„ის, რომ აშშ-ს, ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოში დღემდე ელჩი არ ჰყავს, ცუდი ფაქტია, რადგან ეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში დღის წესრიგში არსებულ ძალიან ბევრ საკითხს აჩერებს," - აცხადებს „რეზონანსთან" „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოში აშშ-ის ელჩის დღემდე არდანიშვნის შესახებ საუბრისას.
აშშ-ს საქართველოში ელჩი დღემდე არ დაუნიშნავს და წელიწადზე მეტია უკვე, რაც ეს პროცესი დროში იწელება. ხოლო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას დღეს ელიზაბეთ რუდი იკავებს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილის, ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა გასული წლის ოქტომბერში, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე განიხილებოდა, თუმცა ის ქართულმა მხარემ დაბლოკა, რაზეც საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი ამ პროცესში არ ერევა.
ბათუ ქუთელიას განცხადებით კი, საქართველომ მიერ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურისთვის უარის თქმით შეცდომა დაუშვა.
„ორი პრობლემა არსებობს იმისთან დაკავშირებით, თუ რატომ ჭიანურდება ელჩის დანიშვნა საქართველოში: ერთ-ერთი არის ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, ძალიან ახლომხედველურად გადაწყვიტა ისეთი კანდიდატისთვის უარის თქმა, როგორიც ბრიჯიტ ბრინკია. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციამ ამერიკის პრესაში გაჟონა. ეს ადამიანი უკვე სლოვაკეთში დაინიშნა ელჩად.
„მეორე პრობლემა ის არის, რომ ზოგადად, სახელმწიფო დეპარტამენტში ძალიან ბევრი ვაკანსია არის და დანიშვნის პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს. მაგალითად, ახლახანს დაინიშნა ლიტვაში ელჩი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში არ იყო დანიშნული. იმედია, რომ ძალიან მალე გვეცოდინება კონკრეტული გვარი და სახელი, რადგან, როგორც ჩვენი ქვეყანა, ისე ზოგადად რეგიონი, უკვე მგრძნობიარე პოლიტიკურ სიტუაციაში შედის. ამიტომაც, აშშ-ის ელჩის ყოფნა ფიზიკურად ძალიან მნიშვნელოვანია," - აღნიშნა მან.
22 ივლისს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ამერიკელი დიპლომატი ალექსანდრ ვერშბოუ ინიშნება, თუმცა მეორე დღეს ინფორმაცია თავად ვერშბოუმ უარყო:
„ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და ნატოსკენ მისი მისწრაფების მხარდამჭერი, მაგრამ მე არ ავრჩეულვარ აშშ-ის ელჩად," - დაწერა საპასუხოდ ამერიკელმა დიპლომატმა.
ქუთელია „რეზონანსთან" საუბრისას ვერ ასახელებს, კონკრეტულად საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია ქართულ მედიაში, თუმცა, ასევე ამბობს, რომ ალექსანდრ ვერშბოუ ყოველთვის იყო საქართველოს გულშემატკივარი ნატო-ში გაწვერიანების კუთხით. მისი თქმით, ვაშინგტოში საქართველოს ბევრი კარგი და ძლიერი მეგობარი ჰყავს და ნებისმიერი დიპლომატის დანიშვნა მისაღები იქნება.
„ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოს ძალიან დიდი მეგობარია. ის ყველა თანამდებობაზე აქტიურად გვიჭერდა მხარს, ეს იქნებოდა პირდაპირ თუ ირიბად. როდესაც ის ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე იყო, საქართველოს მისი მხარდაჭერა ჰქონდა.
"ახლა კი ატლანტიკურ საბჭოში მისი მოღვაწეობა ერთ-ერთი ძლიერი მხარდაჭერით გამოირჩევა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. თუმცა, მან თავად უარყო გავრცელებული ინფორმაცია. როგორც ჩანს, ეს საკითხი არ განიხილება, მაგრამ, ვაშინგტოში ძალიან ბევრი კარგი და ძლიერი მეგობარი გვყავს. ნებისმიერის დანიშვნა, რაც შეიძლება მალე, მნიშვნელოვანია.
ცნობისათვის, ალექსანდრ ვერშბოუ 2001-2005 წლებში იყო აშშ-ის ელჩი რუსეთში, მანამდე კი იკავებდა ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას. 2009-2012 წლებში ვერშბოუ იყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2012-2016 წლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე. სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ალექსანდრ ვერშბოუმ საქმიანობა ატლანტიკურ საბჭოში გააგრძელა.