ბიზნეს სექტორი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. ქვეყნის გავლენიან ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ კობა გვენეტაძემ ან სასწრაფოდ უნდა წარადგინოს ლარის გამყარების გეგმა, ან თანამდებობიდან უნდა წავიდეს. ნაწილი კი მისგან გეგმის წარდგენასაც დაგვიანებულად მიიჩნევს და თვლის, რომ თანანმდებობის დატოვების გარდა, სხვა ალტერნატივა აღარც არსებობს.
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ რამოდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ან სასწრაფოდ დაარეგულიროს ლარის კურსი, ან უნდა დატოვოს თანანმდებობა.
`მაშინ თქვას, რომ მე ამის გამკეთებელი არ ვარ და დატოვოს თანამდებობა. თუმცა, ამ ჩემს ლოგიკას უარყოფითი ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს. მან თუ თანამდებობა დატოვა, შეიძლება ბაზარზე უარესი პანიკა გამოიწვიოს. ამიტომ არ ვიცი, სრულიად გაურკვეველი სიტუაციაა,“ - განაცხადა ჭყონიამ.
მისია აზრით, ბიზნესმა დღევანდელი სიტუაციიდან გამოსავალი არ იცის.
„დაგეგმაზე საუბარი არ არის, რაც არ უნდა გაიზარდოს ფასები და ბიუჯეტები დაიგეგმოს, ყველაფერი იქნება შეცდომა გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერის სიტყვებს გავიმეორებ, დანგრეულია პროგნოზირებადი გარემო. ეს თუ ასეა, გრძლვადიან თემებზე საუბარი შეუძლებელია,“ - აღნიშნავს ჭყონია.
ბიზნესის დიდი ნაწილი ეთანხმება "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლის განცხადებას. ისინი ფიქრობენ, რომ საზოგადოების პანიკა სრულიად საფუძვლიანია და ლარი ასეთ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა. ამაზე პასუხისმგებლობა კი ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს უნდა დაეკისროს.
ბიზნესმენი ზურა ტყემალაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ლარის კურსის მდგომარეობა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. განუწყვეტელ დევალვაციას ეკონომიკა ჩიხში შეჰყავს, ამიტომ თემურ ჭყონიას პოზიცია აბოსოლუტურად გასათვალისწინებელია და პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა თავდაუზოგავი მუშაობა.
"ვიზიარებ თემურ ჭყონიას პოზიციას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა დასახოს გეგმები და პრობლემის მოგვარების ოპტიმალურ გზებს უნდა მიმართოს, რადგან რთული მდგომარეობაა ქვეყანაში. ლარის კურსი უნდა დარეგულირდეს სასწრაფოდ და ამაში უნდა ჩაიდოს მაქსიმალური ძალისხმევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა გაურესდება. კობა გვენეტაძე თუკი პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა დატოვოს თანანმდებობა", - აღნიშნა ტყემალაძემ.
ზემოთ აღნიშნულ პათოსს ეთანხმება დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი. ბიზნესმენი ივა ჭყონია "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრის დროს აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გადადგეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სხვა გზა არც კია დარჩენილი, რადგან თუ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს გეგმის დასახვა შეეძლო, აქამდე უნდა გაეკეთებინა და გაეკვალა გზა.
"აუცილებლად უნდა გადადგეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რადგან, როგორც ჩანს, არანირი რესურსი არ აქვს მას, რომ რაიმე სახის გეგმა დასახოს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამ საქმეს ვინმე კომპეტენტურმა პირმა უნდა მოჰკიდოს ხელი აუცილებლად და მდგომარეობა სასწრაფოდ გამოსწორდეს, რადგან დრო იკარგება და ამ დროსთან ერთად იკარგება მცირე და საშუალო ბიზნესი.
უმძიმესი ფონია და მოსახლეობას უკვე ძალიან უჭირს ამ ხალხს კი არ აინტერესებს აქ მთავრობის ბრალეულობაა თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, რომელმაც თავისი გასაკეთებელი საქმე ვერ გააკეთა.
უხერხულიც კია ერთმანეთზე ხელის შეწმენდა ასეთ რთულ ვითარებაში. როდესაც წესით საქმეს უნდა აკეთებდნენ და იმაზე ზრუნავდნენ, როგორმე ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ და მოსახლეობას უკეთესი საარსებო პირობები შესთასვაზონ, ან საერთოდ ჩუმად არიან, ან ზოგადი განცხადებებით იფარგლებიან", - აღნიშნა ივა ჭყონიამ.
ბიზნესმენები ერთხმად თანხმდებიან, რომ სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს ლარის კურსის პრობლემა, ვიდრე მცირე და საშუალო ბიზნესი არსებობას საერთოდ შეწყვეტს. ეს პასუხისმგბელობა კი უნდა იტვირთოს ისეთმა ადამიანმა, ვისაც აქვს რესურსი, რომ ქვეყანა ფინანსური კრიზისიდან გამოიყვანოს.