ჭალადიდის ჰესის ბეტონის კონსტრუქციები მდინარის ხეობაშია ჩახერგილი, ბეტონის ნარჩენებით მდინარის გადაკეტვამ კი შეიძლება წყალი ისევ დააგუბოს და სვანეთის მოსახლეობა კიდევ ერთი საფრთხის წინაშე დააყენოს.
იმის შესახებ, რამდენად არის ამჟამინდელი სტიქია დაკავშირებული ჰესის მშენებლობასთან, დავის საგანია. თუმცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქია მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული.
"უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, თანდართულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, მდინარე მესტიაჭალის ხეობაში, კერძოდ, მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა, რომლის გარღვევის შედეგადაც ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა. წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში.
ამასთან გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა „მთის ამბებს" განუცხადა, რომ მდინარე მესტიაჭალაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა არ შეიძლება, რადგან ეს მშენებლობისთვის შეუსაბამო ზონაა
„ჰესი სტიქიასთან არაფერ შუაშია, ჰესი არის ქვემოთ, მაგრამ მაგ ხეობაში ჰესის მშენებლობა არ შეიძლებოდა. სტიქიამ ამ ჰესს აქამდეც შეუტია და კიდევ შეუტევს. სხვადასხვა დროს ამ მყინვარიდან ჩამოტანილი უზარმაზარი ლოდები ლატალში და კიდევ უფრო ქვემოთ არის ჩატანილი. არათუ ჰესი, მაგ ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც კი საშიშია. მოვარდნა იმდენად სწრაფად იცის, ადამიანებმა შეიძლება ვერ გაასწრონ", - აღნიშნავს გიორგი დვალაშვილი.
„სვანეთი ნიუსი" მდინარე მესტიაჭალის სტიქიასთან დაკავშირებით „სვანეთი ჰიდროს განცხადებას ავრცელებს.
"დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, რასაც მოყვა უეცარი ტალღური წყალმოვარდნა. წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა. დატბორილია მესტიაჭალა 1-ის ტერიტორია, თუმცა პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 2-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე ტერიტორიებს სტიქია არ შეხებია.
კომპანიის წარმომადგენლები აჟამად ადგილზე იმყოფებიან. წყლის ნაკადის შემცირებისთანავე შესაბამისი სამსახური დაიწყებს მესტიაჭალა ჰესი 1-ის პერიმეტრის დეტალურ შესწავლას და შესაბამის გაწმენდით სამუშაოებს" - ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური ჯგუფის წევრი, დურმიშხან ჭელიძე ამბობს, რომ მდინარე ღვარცოფული ხასიათისაა და გასულ წლებშიც რამდენჯერმე ადიდდა. მისი თქმით, დაბას დიდი ზარალი არ მიადგა, რადგან ძირითადი დარტყმა ჰესის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს მიადგა, რამაც დამცავი როლიც ითამაშა. ჭელიძე ამბობს, რომ მდინარის ადიდება არა აფეთქებებმა, არამედ მყინვარების დნობამ გამოწვია.
ადგილობრივების თქმით, ხეობის გაწმენდას რამდენიმე დღე დასჭირდება, სტიქიის შედეგად კი რეგიონში დაახლოებით 10 მილიონამდე ზარალს ვარაუდობენ .
შეგახსენებთ, რომ მესტიაში რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად,25 ივლისს მდინარე მესტიაჭალას მიმდებარე ტერიტორიაზე მთის ნაწილი ჩამოშალა, რამაც მდინარის ჩახერგვა გამოიწვია, ადიდებულმა წყალმა კი ჰესი და მიმდებარე კონსტრუქციები მთლიანად გაანადგურა. მსხვერპლი არ არის.
(ინტერპრესნიუსის ფოტო)