„ირაკლი ჩემი მეგობარია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ნანა ლეჟავა „იმედის" საინფორმაციო გამოშვების მთავარ რედაქტორად ლევან ჩიხლაძის დანიშვნას.
„იმედის" საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ლევან ჩიხლაძე უხელმძღვანელებს, რომელსაც ამავე არხზე მიჰყავს გადაცემები „პირისპირ" და „იმედის კვირა." გენერალური დირექტორი ამ თანამდებობაზე ჩიხლაძეს დღეს წარადგენს.
მანამდე „ქრონიკას" ხელმძღვანელობდა ნანა ლეჟავა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა, თანაც მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც აღარ მიჰყავს.
„უკვე ორი კვირაა, არც ფორმალურად ვარ "ქრონიკაში" და არც არაფორმალურად. თუმცა, ვრჩები "იმედში". მადლობა ყურადღებისთვის," - დაწერა ლეჟავამ ფეისბუქზე.
ნანა ლეჟავამ „რეზონანთან" საუბრისას დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა:
„თუ კომენტარისთვის მირეკავთ, მე რაც მინდოდა, ის უკვე დავწერე. ირაკლი ჩემი მეგობარია. არ გაძლევთ სხვანაირ კომენტრს. ირაკლი ჩემი მეგობარია!" - განაცხადა ნანა ლეჟავამ.
„რეზონანსი" დაუკავშირდა „ქრონიკის" მთავარ გამოშვებაში, ლეჟავას თანაწამყვან ლევან ჯავახიშვილს, რომელმაც ასევე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა:
„ახლა ვერ დაგელაპარაკებით, თათბირზე ვარ," - განაცხადა ჯავახიშვილმა და მობილური გათიშა.
ცნობისათვის, მანამდე ტელეკომპანია „იმედში" საინფორმაციო მიმართულებით აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა დაინიშნა. ცხვიტავას დანიშვნას წინ უსწრებდა არხზე გენერალური დირექტორის შეცვლა. გიორგი ბახტაძე ელდარ მდინარაძემ შეცვალა.
ფოტო: ნიუპოსტი