ია აბულაშვილი
29.07.2019

 "ხელისუფლებას მყარი არგუმენტები სჭირდება, რათა საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ამ პროცესში არ არის პოლიტიკური ნაწილი და სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს".

აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ხელისუფლებამ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. მათი აზრით, ამით ოპოზიციას ვერ შეაშინებენ და შემოდგომაზე უფრო მძლავრ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ვახტანგ ძაბირაძე: პოლიტიკური სურთი არ იცვლება, ხელისუფლება ასამართლებს პოლიტიკურ ლიდერებს და აცხადებს, რომ სამართლებრივი პროცესი მიდის, ოპოზიცია კი ცდილობს მთელი ქვეყანა დაარწმუნოს, რომ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო.

საქმე იმაშია, რომ როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია შეცდომებს უშვებს. ოპოზიციის შეცდომა ისაა, რომ მოუთმენლობა გამოიჩინა და ეცადა პროცესების გამწვავებას - 20 ივნისის მოვლენები მაქვს მხედველობაში, და საშუალება მისცა ხელისუფლებას, აქცია, რომელიც სპონტანურად დაიწყო, შტურმად გამოეცხადებინა. არადა ოპოზიციას უნდა ეფიქრა, რომ ასეთ ნაიჯებს გათვლა სჭირდება.

ოპოზიციის შეცდომაა ისიც, რომ ძალიან ადრე დაიწყო ლაპარაკი "ოცნების" სრულ გაკოტრებაზე, რაც რეალურად ასე არ არის. რომ ივანიშვილი მიმწყვდეულია და შიშისგან კანკალებს.

მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია რთულია, ხელისუფლება მაინც ახერხებს პროცესების დარეგულირებას. ოპოზიცია კი ვერ ახერხებს ჩამოყალიბდეს ერთიანი ბრძოლის ტაქტიკაზე და ისევ რევოლუციური სცენარისკენ იხრება, იმის მაგივრად, რომ მშვიდად დასხდნენ და გაანალიზონ ყველა ის შეცდომა, რომელიც 2012 წლიდან დაუშვეს.

"რ": ერთიანი ბრძოლის ტაქტიკა ახსენეთ, თუმცა, როგორც ამბობენ, ოპოზიციაში განხეთქილებაა, კერძოდ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის. ანუ თითქოსდა "ევროპული საქართველო" "გაერთიანებული პოზიციის ჩაძირვას, რათა თავად გახდეს ძლიერი ძალა და ივანიშვილის თამაშს თამაშობსო...

ვ.ძ: თუ ვინმე ივანიშვილის თამაშს თამაშობს - ეს "ნაციონალები" არიან. როგორც ხელისუფლებას, ისე " ნაციონალებს" არ უნდათ პროპორციული საარჩევნო სისტემა და სააკაშვილი ვადამდელი არჩევნების მომხრეა.

"ევროპული საქართველო" კი მიუხედავად შეზღუდვებისა, მომხრეა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების. ალბათ ეს არის ამ ორ პოლიტიკურ ძალს შორის განხეთქილების ვაშლი.

"რ": მთელ ამ პოლიტიკურ სურათში, როგორ ჩაეწერება ხაზარაძის ახალი მოძრაობა. პროცესი, რომელიც ხაზარაძის მიმართ დაიწყო ხელს ხომ არ შუშლის ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას?

ვ.ძ: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რაც იმაზე, მიანიშებს, რომ როგორც კი გაკეთდა განცხადება პოლიტიკური ამბიციებზე, "თიბისი ბანკის" საქმე განახლდა.

მაგრამ, ამ პირობებშიც შეუძლიათ პოლიტიკური აქტივობა, რომელიც რამენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული: უნდა იცოდნენ პოლიტიკური ლანდშაფტი, ძალთა თანაფარდობა და რომელი კატეგორიის ამომრჩევლის მიმხრობა შეუძლიათ.

ვინ გაერთიანდება ამ ჯგუფში ბიზნესელიტა, თუ პოლიტიკური ელიტა, ჩამოყალიბდება თუ არა სერიოზულ მოთამაშედ, ამას მხოლოდ შემოდგმაზე გავიგებთ. რა თქმა უნდა პოტენციალი აქვთ, მაგრამ ეს პოტენციალი შეიძლება გახდეს ნული, თუ ფრთხილ და სწორ ნაბიჯებს არ გადადგამენ.

"რ": "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ახალ ტელევიზიას ქმნის. მისი თქმით, მოლაპარაკებები ინვესტორებთან, შინ თუ მის ფარგლებს გარეთ უკვე დაწყებულია, თუცმა ამ საქმეში მხოლოდ თავისი გუნდის და საზოგადოებიდან შამოწირულობების იმედი აქვს.

ვ.ძ: მართლაც თუ მიუკერძოებელ ტელვიზიას შექმნიან ამაზე უკეთესს ქვეყნისთვის რას გააკეთებენ, მაგრამ, სრულიად დამოუკიდებელი ტელევიზიის შექმნა ასე მარტივი არ არის, მაშინ მთელ პოლიტიკურ სპექტრს უნდა დაუპირისპირდეს, როგორ ხელისუფლებას ისე ოპოზიციას, თუ ამის უნარი ამღმოაჩნდებათ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ;

"რუსთავი 2"-ს ჰყავს პროფესიონალი გუნდი და ამ გუნდის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ საზოგადოებისგან შემოწირულობებით როგორ შეიქმნება ტელევიზია, ვფიქრობ, რომ გაუჭირდებათ.

ჯერ-ჯერობით სატელევიზიო მედიამ ტაიმაუტი აიღო, საზაფხულოდ ისვენებენ. ეს ტაიმაუტი ხელისუფლებას ჰაერივით სჭირდება. ოპოზიცია და "რუსთავი 2" -ის მთელი კოლექტივი კი კატეგორიულად მოითხოვს და ბრძოლას აგრძელებს სარედაქციო პოლიტიკის შესანარჩუნებლად.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×