ია აბულაშვილი
25.07.2019

 "ახლა ყველაზე კარგი იქნება თუ პროკურატურა საზოგადოებას ამ ინფორმაციას დამაჯერებლად მიაწვდის; წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ ხდება ბატონი ხაზარაძის რეკლამირება. ვიღაცამ ვერ გაიგო ის, რომ თუ პოლიტიკაში მოდის კაცი და მასზე ხმაურია ატეხილი, ეს ძალიან კარგია ამ ადამიანისთვის" - აცხადებს ექსპერტი და ანალისტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე ვითარებაზე გაესაბურა.

"რეზონანსი": თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ და ბიზნესმენების ადვოკატი მათ დაკავებას არ გამორიცხავს. პროკურატურის მიერ სამართლებრივი დევნის დაწყებას პოლიტიკურ წრეებში ანაკლიის პორტის მშენებლობას და დამფუძნებელების პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობის მიღების სურვილს უკავშირებენ. მათი აზრით, ეს არის პოლიტიკურად განეიტრალების სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც არანაირი საერთო არა აქვს მართლმსაჯულებასთან. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

დემურ გიორხელიძე: როგორც წესი, საქართველოს პროკურატურა ყველაფერს უკუღმა აკეთებს და მისი ყოველი მოქმედება საზოგადოების დაეჭვებას იწვევს. ეს მისი ბრალია და ცუდი საზოგადოებისთვის. საქმე ისაა, რომ თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და შესაბამისი დოკუმენტაციაც გამოძიების დასაწყებად, გინდ თითბის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გინდ პარლამენტარი, ან ვინც გინდა ის იყავი, თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა დაიწყოს გამოძიება და სასამართლოზე გადაწყდეს მტყუანი არის ეს ადამიანი თუ არა. ახლა თიბისის ხელმძღვანელობის დაბარება პროკურატურაში იმწამსვე გახდა სპეკულაციის საგანი. ერთი ამას უკავშირებს მათ პოლიტიკურ ამბიციებს, მეორე ანაკლიის პორტს და არვინ საუბრობს იმაზე, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მაშინ მთავრობამ მიიღო აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება, თუ ეს ასეა, ახლა უწევს ამ არასწორი გადაწყვეტილების გასწორება.

რაც შეეხება პოლიტიკას, მე არ ვიცი, ვინ თვლის, რომ ქართველი ხალხი უგონოა და მას შემდეგ, რაც ბატონმა ხაზარაძემ პარტიის შექმნა გამოაცხადა, თავქუდმოგლეჯილები მისკენ გაიქცევა. ცხადია, ასე არ იქნება. ჯერ-ჯერობით ამ იდეისკენ მისწრაფება გამოხატეს იმ ე.წ. პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც ფულს არიან მაგრად დახარბებული, ასე იყო ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაშიც. ასეა ხაზარაძესთან მიმართებაშიც. ფული ოხერი რამეა და დისტანციაზე ყნოსვას აღვიძებს. უბრალოდ დროა არასწორად შერჩეული. ახლა ყველაზე კარგი იქნება ქვეყნისთვისაც, პროკურატურისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, თუ პროკურატურა არგუმენტირებულად ისაბურებს იმაზე, რისი თქმაც წინა პერიოდში შეიძლება და საზოგადოებას ამ ინფორმაციას დამაჯერებლად მიაწვდის; წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ ხდება ბატონი ხაზარაძის რეკლამირება. ვიღაცამ ვერ გაიგო ის, რომ თუ პოლიტიკაში მოდის კაცი და მასზე ხმაურია ატეხილი, ეს ძალიან კარგია ამ ადამიანისთვის.

"რ": მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პროკურატურაში 5 წუთით მისმა დაბარებამ გამოიწვია ის, რომ ლონდონის ბირჟაზე ბანკის აქციები დაეცა, ზარალი ნახა ქვეყანამ და ინვესტორებმა.

დ.გ: როცა პროკურტურას აქვს რაიმე ხელმოსაკიდი და არსებობს დანაშაულის საფუძვლები, არ შეიძლება აინტერესებდეს ბანკის აქციების ვარდნა ან ინვესტორების მოგება-ზარალი. საქმე ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი და თუ გაუგებარი პოზიცია გვექნება პროკურატურიდან და არაფერი მკაფიო არ გამოიკვეთება, მაშინ ხაზარაძეს სრული უფლება აქვს განაცხადოს, ის რაც განაცხადა. პროკურატურამ კი თავი უნდა დაანებოს იმ საქმეების დაწყებას, ბოლო რომ არასდროს არ უჩანს.

"რ": რაც შეეხება ანაკლის პროექტის შეჩერების საკითხს, რაზედაც მიუთითებს ხაზარაძე?

დ.გ: ანაკლიის პროექტი ერთი კაცის ინტერესებს და მიზნებს სცილდება. იგი გაცილებით მნიშვნელოვანი პროექტია და თუ მთავრობა არ დაუშვებს შეცდომებს, მაშინ ვინც არ უნდა გააკეთოს, სარგებლიანი იქნება. ამ პროექტში მთავარია, რომ ქართული მხარის ინტერესი სრულად იქნეს დაკმაყოფილებული და იყოს მთავარი განმაკონტროლებელი.

"რ": ხაზარაძის საქმეს არ უკავშირდება, თუცმა დღეს ყველაზე აქტუალური თემაა ლარის კურსის უკიდურესი ვარდნა როგორ აისახება ეკონომიკაზე, გამოიწვევს თუ არა ძირითადი საქონლის გაძვირებას?

დ.გ: ლარს ისეთივე ფუნდამენტური პრობლემა აქვს, როგორც ქართულ ეკონომიკას, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში მთავარი კომპონენტი მაინც არის ნეგატიური მოლოდინები, რომელიც ერთ კონკრეტულ საკითხს, მხოლოდ რუსეთის მიერ გარკვეულ შეზღუდვებს არ უკავშირდება. დღეს ჩვენ რაიმე დამაიმედებელი არ გვესმის ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან, რომელიც პროფესიულ დონეზე ახსნიდა, თუ რა განაპირობებს დღევანდელ ნეგატიურ მოლოდინს და რას აპირებს ეროვნული ბანკი. არადა მთელი მოსახლეობა იხდის ძალიან დიდ ფასს ამ ვარდნაში, რადგან ქვეყანა იმპორტზეა ჩამოკიდებული და ბუნებრივია, იმპორტიორები ყველა ძირითად საქონელზე ფასს გაზრდიან. ფაქტიურად რეალური ხელფასი თვალსა და ხელს შუა დნება, ჩვენ კი ამ დროს გვამშვიდებენ, რომ ეს არაფერია. გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი კარგად არ იქნება, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ყველა მოვკვდებით, ამიტომ, ჩემთვის საინტერესოა მიმდინარე, საშუალო ვადიანი პერტსპექტივები, მაგრამ ეს პერსპექტივები ძალზედ უიმედოა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×