„აშშ-ს შეუძლია ეს გამოსახლება დაიწყოს სასამართლოს გვერდის ავლით. სანამ უშუალოდ სასამართლო მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ტრამპს სურს, რომ სასამართლოს დაასწროს, რაც კიდევ უფრო გაართულებს ამერიკის ურთიერთობას ლათინური ამერიკის სახელმწიფოებთან.
"თანაც, ეს ურთიერთობა ამერიკას მაინცდამაინც ჰარმონიზირებული არ აქვს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აშშ-ის მთავრობის მიერ დაჩქარებული დეპორტაციის ახალი წესის შემოღების შესახებ საუბრისას.
აშშ მიგრანტების დეპორტაციას დაჩქარებული წესით, სასამართლოს გვერდის ავლით, იწყებს. მთავრობამ ახალი, სწრაფი დეპორტაციის პროცესი დანერგა, რომლის მიხედვითაც მიგრანტებს, რომლებიც ვერ დაამტკიცებენ, რომ აშშ-ში მუდმივად იმყოფებოდნენ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ ქვეყნის დატოვება მოუწევთ. ახალი კანონის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აშშ-დან მიგრანტთა დეპორტაცია რა პრინციპით მოხდება, რა რაოდენობის გამოსახლებაზე შეიძლება ვისაუბროთ და ამ შემთხვევაში, ქართველებს ელით თუ არა ეს პროცესი? ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" ანალიტიკოსს ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
მაისაია ვარაუდობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოსახლებას ლათინური ამერიკის მიგრანტებით დაიწყებს, რაც, მისი თქმით, ურთიერთობას უფრო მეტად დაძაბავს.
„ეს საკითხი განიხილება, თუმცა ჯერ თვითონაც არ იციან როგორ მოხდება ამის განვითარება, - თუ როგორ აპირებს ტრამპი მიგრანტების საკითხის დაყენებას. გააჩნია, რომელი შტატებიდან დაიწყებს მიგრანტების გამოსახლებას. ალბათ, საუბარია უფრო ლათინური ამერიკის მიგრანტებზე, რომელიც დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი. ტრამპს სწორედ ამიტომ უნდა მექსიკის კედლის აღმართვა.
„აშშ-ს შეუძლია ეს გამოსახლება დაიწყოს სასამართლოს გვერდის ავლით, თუ ის საკანონდებლო აქტებს გამოიყენებს. სანამ უშუალოდ სასამართლო მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ტრამპს სურს, რომ სასამართლოს დაასწროს, რაც კიდევ უფრო გაართულებს ამერიკის ურთიერთობას ლათინური ამერიკის სახელმწიფოებთან.
"თანაც, ეს ურთიერთობა ამერიკას მაინცდამაინც ჰარმონიზირებული არ აქვს. ამერიკას ლათინურ ამერიკაში რამდენიმე სტრატეგიული მოკავშირე ჰყავს; აქ უფრო მეტად ანტიამერიკული სენტიმენტებია, ვიდრე მაგალითად ჩვენ რუსეთის მიმართ გვაქვს," - აღნიშნა მან.
ამ დრომდე, დაჩქარებული წესით დეპორტაცია მხოლოდ მათზე ვრცელდებოდა, ვისაც საზღვართან ახლოს დააკავებდნენ, კერძოდ კი იმ მიგრანტებზე, რომელთაც აშშ-ში ორ კვირაზე ნაკლები ჰქონდათ გატარებული. უფლებადამცველთა ნაწილი აცხადებს, რომ ახალი წესების პირობებში ასობით ათასი ადამიანი დაზარალდება. დაჩქარებული დეპორტაციის ახალი წესი ძალაში დღეიდან შედის.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი აშშ-დან ქართველთა მასობრივი გამოსახლება დაიწყება, ეს ფაქტი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზე დიდ ზეგავლენას არ იქონიებს, რადგან საქართველო აშშ-დან ფულად გზავნილებზე ისე არ არის დამოკიდებული, როგორც მაგალითად, რუსეთზე.
„ეს ქართველ ემიგრანტებს რამდენად შეეხება, ამის თქმა რთულია. აშშ-ში ქართველების მაინცდამაინც დიდი მასა არ არის წარმოდგენილი, რომ მათზე დაიწყოს მიზანმიმართული დევნა.
"იმედია ეს არ მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ეს დადებითი მოვლენა არ იქნება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სტრატეგიულ მეგობრები ვართ, არამგონია დიდი ხინჯი დატოვოს, რადგან აშშ-ში ემიგრანტების რაოდენობა 5%-დან 10%-მდე შეადგენს.
„ყველაზე მეტი ემიგრანტთა ტალღა რუსეთშია წარმოდგენილი. არამგონია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაზე ამან სერიოზული გავლენა მოახდინოს. ეკონომიკურად, ამერიკაზე დიდად არ ვართ დამოკიდებული, ვგულისხმობ გადმორიცხულ თანხებს, როგორც ეს რუსეთთან მიმართებაშია მთელი ეროვნული შემოსავლის დონეზე, რომელიც ქმნის გავლენას," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.