მისი თანაპარტიელები ამბობენ, რომ ივანიშვილი გაბოროტებულია და სისხლი სწყურია
ეკატერინე ბასილაია
25.07.2019

 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით შს სამინისტრომ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავა, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება კი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ საქმეზე ოქრუაშვილის გარდა დააკავეს კიდევ 4 ადამიანი. მათ შორის ერთ-ერთი National Geographic-ის ქართული გამოცემის მკვლევარი, ბეჟან ლორთქიფანიძეა. ლორთქიფანიძე სწორედ ის პირია, რომელმაც 2015 წელს 13 ივნისის სტიქიის დროს ბეჰემოტი ბეგი დააძინა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, მან ბევრი რამე იცის ივანიშვილის მიერ ჩადენილ უკანონობებზე და ეს დაკავება მისი და მთელი ოპოზიციის დაშინების მცდელობაა.

ბრიფინგი გამართეს ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წევრებმაც და განაცხადეს, რომ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო.

„გამარჯვებული საქართველოს" თანადამფუძნებელი, კოტე კემულარია ამბობს, რომ ეს არის სადამსჯელო ოპერაცია იმ პარტიის ლიდერის წინააღმდეგ, რომელიც „კრეფდა ქულებს და რომელიც ყველაზე მეტად ბოლო დროს ნერვებს უშლიდა, ეტყობა, ბიძინა ივანიშვილს".

„ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, ის სისხლი, რაც თქვენ გაცხიათ ხელებზე და თქვენს გუნდს, ამჯერად ვერ ჩამოირეცხება ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერით. არანაირი მტკიცებულება ამის არ აქვთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს რამე ჰქონდა დაორგანიზებული, იქ ყველა ერთნაირად ვიდექით და ყველა ერთად ვმონაწილეობდით ამაში, რასაც ისინი არქმევენ ჯგუფურ ძალადობას. მაშინ ათასობით ადამიანმა, ყველამ უნდა ვაგოთ ამაზე პასუხი," - განაცხადა კემულარიამ.

ოქრუაშვილის კიდევ ერთი თანაპარტიელის, გუბაზ სანიკიძის თქმით კი დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი. სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ისიც დააკავონ.

„ეს მხოლოდ ერთ რამეს მოიტანს, დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მარცხსა და კრახს. ისე, ბიძინას მინდა ვუთხრა, რომ ეს მისი ძალიან სერიოზული შეცდომაა და აწი ელოდოს სიურპრიზებს... ეს კაცი ჭკუაზე არ არის და არის სახიფათო ქვეყნისთვის. მას აქვს ფსიქიკური აშლილობა, ის არის გაბოროტებული და თან აქვს სისხლიანი საშინაო დავალება ვლადიმერ პუტინის მხრიდან. არ გამოვრიცხავ, რომ მეც დამაკავონ," - განაცხადა სანიკიძემ.

ირაკლი ოქრუაშვილი ხუთშაბათს საღამოს "რუსთავი 2"-ის შენობიდან გასვლის შემდეგ დააკავეს. ოქრუაშვილის დაკავებას მისი თანაგუნდელი გურამ ჩალაგაშვილი იხსენებს.

მისი თქმით, ავტომობილით ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად კოტე კემულარიასთან პარტიის წევრების შეკრებაზე მიდიოდნენ, რა დროსაც რამდენიმე შავი "ჯიპი" მიუახლოვდა და მანქანა გააჩერებინეს. ამის შემდეგ კი ყველა გადმოიყვანეს მანქანიდან და ირაკლი ოქრუაშვილს ხელბორკილები დაადეს.

ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში," - აცხადებენ შსს-ში.

ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 4 პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას," - აცხადებენ შსს-ში.

კერძოდ დაკავებულები არიან:

1996 წელს დაბადებული გ. ჯ., რომელმაც სამართალდამცველებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა მათ პოლიციელისთვის წართმეულ ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

1990 წელს დაბადებული თ. დ., რომელიც ფიზიკურად უპირისპირდებოდა და თავს ესხმოდა სამართალდამცველებს. მან ძალის გამოყენებით ერთ-ერთი სამართალდამცველი გაათრია ხალხის მასაში.

1972 წელს დაბადებული ი. მ. რომელიც ინტენსიურად ძალადობდა სამართალდამცველებზე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

და 1975 წელს დაბადებული ბ. ლ. რომელიც ასევე, გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას," - განაცხადეს შსს-ში.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ამ დროისთვის 17 პირს აქვს ბრალი წარდგენილი. მათ შორის, დეპუტატ ნიკა მელიას. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×