“ამ თვითმფრინავს შეუძლია გააკონტროლოს მთელი შავი ზღვის აკვატორია - ებრძვის წყალქვეშა ხომალდებს დარტყმებს აყენებს მათ”
თამარ შუკვანი
29.07.2019

 პირველად საქართველოს აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი „P-8 პოსეიდონი" ეწვია. ავიახომალდის ეფექტურობასა და მნიშვნელობაზე საუბრობს ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომელმაც „რეზონანსს" განუცხადა, რომ „პოსეიდონს" შეუძლია გააკონტროლოს მთელი შავი ზღვის აკვატორია და საქართველოს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების, სანაპირო ზოლი.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო ამერიკა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების, ახალი ცივი ომის საკმაოდ მნიშვნელოვან არეალში იმყოფება. მისი თქმით, „ნესბიმიერი თეატრალიზებული გეოპოლიტიკური ქმედებები წარსულს ჩაბარდა," რადგან მაისაიას განცხადებით, დღეს ამ ორი ქვეყნის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე საქართველოს მნიშვნელობამ, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მეორე პლანზე გადაინაცვლა.

ალადაშვილის განცხადებით, მსგავსი ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი 2000-იან წლებში მოხდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე იყო. იმ დროს „ავაქსის" ტიპის შორეული რადიოლოკაციული აღმოჩენისა და მართთვის თვითმფინავის საქართველოში ჩამოსვლამ რუსეთის ხელისუფლების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

„პოსეიდონი," - ეს არის ამერიკული, თანამედროვე, წყალქვეშა ნავების აღმომჩენი თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია სამგზავრო „ბოინგ-737"-ის ბაზაზე. მას დამატებული აქვს სპეციალური რადიოელექტრონული აპარატურა და ასევე გააჩნია შეიარაღებაც. მისი მთავარი ამოცანაა ჯერ აღმოაჩინოს მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავები, მათ შორის ატომური და აღმოჩენის შემდეგომ, მათ წინააღმდეგ მართვადი შეიარაღება გამოიყენოს.

„შავი ზღვის აკვატორიაში მას შეუძლია საკმაოდ ეფექტიანად გააკონტროლოს წყალქვეშა და წყალზედა სიტუაცია. ბოლო წლებში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობა ექვს წყალქვეშა ნავამდე გაიზარდა და ამ რუსულ წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება. შავი ზღვის აკვატორიიდან სტარტის შემთხვევაში ევროპის დიდ ნაწილს ფარავენ.

„2000-იანი წლების დასაწყისში, დავით თევზაძის მინისტრობის პერიოდში თბილისში ასევე პირველად დაჯდა „ავაქსის" ტიპის შორეული რადიოლოკაციული აღმოჩენისა და მართთვის თვითმფინავი, რომელიც ნატო-ს საჰაერო თვალს წარმოადგენს, მაშინ ამ თვითმფრინავმა საჩვენებელი ფრენა განახორციელა კავკასიის ქედის გასწვრივ, სამხრეთის მიმართულებით, რამაც მაშინ რუსეთის ხელისუფლების დიდი პროტესტი მოჰყვა," - აღნიშნა ალადაშვილმა.

ისტორიული ვიზიტი - საქართველოში პირველად ჩამოფრინდა აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 პოსეიდონი, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში, შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად, წვრთნები ჩაატარა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე სამხედრო პარტნიორობას. აღნიშნულია საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

ვახტანგ მაისაია ამ ვიზიტს აშშ-ს ერთგვარ დემონსტრაციას უწოდებს. მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკის მთავარ სამიზნეს რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, რომელთანაც ამერიკულ მხარეს ურთიერთობა საკმაოდ გამწვავებული აქვს.

„პოსეიდონი" ებრძვის წყალქვეშა ხომალდებს და მისი ფუნქციაა დარტყმები მიაყენოს მათ. საკმაოდ სერიოზული სამხედრო ხომალდის სტატუსი აქვს. მისი შემოსვლა კი უკავშირდება შავ ზღვაში რუსული ფლოტის შეკავების პრევენციას. როგორც ჩანს, ეს ნატო-ს კონცეფციაში ჯდება, რომ მუდმივმოქმედი საზღვაო დაჯგუფების ფარგლებშიც მოიაზრებოდეს ამ ხომალდის შავი ზღვის აკვატორიაში შესვლა.

„ჩვენთვის მას საკმაოდ სერიოზული მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა ამით ამერიკული მხარე იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ საქართველო აშშ-ის გეოსტრატეგიული ინტერესების ზონაშია და ჩვენ სამხედრო უსაფრთხოებას ამერიკისთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკუთარი სამხედრო-საზღვაო ძალები არ გააჩნია, საქართველოში ამერიკული ხომალდების შემოსვლის ხარჯზე ფუნქციის კომპენსირება ხდება. აქ რეალურად ამერიკელების სამხედრო მოწინააღმდეგე რუსეთის ფედერაციაა. რუსეთიც თავის მხრივ თავის სამხედრო ძლიერების წარმოჩენას ახდენს.

„აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა ისეთ დონეზე არის გართულებული, რომ ნებისმიერი გააქტიურება, განსაკუთრებით სამხედრო მნიშვნელობის გამოიწვევს, როგორც ერთის, ისე მეორე მხარის გაღიზიანებას.

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსების სამხედრო გააქტიურება დაიწყება, რასაც ამერიკელების გაღიზიანება მოჰყვება და პირიქით. ეს უკვე ახალი ცივი ომის ფაზაში გადავიდა.

"უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი თეატრალიზებული გეოპოლიტიკური ქმედებები წარსულს ჩაბარდა. ჩვენ უკვე შევედით ამერიკა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების, ახალი ცივი ომის საკმაოდ მნიშვნელოვან არეალში,"- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ავიახომალდის მნიშვნელობასა და მისი მახასიათებელი თვისებების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, „პოსეიდონს" შეუძლია მთელი შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლება, ასევე საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების სანაპირო ზოლის კონტროლი, რაც მნიშვნელოვანია.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „პოსეიდონებმა" შავი ზღვის აკვატორიის თავზე თუკი მოუხშირეს ფრენას, არ არის გამორცხული, რომ მრავალსაათიანი პატრულირების შემდეგ საწვავის მარაგის დამატება მოახდინონ. ამ თვითმფრინავს შეუძლია ძალიან ეფექტიანად გააკონტროლოს, როგორც მთელი შავი ზღვის აკვატორია, ასევე დასავლეთის სურვილის, ჩვენი თხოვნის თუ სხვა შემთხვევაში, საქართველოს სანაპირო ზოლის კონტროლი მოახდინოს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე საზღვაო ზოლისაც კი," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×