ეკატერინე ბასილაია
26.07.2019

 „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გირაოს სახით 700-700 ათასი ლარი შეეფარდათ და ამასთან საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. პლუს, ხაზარაძე და ჯაფარიძე ჩამოშორდნენ თი-ბი-სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს და ასევე თქვეს, რომ ანაკლიის მმართველობიდანაც წავლენ, რომ პროექტი ჩაგდებისაგან დაიცვან.

ეს შედეგი მიიღო პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ „ფულის გათეთრების" საქმეზე 24 ივლისს წარდგენილი ბრალდების შემდეგ.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ სასამართლოში კარგად დაინახა, რა ჭაობშია ქვეყანა, რომელსაც ერთი პირი მართავს.

„ვართ სიტუაციაში, როდესაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე, თქვენ იცით, ვინ არის ეს ერთი პირი, ის არის დირიჟორი და შემსრულებლები ჰყავს ძალიან ცუდი... გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს. ეს დამთავრდება, ესენი წავლენ სახლში, სისტემა დაინგრევა ძალიან მალე,"- განაცხადა ხაზარაძემ სასამართლოს ფოიეში, რასაც ტაში მოჰყვა.

ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ ბრალდება აბსურდულია და ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა.

"მათი მიზანია, გამოგვიყვანონ წყობილებიდან და შეგვიზღუდონ საქმიანობა,"- ამბობს ბიზნესმენი, თუმცა არაერთი თხოვნის მიუხედავად მან დავალების გამცემის დასახელებისგან თავი შეიკავა.

„ეს აუცილებელი პროცესია, რომ გავიაროთ ყველამ ერთად იმიტომ, რომ ეს უნდა გახდეს შემოტრიალების წერტილი ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ასეთი აბსურდული ბრალდება, ყოვლად დაუსაბუთებელი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა, რომელიც უტოლდება, ჩემი აზრით, ბრალდებებს, როგორიც არის ბომბეიდან ლონდონამდე გათხრა გვირაბის ან სხვა მსგავსი რაიმე, პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის დავალებით," - ამბობს ჯაფარიძე.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16, 6 მილიონი აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული სს კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, რაც 9-დან 12 -წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძისთვისა და ჯაფარიძისთვის თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს", რომელიც პორტს აშენებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინფორმაციით, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, რომელიც დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავდა, თელავიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 9 ივლისს კონკურსგარეშე გადაიყვანეს.

"მაშინვე გავაპროტესტე ეს პრაქტიკა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საშუალება, ჩუმად და არასაჯაროდ გადმოეყვანათ თავისი კადრები თბილისში, "დიდი გადალაგება" ვუწოდე. შედეგიც სახეზეა. ის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეს განიხილავს. სანამ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, არ გვექნება ნორმალური ქვეყანა", - წერს ანა დოლიძე „ფეისბუქზე".

ჯაფარიძემ და ხაზარაძემ განცხადებები გააკეთეს ასევე სასამართლოში მისვლისას.

ხაზარაძემ თქვა, რომ 24 ივლისს პროკურატურის მიერ ამ საქმეზე ჩატარებული ბრიფინგი იყო ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგინა ისედაც მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია, დააკარგინა ძალიან მსხვილი ინვესტორები და ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, 2 დღის განმავლობაში 1 მილიარდის ლარის ზარალი ანახა.

„ჩვენ გავიგეთ პრესიდან, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ, ეს არის დღევანდელი მთავრობის და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, რომელიც მილიარდ ლარ ინვესტიციას ბადრის და მამუკას 2 მილიონ ლარში ცვლიან, აღარ ვლაპარაკობ, რეპუტაციაზე, ნდობაზე და საერთოდ იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს,"- განაცხადა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოსთან.

მისი თქმით, ეს არის დანაშაული და დადგება დრო, ხელისუფლება ამაზე პასუხს აგებს.

ბადრი ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ თავშეკავებული განცხადებები გააკეთონ და მხოლოდ იმ ზიანზე ლაპარაკობენ, რაც ქვეყანას ადგება „ასეთი უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო".

ის ამბობს, რომ არ ეთანხმებიან გირაოსაც, რომელიც სრულიად შეუსაბამოდ და არაადეკვატურია, იმიტომ რომ, საუბარია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ფულის გათეთრებასთან, იმიტომ რომ თეთრი ფულის სესხება არ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს.

ამასთან, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განაცხადეს, რომ ისინი ჩამოშორდებიან ანაკლიის პროექტს.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ის და ხაზარაძე პროექტებს გაემიჯნებიან, რათა ისინი დაიცვან, თუმცა ქართული კომპანიების აქციების ვარდნა გრძელდება და ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ადამიანებზე, ვინც წარმატების სიმბოლოა ქვეყანაში, იერიში ხორციელდება.

მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ანაკლიის კონსორციუმს თითქმის დამთავრებული ჰქონდა მოლაპარაკება და ორი დღის წინ ისევ ამ ქაოსში ჩააგდეს.

თავად ჯაფარიძისა და ხაზარაძის გარდა ექსპერტების ნაწილი და ოპოზიცია თვლის, რომ ხაზარაძე სწორედ ანაკლიის პროექტის გამო ამოიჩემა ხელისუფლებამ და ინტერესია, რომ ამ მნიშვნელოვანი პორტის მშენებლობა შეფერხდეს.

დილით განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც თქვა, რომ ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ამ პროექტის ინიციატორი სწორედ მისი გუნდი იყო, ამიტომ ნურავინ ცდილობს, რომ სს საქმე და ანაკლიის თემა ერთმანეთს დაუკავშიროს.

მისი თქმით, ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება სწორედ იმ ადამიანების ინტერესშია, ვისაც არ სურს, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს, რომ ამ ყველა თემის დაკავშირება მოხდეს ანაკლიის პროექტთან.

გადასახადის გადამხდელთა კავშირი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ბიზნესგაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ კომისია ამ საქმეზე საზოგადოებაში დაგროვილ ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ორი დღის წინ განცხადება გაავრცელეს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმაც. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამს ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით.

ამასთან, განცხადებაში წერია, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

დიდი ბრიტანეთს საელჩოს განცხადებაში კი წერია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×