თბილისში, გურამიშვილის #78-ში 20 და 21 წლის ბიჭები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულები იპოვეს, ერთ-ერთ მათგანს ტყვია შუბლში აქვს ნასროლი. გარდაცვლილები შალვა (შაკო) ტყემალაძე და გურამ (გუგა) კოღუა არიან. ახლობლების თქმით, ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრები საცხოვრებელ სახლში კი ერთ-ერთის მამამ იპოვა.
გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს 2 ან მეტი პირის მიმართ. საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია დანაშაულის იარაღი. შს სამინისტროში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
ამ ეტაპზე ადგილობრივები მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობენ. მეზობლების თქმით, გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ახალგაზრდები უცნობმა პირმა მაყუჩიანი იარაღით დახოცა და ტერიტორია კორპუსის უკანა ეზოს გავლით დატოვა.
ტელევიზიებთან ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ მან ლიფის მიმართულებით სისხლის კვალი ნახა.
„რუსთავი 2" ამბობს, რომ კორპუსის გასასვლელთან, საიდანაც სავარაუდოდ მკვლელმა ტერიტორია დატოვა, ერთ-ერთი კომერციული ობიექტის კამერაა და მან სავარაუდო მკვლელი დააფიქსირა. შს სამინისტროში ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.
მეზობლებიც ამბობენ, რომ კამერები კორპუსში ყველა მხარეს აყენია და ეს გამოძიებას დაეხმარება.
ასევე ვრცელდება მეორე ვერსიაც, რომ ბინაში მყოფი ორი ბიჭიდან იარაღი ერთ-ერთს გაუვარდა და მეგობრის გარდაცვალების შემდეგ მომხდარით შეძრწუნებულმა ბიჭმა თავი მოიკლა. ოფიციალურად საგამოძიებო უწყებაში ამ ვერსიას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
ადგილზე გამომძიებლებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დაასრულეს მუშაობა. ტერიტორია შემოსაზღვრულია პოლიციის ყვითელი ლენტით.
სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს გურამიშვილის 78 ნომერში მცხოვრები მეზობლები. მათი თქმით, დაპირისპირების და სროლის ხმა არ გაუგიათ. მეზობლების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსში ახალი შესახლებულები არიან და მეზობლები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ.
საზარელი ტრაგედია თბილისში, გურამიშვილის გამზირის 78 ნომერში ოთხშაბათს ღამით მოხდა. მრავალსართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში 2 ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს ერთ-ერთი მოკლულის, შალვა ტყემალაძის მამამ იპოვა. ბინა შალვა (შაკო) ტყემალაძის იყო. მეორე გარდაცვლილი გუგა ტაბაღუა კი მისი უახლოესი მეგობარია, რომელიც სენაკიდანაა და გერმანიაში სწავლობდა.
რო¬გორც „კვირის პალიტრასთან" ტყემელაძის ახლობელი ჰყვება, შაკო უცხოეთში სწავლობდა და ახალი ჩამოსული იყო საქართველოში. ბინა მის ჩამოსვლამდე გაარემონტეს მშობლებმა და დაახვედრეს. დედ-მამა იქვე ახლოს ცხოვრობს. ბინაში წინა დღეს სუფრაც იყო გაშლილი.
„შაკოს უთქვამს მშობლებისთვის, სახლს მივალაგებ და მერე გადმოვალო... როგორც ამბობენ, რომ აღარ გამოჩნდა და ტელეფონზეც არ პასუხობდა, მამა იმიტომ წავიდა ამბის გასაგებად. კარი რომ არავინ გაუღო, სათადარიგო გასაღებით გახსნა და ისე შევიდა. ჰოდა, ეს საშინელება დახვდა. თურმე ორივეს ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც თქვეს, მკვლელობის იარაღი იქვე ეგდო. არავინ იცის რა მოხდა. ვის უნდა გაემეტებინა ასე სასტიკად ბიჭები. შაკო გამორჩეული ახალგაზრდა იყო. ფიზიკურადაც ძალიან კარგი, უჭკვიანესი, ის ჩემს თვალწინ გაიზარდა, წარმატებული ბიჭი იყო. სულ განათლების მიღებაზე ორიენტირებული. ოჯახიც საუკეთესო აქვთ. მამამისს ბიზნესი აქვს და ეკონომიკურადაც არ უჭირთ. მის მეგობარს არ ვიცნობდი, ამბობენ ლისზე ცხოვრობს მისი ოჯახიო. ვინ და რატომ გაიმეტა ისინი, არ ვიცით... მამამისი მაშინვე წაიყვანა პოლიციამ დაკითხვაზე... დედამისს თავიდან უთხრეს, დაჭრილიაო, რის მერე გაუთავებლად ურეკავდა, არ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა", - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.