თამარ შუკვანი
24.07.2019

 „უფრო მძაფრი იქნება დაპირისპირება, უფრო გამწვავდება და ვაითუ უფრო ცუდი შედეგებიც დადგეს, თუ აზერბაიჯანის მხარეს მკაცრად არ მოეთხოვა, რომ დატოვოს ჩვენი ტერიტორიები," - აცხადებს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი ვიდეომიმართვაში, სადაც ის დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.

ის ძალიან მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას და მას დანაშაულებრივ უმოქმედობაში სდებს ბრალს. ამასთან დაკავშირებით "რეზონანსი" შეეცადა დაკავშირებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან სამინისტროს პრესამსახურში ან ტელეფონს არ პასუხობდნენ, ან თიშავდნენ.

არქიმანდრიტის განცხადებით, ის მიწები, რაც ახლა ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სადავოა, ბოლშევიკებს აზერბაიჯანისთვის არ გადაუციათ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ან რაიმე საბუთი არ არსებობს და ამის მტკიცება საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა.

„2004 წლამდე საზღვრის პრობლემა დავით გარეჯში არ იდგა. ეს დაიწყო 2005 წლიდან, როდესაც იქ პირველად გამოჩნდა აზერბაიჯანელი მესაზღვრე. მანამდე საერთოდ გავლითაც კი არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ მესაზღვრე გამოჩენილიყოს. 2005 წლიდან ეს თემა რატომღაც გამწვავდა.

„მაშინ აწ გარდაცვლილმა მამა მაკარმა გადაწყვიტა ჩიჩხიტურის მონასტრის აღდგენა და ააშენა ხარაჩოები. ამას მოჰყვა აზერბაიჯანელთა მხრიდან მწვავე რეაქცია და პირველად მაშინ მოხდა, რომ მოვიდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრები. აზერბაიჯანლურ მხარეს არასოდეს ჰქონია პრეტენზია ჩიჩხიტურის მონასტერზე, მითუმეტეს უდაბნოს მონასტერზე. სამწუხაროდ არც მაშინ მოხდა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება ამ ფაქტზე, მწვავე განცხადებები არ მოჰყოლია," - აღნიშნა სასულიერო პირმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ყოველგვარი სამართლის უგულებელყოფით არიან შემოსულები ჩვენ ტერიტორიაზე.

„არასერიოზული თავის მართლება და არგუმენტები ისმის სახელმწიფოს მხრიდან, თითქოს ახალწვეული რომ მოდის საზღვარზე, მან არ იცის სად დადგეს. ნელ-ნელა შემოიპარნენ და 2007 წელს უკვე უდაბნოს მონასტერზე განაცხადეს პრეტენზია. ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან არის დავით გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება. ტელევიზიებით გამოდიან და მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის," - ამბობს ის.

დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საკითხზე კომისიის მუშაობასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამით პრობლემა არ მოგვარდება.

„კომისიის მუშაობას... არ ვიცი ამას მუშაობა როგორ უნდა დავარქვა. წლებია არაფერი ჩვენს სასიკეთოდ არ გადაწყვეტილა. ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან არის დავით გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება. ტელევიზიებით გამოდიან და მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის. ჩვენ გვეუბნებიან, ხელს ნუ გვიშლით, ნუ ამწვავებთ საკითხს, რომ მშვიდ ფონზე მოვაგვაროთ, გადავწყვიტოთო. ამ გაზაფხულზე სწორედ ასე შემოგვითვალა ბატონმა ლაშა დარსალიამ, ნუ ამწვავებთ საკითხს, მაცადეთ, რომ მშვიდად ვისაუბროო. როცა ჩვენ დავმშვიდდით და ხმა აღარ ამოვიღეთ, აზერბაიჯანის მხარემ ბულდოზერები მოაყენა და გადათხარეს მთელი ჩიჩხიტურის მონასტერი და გზა გამოიყვანეს. 21-ე საუკუნეში შეგვიცვალეს ისტორიული მოცემულობა.

„ასე მოხდა 2005-2007 წლებში, როდესაც ჩვენ ყაზარმა აგვიშენეს იქვე, ჩიჩხიტურის დაბლა მინდორზე. გვეგონა, რომ იქ ფერმა შენდებოდა, თუმცა აშენდა სამხედრო ობიექტი. ფერმაც რომ ყოფილიყო, ჩვენი მხრიდან მკაცრი შეფასება უნდა მოჰყოლოდა. ახლა კი გაიყვანეს ეს გზა. ე.ი. ხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ეს ნიშნავს, რომ მათი პრეტენზიები იქნება უფრო მკვეთრი. არანაირი მკაცრი რეაგირება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. მეტიც, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ყველაფრის შესახებ მედიით გაიგო. ეს ხომ კატასტროფაა. სად არის ქვეყნის უსაფრთხოება?!" - განაცხადა სასულიერო პირმა.

საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობის გამო კავკასიოლოგი მამუკა არეშიძეც მწვავედ აკრიტიკებს.

„აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის მომხრე ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეზობელი თავზე დაისვა, მითუმეტეს შენი სისხლი და ხორცი არ დაიცვა, რადგან ნავთობი და გაზი გჭირდება," - განაცხადა მამუკა არეშიძემ ინტერნეტ ტელევიზია „ფაქტორი ჯისთან" საუბრისას.

მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს მხრიდან კომისიის შეცვლა.

"ჩვენ ისეთი სახელმწიფო ვართ, რომ ნეიტრალური ზონა მხოლოდ ჩვენთვის არის, ის შემდეგ ჩვენი მეზობელი ქვეყნების მიერ ხდება მისაკუთრებული. კომისიამ მუშაობა უნდა დაიწყოს და ქართული მხრიდან კომისია უნდა შეიცვალოს მთლიანად, ხელმძღვანელობას ვგულისმხობ. ეს კომისია შეიქმნა 1996 წელს და ამ დროს იყო ადამიანი, ვინც შეგნებულად, უკეთეს შემთხვევაში უცოდინარობის გამო, უარეს შემთხვევაში კი ქრთამი ჰქონდა აღებული, უნდა დათანხმებოდა მოწინააღმდეგე მხარის წინადადებას, რომ კონკრეტულ რუკაზე ემუშავათ. იმ რუკაზე ისეა, როგორც დღეს აზერბაიჯანული მხარე ამბობს. მნიშვნელოვანი ნიუანსია მასშტაბებში განსხვავება, რომელზეც ჭკვიანმა ადამიანმა ითამაშა.

„დღეს რა სიტუაციას ვიღებთ: საქართველოს მხარეს შეთანხმებული აქვს აზერბაიჯანის მხარესთან დაახლოებით 60% და დარჩა 40%, რომელშიც არა მხოლოდ აზერბაიჯანელების მადა, არამედ ქართველებისაც იგრძნობა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს სპეციალურად არის გაკეთებული იმისათვის, რომ დაბალანსდეს დავა. მჯერა შეთქმულების თეორიის და მგონია, რომ ეს ხელოვნურად არის გაკეთებული.

„ჩვენ წავედით კომპრომისზე; ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, როდესაც აზერბაიჯანს გადაეცა 300 ჰექტარი მიწა წითელ ხიდთან სწორედ იმიტომ, რომ ეს საზღვარი ყოფილიყო გასწორებული. დღეს უკვე არავითარ კომპრომისზე აღარ შეიძლება საუბარი, მორჩა. ისედაც შაგრენის ტყავივით შემოგვადნა ეს ტერიტორია. აქ ზოგიერთმა უტვინო ჩინოვნიკმა, განსაკუთრებით ადგილობრივმა, საზღვრების გაყიდვა დაიწყო, მაგალითად გარდაბანში, საზღვრის ზოლია გაყიდული," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×