„მე არასდროს არაფერს გამოვრიცხავ, განსაკუთრებით იმ ქაოსში, რაც დღეს საქართველოშია“
თამარ შუკვანი
24.07.2019

 „მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის გულის ფანცქალი დამეწყოს," - ამის შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 24 ივლისს გენერალურ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ხაზარაძისა და მისი პარნტიორის, ბადრი ჯაფარიძის დაკავება. ამ საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

თავად ხაზარაძე მის დაკავებას არ გამორცხავს: „მე არასდროს არაფერს გამოვრიცხავ, განსაკუთრებით იმ ქაოსში, რაც დღეს საქართველოშია, რომელიც არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე, ხვალინდელ დღეზე და ორიენეტირებულია ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე. მე არაფერს გამოვრიცხავ, მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაჩერებს".

მისი თქმით, გააგრძელებენ მოძრაობას, რომ ქვეყანა ძლიერი გახდეს:

„მე მოვედი და მოვალ რამდენჯერაც დამიბარებენ. ვარ კანონმორჩილი მოქალაქე. არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, ელემენტარულად, რადგან ვარ მართალი, როგორც 12 წლის წინანდელ, ისე გუშინწინდელ საქმეში და ყველა ამ პერიოდის განმავლობაში და მინდა ყველას ვუთხრა, დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ და ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, რადგან ეს ქვეყანა არის ჩვენი და ის უნდა გახდეს ძლიერი, ევროპული ორიენტაციის," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძემ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არის პირადი დევნის გაგრძელება. მისივე თქმით, ეს დევნა ზიანს აყენებს როგორც პროექტებს, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ, ისე ქვეყანას.

„ეს დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ესაა პირადი დევნის გაგრძელება ჩემი და მამუკას მიმართ. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთი პროექტი არ შეფერხდეს. ჩვენ განვიხილავთ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის იმისთვის, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს საფრთხე არ ემუქრება და ნამდვილად არ ემუქრება - ჩვენ შევეცდებით დავამშვიდოთ საინვესტიციო სამყარო, რომ არც ერთ ინსტიტუტს, სადაც ვართ, საფრთხე არ ემუქრება," - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, რომლის განხორციელებაც უკვე დიდი ხანია დროში იწელება, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „სახელმწიფოსთვის, ასევე ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკითხები, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტის საქმეში არსებობს, გონივრულ ვადებში ამოიწუროს," - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ არსებული მოვლენები ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებას ემსახურება:

„მანქანა არ აჩერებს მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიდგომა იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება, რეალობას არ შეესაბამება. ახვლედიანის განცხადებით, პორტის პროექტის მომავალთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს.

„რაც არ უნდა ილაპარაკონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ვითომ ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება, არასწორია! არასწორია, რადგან, როდესაც მთავარი სპონსორის მიმართ არის წაყენებული ბრალი, ეს მეტყველებს საფრთხეზე. აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ზოგადი საინვესტიციო გარემო და ეს უდიდესი პროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური თუ ზოგადი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი," - უთხრა ლევან ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს.

ცნობისათვის, თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად თითქმის 17 მილიონი დოლარის მაქინაციებზე წარედგინათ ბრალი. ამის შესახებ განცხადება ოთხშაბათს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 24 ივლისს 17:00 საათზე პროკურატურაში იყვნენ დაბარებულები მათთვის ბრალდების დადგენილების გასაცნობად, რის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

სასამართლო კი ამ საკითხზე სავარაუდოდ ხუთშანათს იმსჯელებს. პროკურატურაში ჯერ არ ამბობენ, მოითხოვენ თუ არა ისინი ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინასწარ პატიმრობაში აყვანას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×