„ყველა ბიზნესმენი, ვინც კი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, რეპრესირებული აღმოჩნდა. ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტი, მითუმეტეს ისეთი სუბიექტი, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური ამბიციები გააჩნია, უცებ „დამნაშავე" აღმოჩდნება-ხოლმე," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარიდია თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალი წარდგენის შესახებ საუბრისას.
გამზარდიას თქმით, ამ საქმეში პოლიტიკური მოტივი იკვეთება. ხელისუფლებამ ხაზარაძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ჩამოიშორა.
„მთავრობა პირველად მაშინ წავიდა ხაზარაძის წინააღმდეგ, როდესაც მან ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა, არსებული ვითარება სულ მცირე ეჭვს აჩენს და ხელისუფლებას ძალიან დამაჯერებელი არგუმენტები სჭირდება იმისათვის, რომ ამ ლოგიკაში მათ მივყვეთ. ხელისუფლება შერჩევითი სამართლის მწარმოებელია და როდესაც სამართალწარმოება შერჩევითია, სულ რომ სამართლებრივად გამართული იყოს, ეს თავისთავად პოლიტიკურ მოტივს აჩენს.
„ხაზარაძემ რადგანაც ჯერ მხოლოდ განაცხადის დონეზეა, როგორც პოლიტიკოსი, ძნელია საუბარი იმის შესახებ აქვს თუ არა მას პერსპექტივები, თუმცა ხაზარაძე ფინანსურად გამართულია, გარკვეულწილად პოზიტიური კომუნიკაცია აქვს ბიზნეს სექტორთან, პოლიტიკოსების ნაწილთან და ა.შ. ეს კი ქმნის წყაროებს, რომელიც მისი პოლიტიკური მომავლისთვის გარკვეული სიმყარეების შემქმნელი გახლდათ, ამ ფაქტორებს მასზე გარკვეული დადებითი გავლენა ექნებოდა. ხელისუფლება სწორედ ასე თვლის, რომ ხაზარაძეს პერსპექტივა აქვს. ამიტომაც ცდილობენ, რომ დროულად აწარმოონ პროცესი.
„მამუკა ხაზარაძე რაც უფრო განვითარდება პოლიტიკურ ასპარეზზე, მით უფრო რთული იქნება მის წინააღმდეგ რაიმე ღონისძიების წარმართვა, თანაც შემდეგ ხელისუფლებას უფრო მეტი დამაჯერებლობა დასჭირდება. ცდილობენ, რომ ადრიდანვე შეძლონ პოლიტიკური ველის „გამარგვლა". ეს ყველაფერი ხელისუფლების ინტერესშია, ვისაც სურს, რომ „ქართული ოცნება" აბსოლუტური დომინანტი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შესაძლოა პროპორციული გზით ჩატარდეს და ასევე სხვა ფაქტორების გათვალისწინებითაც, „ოცნების" პერპექტივები ჯერჯერობით საკმაოდ მყარია," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
ცნობისათვის, თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად, თითქმის 17 მილიონი დოლარის მაქინაციებზე ბრალი წარედგინათ. ამის შესახებ განცხადება ოთხშაბათს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს 17:00 საათზე პროკურატურაში დაბარებულები არიან მათთვის ბრალდების დადგენილების გასაცნობად, რის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.