თამარ შუკვანი
24.07.2019

 „ვფიქრობ, მთავარია საქმე ამოიწუროს და გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც ამ საქმეში არსებობს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გენერალური პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების თაობაზე დადგენილების გამოტანის შესახებ საუბრისას.

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარედგინათ. ამის შესახებ განცხადება დღეს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი ბოლომდე მიადევნებს თვალს, რომ მხარეების ინტერესი იყოს დაცული.

„არაერთი საჯარო დისკუსია იყო ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ როგორც მხარეების ინტერესები, ისე თავად ამ ბატონების უფლებები იყოს დაცული, რომელიც მათ კონსტიტუციით და კანონით აქვთ მინიჭებული. ასევე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ საქმესთან დაკავშირებით და ყველა კითხვა თუ პოზიცია, რომელიც საქმესთან დაკავშირებით გაჟღერდა, იყოს ცნობილი, დასაბუთებული საზოგადოებისთვის. ასევე სახელმწიფოს მხრიდან, პროკურატურის მხრიდან იყოს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებები არის მიღებული და როგორ მიმდინარეობს ამ საქმის წარმოება.

„ვფიქრობ, მთავარია საქმე ამოიწუროს და გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც ამ საქმეში არსებობს, ეს იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ჯაფარიძისთვის და ხაზარაძისთვის," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს 17:00 საათზე პროკურატურაში დაბარებულები არიან მათთვის ბრალდების დადგენილების გასაცნობად, რის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამ დროისთვის, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, გამოცხადდებიან თუ არა ბრალდებულები პროკურატურაში, თუმცა აცხადებს, რომ თავად უწყებაში მივა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ივლისის დასაწყისში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება, რაზეც თალაკვაძე ამბობს, რომ „თიბისი ბანკის" საქმის დაწყება ნამდვილად უსწრებდა დროში მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების გეგმებზე განცხადებას.

„შესაძლოა, მან დააანონსა გარკვეული პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს საქმე არის ინიცირებულია გაცილებით ადრე, უკვე თვეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს დისკუსიას, საჯარო განხილვებს ამ თემაზე.

„შესაბამისად, ეს დროში ნამდვილად წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც გითხარით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ამიტომ, მივესალმებით პროკურატურის მხრიდან საჯაროობას; მივესალმებით, რომ რეგულარულ რეჟიმში, ბრიფინგებით და სხვა საჯარო საშუალებებით მოხდეს საზოგადოების ინფორმირება საქმესთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება პარლამენტს, როგორც გითხარით, პარლამენტი ყურადღებით აკვირდება ამ საქმეს და აუცილებლად, მის ამოწურვამდე, მონიტორინგის ქვეშ იქნება," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანაკლიის პორტის პროექტი კი, რომლის განხორციელებაც უკვე დიდი ხანია დროში იწელება, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „სახელმწიფოსთვის, ასევე ხაზარაძისთვის და ჯაფარისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკითხები, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის საქმეში არსებობს, გონივრულ ვადებში ამოიწუროს," - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დემოკრატიასთან ერთად ჩვენ ვავითარებთ ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას, ხოლო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი არის კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული პროექტი არის ანაკლიის პორტი. აქ სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები იქნება განუხრელად შესრულებული. იცით, რომ ეს იყო სწორედ მთავრობის ინიცირებული პროექტი. ამაში აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსები დახარჯული და მომავალშიც სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ეს არის რთული, კომპლექსური პროექტი, რომელშიც გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორებიც," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, ანაკლიის პორტი არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, საერთაშორისო ინვესტორებს შორის თანამშრომლობას ეფუძნება. ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს.

„ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა და ეკონომიკური თვალსაზრისით ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. მართლმსაჯულება აქვს ასევე თავისი ლოგიკა და წესები. ვფიქრობ, როგორც სახელმწიფოს, ასევე ხაზარაძისთვის და ჯაფარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე და საკითხები, რომელიც ამ საქმეში არსებობს, ამოიწუროს გონივრულ ვადებში.

„შესაბამისად, პარლამენტი თვალს ადევნებს პროცესს და მივესალმებით საჯაროობას საქმესთან დაკავშირებით. ანაკლიის პროექტი არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, საერთაშორისო ინვესტორებს შორის თანამშრომლობას ეფუძნება. სწორედ ეს არის მისი განხორციელების მთავარი პირობები და გარანტიები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ინვესტორებთან და კერძო სექტორთან ერთად ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×