„ვირთხა“, „ბოდიში აქვს მოსახდელი“ - „ოცნების“ წევრების მორიგი თავდასხმა ეკა ბესელიაზე
ეკატერინე ბასილაია
23.07.2019

 დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში პირველ გამავრცელებლად შს სამინისტრომ ორი ადამიანი დაასახელა, ერთი სომხეთის ციხეში სასჯელს იხდის, მეორე - რუსეთის მოქალაქეა. ორივეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

ბესელია აცხადებს, რომ ახლა ბევრად მეტი კითხვა გაუჩნდა, ვიდრე ჰქონდა, რადგან სომხეთის ციხეში მყოფ ამ ადამიანზე მას ინფორმაცია ერთი თვის წინათაც ჰქონდა და მაშინ გამოძიებამ უარყო, რომ ის პატიმარი პირველწყარო იყო.

ბესელიას კადრების გავრცელების თემას „ოცნებაშიც" გამოემხაურნენ ბესელიაზე ახალი თავდასხმებით და ახალი ბრალდებებით. ვანო ზარდიაშვილმა თქვა, რომ ბესელია არის ე.წ. ვირთხა, რომელსაც ჟურნალისტ ნოდარ მელაძესთან გაჰქონდა ინფორმაცია. რატი იონატამიშვილამა კი განაცხადა, რომ ეკა ბესელიას ბოდიში აქვს მოსახდელი, იმის გამო, რომ ფარული კადრების გავრცელებაში მმართველ გუნდს ადანაშაულებდა, რაც ამაზრზენი და მდაბიო საქციელია.

საგულისხმოა ის, რომ ორშაბათს ფარული კადრების საქმე ეკა ბესელიამ კიდევ ერთხელ გაიხსენა „რუსთავი 2"-თან და თქვა, რომ გამოძიება სწორედ იმიტომ არ იძვრის, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება „შორს არ არის მმართველი პარტიისგან".

მან თქვა, რომ როცა ის „ქართული ოცნების" წინააღმდეგ წავიდა, თანაგუნდელებმა გააფრთხილეს და უთხრეს, რომ პარტიის დატოვების შემთხვევაში მის წინააღმდეგ ზეწოლა და მორალური ტერორი მოხდებოდა და „ვერ დაიცავდნენ". გაფრთხილებას კი მალევე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება მოჰყვა.

ორშაბათს ბესელიას მმართველი გუნდიდან ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ბესელიას მხრიდან ამ განცხადების გაკეთება უკვე დამღლელია და რომ ახლა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის გამოუძიებლობის თემის წინ წამოწევა ბესელიას პიარ-კამპანიის ნაწილია.

ბესელიას მხრიდან გამოძიების გაჭიანურებაზე გამოთქმული მორიგი პრეტენზიის მეორე დღეს კი შს სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგი დანიშნა და საქმე გახსნილად გამოაცხადა.

შსს-ის ინფორმაციით, დანაშაულის შემცველი კადრები მკვლელობისთვის ამჟამად პატიმრობაში მყოფმა დამნაშავემ, სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაავრცელა. მას ბრალი უკვე წარედგინა. აღნიშნული კადრები კი დ.ა.-მ რუსეთის მოქალაქისგან მიიღო, რომელსაც ასევე დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი.

შსს-ში განმარტავენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2012 წლის მაისში გადაიღეს და სოციალური ქსელის მეშვეობით უკვე 2019 წელს გავრცელდა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სულ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 19 პირია პასუხისგებაშია მიცემული.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ ამ ბრიფინგის შემდეგ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა, ვიდრე აქამდე ჰქონდა.

„მგონი ცოტა მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, რადგან სომხეთის ციხეში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვეა, ვიცოდით. მახსოვს, „რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა ინტერვიუ სწორედ ამ პატიმართან, რომელიც ძალიან უცნაურ რაღაცებს ამბობდა. არ ვიმეორებ იმ ფრაზებს, რაც მაშინ თქვა, რასაც და ვისაც ასახელებდა. მაშინ ეს არავინ ჩათვალა სერიოზულად. ამ პატიმრის თაობაზე ცნობილია რამდენიმე თვეა, აქამდე მაშინ რატომ არ იყო მისთვის ბრალი წარდგენილი?"- აცხადებს ბესელია.

ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ მას რამდენიმე დღის წინ კომუნიკაცია ჰქონდა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც იკითხა, იყო თუ არა ეს პირი პირველწყარო, ვინც სოციალურ ქსელში კადრები გაავრცელა და გამომძიებლებმა მას განუცხადეს, რომ აღნიშნული პირი პირველწყარო არ იყო.

ამ ბრიფინგის შემდეგ კი ბესელიაზე მორიგი თავდასხმა დაიწყეს „ოცნების" დეპუატატებმა.

რატი იონათამიშვილმა თქვა, რომ ბესელიას, რომელიც მომხდარში მმართველ გუნდს ადანაშაულებდა, ბოდიში აქვს მოსახდელი.

„ძალიან დიდი ხნის მანძილზე გვესმოდა თავდასხმა, რომ თითქოს ამის უკან იდგნენ ეკა ბესელიას ყოფილი თანაგუნდელები, რაც იყო ერთ-ერთი ამაზრზენი, რადგანაც მაშინათვე ვამბობდი, რომ როგორც დანაშაულია მიუღებელი და განსაკუთრებით მდაბიო საქციელი, ასევე ცილისწამებაც არის იგივე. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ როდესაც აჩენდა ადამიანი კითხვის ნიშნებს და არ ჰქონდა არგუმენტები, ბოდიში აქვს მოსახდელი მისივე თანაგუნდელებთან,"-განაცხადა იონათამიშვილმა.

ვანო ზარდიაშვილმა კი ბესელია ვირთხას შეადარა და მას ბრალი დასდო „რუსთავი 2"-თან გუნდის შიდა ინფორმაციების ფარულ გატანაში.

„ის ინფორმაციების გაჟონვა, რომელიც "ქართულ ოცნებაში" ხდებოდა ხოლმე უკვე დადგენილია. ჩემი აზრით, უკვე უდავოა ეს ფაქტი. ეს იყო ეკა ბესელია. მას ჰქონდა პირდაპირი კავშირი ნოდარ მელაძესთან, რომლის მეშვეობითაც ჟონავდა ხოლმე უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია.

"ამის დამადასტურებლად მე გეტყვით ერთ ფაქტს. იმ ცნობილი უმრავლესობის სხდომიდან, სადაც ეკა ბესელიასთან მიმართებაში დაისვა კორუფციასთან მის სიახლოვესთან კითხვები, რატომღაც იმ უმრავლესობის სხდომაზე ამ ინფორმაციას არ გაუჟონია, მხოლოდ და მხოლოდ გამოვიდა ის ინფორმაცია, რომ ვითომ ირაკლი კობახიძემ მოუხადა ბესელიას ბოდიში...

"დასტურდება, რომ ეკა ბესელია იყო ნოდარ მელაძესთან მიბმული ე.წ. ვირთხა, რომელსაც გააქვს ხოლმე შიგნიდან ინფორმაციები. საბოლოო ჯამში ნიღაბი ჩამოეხსნა ამ ქალბატონს, რომელიც როგორც გუნდის შიგნით, ასევე გუნდის გარეთ მხოლოდ კორუფციული ინტერესებიდან მოქმედებს და მას სხვა ინტერესი არ გააჩნია.

"მან ქვეცნობიერად ვერც კი გაიგო, თავის პარტიის ფერად აირჩია დოლარის ფერი და ასე ეხვეწება თემიდას, რომ იქნებ ფული აშოვნინოს, მაგრამ ვერ მიიღებს ეკა ბესელია სასამართლოდან ფულის შოვნას. მისი სახე არის ნათელი,"-განაცხადა ზარდიაშვილმა.

ზარდიაშვილის ბრალდების პასუხად ეკა ბესელიამ თქვა, რომ ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლებს.

„გაფრთხილებას ვაკეთებ ახლა ძალიან მკაფიოდ. ამ არარაობას ახლა, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფრად არ ვთლი, ამას რომ არ ვაპატიებ, ეს თავისთავად ცხადია. მის მიერ პარლამენტის დატოვების საკითხს დავაყენებ ეთიკის საბჭოში, რომ მას დაატოვებინონ საერთოდ პარლამენტის მანდატი, რომელიც მოიპოვა ჩინჩალაძის წყალობით და მისი შუამავლობით ჩაასმევინა „ქართულ ოცნებას" თავი.

"აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს და მასაც მოვთხოვ პასუხს, რა თქმა უნდა, ისე, რომ მასთან არავითარ პოლემიკაში არ შევალ, იმიტომ, რომ აი, ამაზე უფრო დაბლა ადამიანი ფსკერი არ არსებობს და მინდა, ივანიშვილი გავაფრთხილო, თუ ასეთ არარაობებს კვლავ გამოიყვანს სპიკერად აი, ასეთი სიბინძურეების სალაპარაკოდ, ძალიან მკაცრი იქნება და ძალიან მძიმე მოსასმენი იქნება ჩემი პასუხები. აი, აქ დავსვამ მე ახლა წერტილს და მე მგონი, გასაგებად ვლაპარაკობ,"- განაცხადა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×