, ისინი სამუშაო ადგილებისა და უკეთესი პირობების შესაქმნელად ურბანულ ცენტრებისკენ მიიწევენ, უარეს შემთხვევაში კი საქართველოს ფარგლებს გარეთ გადიან.
შიდა მიგრაცია საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის არათანაბრად გადანაწილებას განაპირობებს, მათი მზარდი კონცენტრაცია კი საქართველოს დედაქალაქში შეინიშნება, თბილისში საქართველოს მოსახლეობის თითქმის 30 % ცხოვრობს, რაც 2016 წლის მონაცემებით დაახლოებით 1 118 000 ადამიანია, მათი დასახლება-გადანაწილება კი ბოლო დროს თბილისის ტერიტორიების გაზრდით ხერხდება.მოსახლეობის ზრდა ასევე შეინიშნება ისეთივე დიდ ურბანულ ცენტებში როგორიცაა: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და სხვა დიდი ქალაქები.
სოფლების დაცლა მძიმედ აისახება მატერიალური წარმოების ერთ ერთ ძირითად დარგზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, რომელიც ეკონომიკის ძირითად ღერძს წარმოადგენს, თავის მხრივ სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა,მეჩაიეობა და სხვა.
სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ეკონომიკის განვითარებისთვის კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობაა საჭირო.
საქართველოს რეგიონური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებულია 2015 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ შემოღებული "კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" , სადაც ნათქვამია, რომ მაღალმთიანი დასახლების განვითარების 4 წლის ბიუჯეტმა 86 მლნ ლარი შეადგინა, ასევე, აღნიშნულია, რომ ფონდიდან ფინანსდება ისეთი პროექტები, როგორებიცაა: საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგება-წყალარინების, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია,კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია,სპორტული ინფრასტრუქტურა,სოფლის მეურნეობის და სოციალური პროექტები.
სამინისტროს ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან დაფინანსდა:"სათიბ საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამა","რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა","მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობისთვის სახელმწიფო პროგრამა","ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაცის პროგრამა"
"ელექტროენერგიის გარეშე არსებული დასახლებებისათვის მზის პანელების პროგრამა"
"მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა"
"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი", ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე".
დმანისის რაიონის ერთერთი სოფლის მკვიდრი ი.მ , რომელიც ახლა თბილისში იმყოფება "რეზონანსთან" სოფლიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს.
"ჩემი სოფლიდან წამოსვლის მიზეზი ის გახლავთ, რომ ფინანსების ნაკლებობის გამო ვერ ვამუშავებდი ჩემს საკუთარ მიწის ნაკვეთს და შესაბამისად შემოსავალიც არ მქონდა, სამუშაო ადგილები კი, მოგეხსენებათ, რომ სოფელში საერთოდ არ არის.
"თბილისში ჩამოვედი იმ პირობით, რომ რაღაც თანხას დავაგროვებდი და შემდეგ სოფელში დავბრუნდებოდი და დავამუშავებდი ჩემს სავარგულებს. აქ რკინის საამქროში ვმუშაობ, მაგრამ გამომუშავებული ფული გადასახადებში და საკვებში არ მყოფნის.
"მე, ისევე როგორც უმეტესობას, ბანკიდან კრედიტი მქონდა აღებული, მაგრამ რამდენიმე თვე ვერ გადავიხადე და შავ სიაში მომაქციეს - ზუსტად ამიტომაც აგრო კრედიტებს და მსგავს სოფლის მეურნეობებზე გათვლილ სესხსაც ვერ ვიღებ. (მთავრობამ კი დამიფარა დავალიანება მაგრამ ისევ ნეგატიურ მსესხებლად ვითვლები) ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ჩემნაირი ადამიანებისთვის უნდა შექმნას რაღაც ისეთი, რაც ხელს შეუწყობს სოფელში ჩვენს დაბრუნებას.
"სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მშობლიური მიწიდან და მამაპაპისეულ სახლ- კარიდან მოწყვეტა ძალიან რთულია, მირჩევნია სოფელში ვცხოვრობდე და მქონდეს მცირედი შემოსავალი." - განაცხადა "რეზონანსთან" დმანისის რაიონის სოფლის მკვიდრმა
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ სოფელში სადაც ი.მ. ცხოვრობს, ახალგაზრდები თითქმის აღარ არიან და მიმდებარე დაახლოებით ათამდე სოფელი მთლიანად დაცლილია.
ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ სულაბერიძე "რეზონანსთან" სოფლების დაცლის ძირითად მიზეზებზე საუბრობს.
"მოსახლეობაში ქალაქური ცხოვრების სტილი შევიდა, სოფლად ფერმერული მეურნეობები ჯერჯერობით ვერ ვითარდება, ამას ხელშეწყობა უნდა და სოფელში მეტი რაღა დარჩენია კაცს. მითუმეტეს, დაბალი ანაზღაურებისა და მძიმე შრომის პირობებში, ან თბილისში მოდის, ან საქართველოს დიდ ქალაქში, ან უცხოეთში მიდის, ეს არის სოფლების დაცლის ძირითადი მიზეზები.
"სოფლებში ხალხის დაბრუნების საკითხი ცოტა რთულია, ამაზე მსოფლიო დემოგრაფები და ურბანისტები მუშაობენ, სოფლის შენარჩუნება, ერთადერთი გზაა თემების მეშვეობით, მაგრამ პრივატიზების პირობებში, თანდათან მიწები გაიყიდება, ერთი ან რამდენიმე მესაკუთრე ეყოლება, მერე იქ სოფლის აღდგენა ძალიან რთული იქნება.
"საქართველოში მთიანი რეგიონებია, მთაში სახნავი მცირეა, ამიტომ იქ ვინც რჩება, ის მეცხოველეობას მისდევს და ესეც ძალიან მცირე შემოსავლიანია, ასეთ რეგიონებში მეცხოველეობის განვითარებას სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი იქ სხვა ვერაფერს ვერ გაუკეთებს, სხვანაირად იქ ხალხს ვერ გაამაგრებ.
"თბილისის გარდა თითქმის ყველა რეგიონში სამუშაოების ნაკლებობის გამო დასაქმება დაბალია რაც მიგრაციის ძირითადი მიზეზია" - აცხადებს დემოგრაფი.