ეკატერინე ბასილაია
23.07.2019

 „დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შალვა თადუმაძე გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და უფრო მეტიც, ალბათ თავმჯდომარეც... თადუმაძე იმავე ენით გვესაუბრებოდა, როგორც გვესაუბრება ხოლმე ბატონი სერგო მეთოფიშვილი. არაფრით განსხვავდებოდა.

"ველოდი, რომ როგორც გენერალური პროკურორი სოლიდურობის შენარჩუნებას მაინც ეცდებოდა, მაგრამ არა, მოვიდა, გვეჩხუბა და წავიდა,"- აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

„რეზონანსი": უზენაესში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. 50 კანდიდატიდან უნდა შეირჩეს 20 კანდიდატი და რა მოლოდინი გაქვთ, როგორ 20-კაცან სიას მივიღებთ?

ნაზი ჯანეზაშვილი: სამწუხაროდ, პროცესები ძალიან სერიოზული პრობლემებით, დარღვევებით მიმდინარეობს და განსაკუთრებით პიკს მიაღწია მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ე.წ. სხდომის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა წარმართოს ისე, რომ 19 საათზე დაიწყოს კანდიდატთან გასაუბრება. ეს მიუღებელია.

მეოთხე დღეა კანდიდატების მოსმენაა და პროტესტის ნიშნად ვტოვებ გასაუბრებას. მიმაჩნია, რომ გასაუბრების მიმდინარეობით დაინტერესებულია და ამ თემებზე მუშაობს არაერთი აქტორი, მათ შორის ორგანიზაციები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ჟურნალისტები, აკვირდებიან ამ პროცესებს და 10-12 საათის რეჟიმში დაკვირვება შეუძლებელი და არაეფექტურია.

საერთოდ, გვრიტიშვილი რატომ არის სხდომის თავმჯდომარე არ ვიცი, მაგრამ მოვუწოდე, რომ შეეწყვიტა პროცესი 19 საათზე, რაზეც უარი განაცხადა. ეს არის მაგალითი იმის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო როგორც ჩქარობდა დეკემბერში, რომ ახალ წლამდე როგორმე მოესწროთ კანდიდატების წარდგენა და შემდგომ მალევე მიეღოთ დასტური პარლამენტისგან, ისე ჩქარობენ ახლაც, რომ პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე განიხილოს ეს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება.

როგორც ჩანს, საიდანღაც დაკვეთა აქვთ მიღებული, რომ რაც შეიძლება დროულად წარადგინონ კონკრეტული გვარები პარლამეტში. ეს არის მიუღებელი, როცა ამ ისტორიული მოვლენას ამგვარად აფუჩეჩებს კლანი, რომელიც იუსტიციის საბჭოშია წარმოდგენილი.

„რ": მოსმენების დროს ყველაზე დიდ პრეტენზიას რა იწვევს თქვენში?

ნ.ჯ: გასაუბრების მიმდინარეობისას ძალიან კარგად ჩანს, ვინ არის საბჭოს უმრავლესობის ფავორიტი. პირველი - ხშირად ძალიან აშკარაა, რომ რაღაც კითხვები წინასწარ შედგენილ-მომზადებული და ვიღაცასთან გაზიარებულია, ეს გასაუბრების მიმდინარეობისას იკვეთება; მეორე - ეხმარებიან თავის ფავორიტ კანდიდატებს, მესამე - თუ რამე კრიტიკული შეკითხვა დავსვი, ამ დროს ყვირიან, ხმაურობენ, მეჭრებიან, რეპლიკებს ისვრიან იმისათვის, რომ კითხვის დასმა შევწყვიტო. ამიტომ, მათი ფავორიტები ვინ არიან, თვალსაჩინოდ კარგად და მარტივად ჩანს.

კიდევ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, დღეს არ შერცხვა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძეს, რამდენჯერმე მიხსენა, შენ 9 თვის შვილი გყავს და დროზე დაამთავრე კითხვების დასმაო. რადგან მე ვარ ქალი და მყავს მცირეწლოვანი შვილი, უნდა წავიდე და ოჯახს მივხედო - ეს დამოკიდებულება მოსამართლის მხრიდან სამარცხვინოა.

„რ": ამბობთ, რომ ძალიან კარგად ჩანს, საბჭოს ფავორიტი რომელი კანდიდატია. დღეს იყო გენპროკურორის, შალვა თადუმაძის მოსმენა. მწვავე იყო თადუმაძესა და თქვენს შორის კითხვა-პასუხიც. ელოდით ასეთ სიმწვავეს და აგრესიას მისგან?

ნ.ჯ: თადუმაძისგან მეტ თავაზიანობას ველოდებოდი. მე მას ახლოს არ ვიცნობ, დღეს გვქონდა ხანგრძლივი საუბრის საშუალება. ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. თავაზიანობას ველოდი, თუმცა საპირისპირო რამ მივიღე. ჯერ, დასაწყისშივე ლამის ყოველ სიტყვაზე ნაზი და ანას იძახდა.

მისი სამიზნე ვიყავი იმის გამო, რომ რატომ ვაკეთებ საბჭოს შესახებ განცხადებებს. თუ მას აირჩევენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, განცხადებების გაკეთებაზე მას უნდა დავეკითხო თუ არ ვიცი, რას ნიშნავს?! ცდილობდა გამოვეწვიე, რომ მელაპარაკა მის შესახებ, მაგრამ მე კითხვების დასმა დავიწყე მხოლოდ მაშინ, როცა ჩემი დრო მოვიდა.

როდესაც კითხვები დავსვი, მისი მხრიდან იყო საკმაოდ აგრესიული დამოკიდებულება, რამაც ძალიან გამაკვირვა. ძალიან ჩვეულებრივ შეკითხვებზე იყო სრულიად აგრესიული პასუხები და ეს ცნობილი ფრაზა, რომ ჩემზე უკეთესი იურისტია, ჩემზე კარგად იცის სამართალი, შემდეგ მედიაშიც გავრცელდა. მე საერთოდ არ ვედრებოდი თადუმაძეს.

მე მგონი, თადუმაძეს აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე და პლუს, თავმჯდომარეობაზე პრეტენზია და არა და მე რატომ მედრება, არ ვიცი. შეედაროს სხვა კონკურენტებს და იმის მიხედვით ილაპარაკოს. შეედაროს ჩინჩალაძეს და ვიღაცებს, თუ ასე უნდა. ძალიან გაუგონარი და მოულოდნელი იყო მისი ეს მოვარდნა და ეს აგრესია. მე რატომ მედრებოდა, არ ვიცი. ეს კარგ რამეზე არ მიუთითებს. მისი გასაუბრების შინაარსის შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ჩემს მიმართ დამოკიდებულება და ის განცხადებები, რაც მედიაშიც გავრცელდა, არაერთი ფრაგმენტი ამ მთელი გასაუბრებიდან ჩემთვის გასაკვირია. ჩემგან რა უნდოდა, ვერ მივხვდი.

„რ": მან თქვა, რომ საფუძველი აქვს თქვენი აცილების საკითხი დააყენოს, მაგრამ ამას არ გააკეთებს. ეს მოჰყვა თქვენს კითხვას, როცა მოსამართლე და საბჭოს წევრ გიორგი მიქაუტაძის მიმართ არსებულ გამოძიებაზე ჰკითხეთ და მან თქვა, რომ კონკრეტულ საქმეებზე კითხვების დასმა კანონსაწინააღმდეგოა.

ნ.ჯ: ესეც ძალიან უცნაური პასაჟი იყო. დარწმუნებული ვარ, სადღაც გონებაში აცილება უნდოდა და გამბედაობა არ ეყო აცილების საკითხი დაეყენებინა. ვკითხე მიქაუტაძესთან დაკავშირებით და ძალიან უხეში პასუხი გამცა, რომ კანონს არღვევთ, არ ვარ ვალდებული ანგარიში ჩაგაბაროთ და მე პროკურორი ვარო. ჩემთვის კანდიდატი არის კანდიდატი და არ მაინტერესებს მან თანამდებობა დატოვა თუ არა, მაინტერესებს მისი გამოცდილება იმ დრომდე, ვიდრე იუსტიციის საბჭოში მოდიოდა. საერთოდ სრული პარადოქსია ისიც, რომ მოქმედი გენერალური პროკურორი არის მოსამართლეობის კანდიდატი.

თუ მას მოსამართლეობის ამბიცია და სურვილი აქვს, დაეტოვებინა თანამდებობა და მერე მოსულიყო?! როცა მოდის, რომ მის საქმიანობაზე და გამოძიებაზე კითხვა არ უნდა დავსვა, ეს ნიშნავს, რომ კითხვების დასმაში ვიზღუდები. როგორ გავარკვიო ეს ადამიანი თავის საქმიანობაში წარმატებულია თუ არა, როგორ გავარკვიო მისი ხედვები, თუ ასე შემზღუდავენ. ჯერ გაერკვნენ, რა ეთიკა აქვთ, რა სტანდარტი აქვთ და რა არ უნდა დაარღვიონ და მერე მოვიდნენ გასაუბრებაზე.

„რ": თადუმაძესთან გასაუბრების დროს ხელისშეშლა გქონდათ საბჭოს წევრებისგან?

ნ.ჯ: ძალიან ბევრი და უფრო მასშტაბური, ყველაზე შესამჩნევი. მთელი გასაუბრებისას ჩინჩალაძის მარჯვენა ხელი ირაკლი შენგელია და შალვა თადუმაძე ძალიან მეგობრული, ლირიული გადახვევებით ეკომუნიკაციებოდნენ ერთმანეთს.

„რ": გამოჩნდა თუ არა დღეს, რომ შალვა თადუმაძეს „ოცნება" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ამზადებს?

ნ.ჯ: თადუმაძის განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ ის არის საკმაოდ ამბიციური ადამიანი, რამდენად ჯანსაღია მისი ამბიცია, ეს ამ გასაუბრებიდანაც გამოჩნდა, დარწმუნებულია იმაში, რომ გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და უფრო მეტიც ალბათ თავმჯდომარეც.

მას სამი რეკომენდატორი ჰყავს და სამივე პოლიტიკოსია, მათ შორის არის მაია ცქიტიშვილი და ეს ყველაფერი პოლიტიკურ აფილაციას პირდაპირ მიუთითებს. ის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აუცილებლად გახდება. თადუმაძე იმავე ენით გვესაუბრებოდა, როგორც გვესაუბრება ხოლმე ბატონი სერგო მეთოფიშვილი. არაფრით განსხვავდებოდა. ველოდი, რომ როგორც გენერალური პროკურორი სოლიდურობის შენარჩუნებას მაინც ეცდებოდა, მაგრამ არა, მოვიდა, გვეჩხუბა და წავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×