„ამ ხელისუფლებას რეპრესიების თავიც არ აქვს, რაღაც ძალიან ტრაგიკომიკურად გამოსდით ყველაფერი. ცდილობენ მაგარ ბიჭობანა ითამაშონ, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი თამაშები ძალიან ძვირი ჯდება...
"ხელისუფლება თავს გრძნობს ოპოზიციის ოპოზიციაში და პასუხისმგებლობას ყველაფერზე იხსნის, ლარის კურსზე, ყველაფერზე. ყველაფერს აბრალებს ოპოზიციას. ამ ხელისუფლებას ხელისუფლება ძალიან პირობითად შეიძლება ეწოდოს.
"ყველაფერი აბსურდია, მაგრამ როგორმე 2020 წლის მორიგ არჩევნებამდე უნდა მივიყვანოთ სიტუაცია, კიდევ ერთი წელი უნდა შევძლოთ ამ აბსურდში ცხოვრება და უნდა შევცვალოთ,"- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
„რეზონანსი": ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდეს. თქვენ აცხადებდით, რომ ოქრუაშვილს იგივე ბედი ელოდა, რაც მელიას, ანუ ელექტრონული სამაჯური, რადგან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება ლოგიკური არ იქნებოდა და უფრო მეტ კითხვას გააჩენს-ო. რატომ მოიქცა ასე ხელისუფლება?
გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ქმედებებში ძალიან ბევრი უცნაურობაა. ან ძალიან დიდი სიბრიყვით იყო ეს გამოწვეული, ან რაღაც წინასწარ განზრახული საეჭვო ქმედებებია.
საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მელიასგან განსხვავებით მას პატიმრობა შეუფარდეს, არამედ იმაშიც, რომ ის და მელია ერთად ჩანდნენ 20 ივლისის მოვლენებში და მელიას სასამართლო ერთი თვის წინ გაიმართა.
თუ ოქრუაშვილი დასაკავებელი იყო, მაშინ უნდა დაეკავებინათ. დროში ეს ინტერვალიც გაუგებარია და სხვა აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებაც. გარდა ამისა, პოლიტიკურ კონტექსტზე ეჭვებს აღძრავს ისიც, რომ წინა დღებში ოქრუაშვილმა ძალიან ბევრი სკანდალური განცხადება გააკეთა და რაც ყველაზე სკანდალურია, ქიბარ ხალვაში მივიდა სამხარაულის ბიუროში და ამის მეორე დღეს ხდება ოქრუაშვილის დაპატიმრება.
ერთი კითხვა კი არ ჩნდება, ძალიან ბევრი დამთხვევა და ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა მის დაკავებასთან დაკავშირებით და ჩნდება კითხვა - რაშია საქმე? ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა განსაკუთრებული უნარი, რომ შესაძლოა არაფერი დაუშავებია, მაგრამ საზოგადოებაში გააჩინა აღქმა, რომ რაღაც პოლიტიკური დაპატიმრების სუნი უფრო უდის ამას.
„რ": ვერ გათვალა ხელისუფლებამ, რომ ზუსტად ასეთი აღქმა გაჩნდებოდა?
გ.ხ: ხელისუფლება ყველა მიმართულებით ასე იქცევა და მეჩვენება, რომ რაღაც აფექტის მდგომარეობაში მოქმედებს, პოლიტიკურ კონტექსტებს არ ითვალისწინებს, ცდილობს, რომ ბოთლიდან ამოსული ჯინი წიხლით ჩატენოს შიგნით და კუნთებს უადგილოდ ათამაშებს. ამ ტიპის ქმედებებზეა გადასული.
ძალიან უხეშად მოქმედებს და თეთრი ძაფით კერავს ყველაფერს და რატომღაც მიაჩნია, რომ ყველაფერი ეპატიება. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში პასუხისმგებლობის აღება არ უნდა, ლარის კურსს, ყველაფერს ოპოზიციის აბრალებს, ცდილობს, რომ თავისი მმართველობის ყველა პრობლემა ოპოზიციაზე ჩამოწეროს, დასაჯოს, დააპატიმროს და ამ წარმოუდგენელი მეთოდებით გადაწყვიტოს თავისი პირადი ძალაუფლების პრობლემები.
„რ": ოპოზიციის განცხადებით, პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო და დაჭერებს კიდევ უნდა ველოდოთ?
გ.ხ: ამ ხელისუფლებას რეპრესიების თავიც არ აქვს, რაღაც ძალიან ტრაგი-კომიკურად გამოსდით ყველაფერი. ეს ძალიან დროებითია, ცდილობენ მაგარ ბიჭობანა ითამაშონ, ძალიან გაერთნენ ამ თამაშებში, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი თამაშები ძალიან ძვირი ჯდება.
„რ": მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებას როგორ აფასებთ? აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ კონტექსტი იწვევს შეშფოთებას და რაში დასჭირდა „ოცნებას" კიდევ ერთი საჩოთირო ბრალდება?
გ.ხ: ეს მეორე ტალღაა და ორივე ტალღის დაწყება ხელისუფლების მხრიდან დაემთხვა ანაკლიის საინვესტიციო პაკეტის ფინალურ ეტაპზე გასვლის მომენტს. თუმცა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხაზარაძის პრობლემები მარტო ანაკლიით არის განპირობებული. ამ პრობლემას რამდენიმე განზომილება აქვს, ერთი არის ანაკლია, ბიზნესგანზომილება, უსაფრთხოება, ასევე ეს არის პოლიტიკური განზომილება და პირადი ურთიერთობების განზომილებაც.
ვუყურებთ, რომ ბრალდება არის ძალიან დიდი ხნის წინანდელ საქმეზე, შეიძლება იქ რაღაც მართლაც არასწორად იყო გაკეთებული, გადასახადების ნაწილზე ან თვალთმაქცურ გარიგებაზე შეიძლება გვესაუბრა, მაგრამ ჩვენი სამართალწარმოებით ასეთ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა გადასული იყო და რადგანაც ხელისუფლებას დაუოკებელი წყურვილი ჰქონდა რაღაც მიზეზი მოეძებნა, ამიტომ მოძებნეს მუხლი, რითაც ხანდაზმულობის პრობლემა გადაწყვიტეს, მაგრამ ფულის გათეთრების დადასტურება შეუძლებელია.
ამის ნიშნები ამ საქმეში არ ჩანს. ფულის გათეთრებაზე ლაპარაკი შეიძლება მაშინ, თუ გაურკვეველი წარმომავლობის ფულის ლეგალიზება ხდება და ამ შემთხვევაში ფული ბანკის იყო, ან იმ შემთხვევაში, თუ სადღაც ფული მოიპარეს და ამის შემოსავალში აღება მოახდინეს. დიდი ბოდიში, თუ ფული მოიპარე, ვიღაც დაზარალებული უნდა იყოს, ამ საქმეში დაზარალებული არ ჩანს. სრულ აბსურდამდეა არიან მისულები.
პირდაპირი ანალოგია არ არის, მაგრამ 20-21 ივნისის საქმეებიც ნახეთ, როგორ მიმდინარეობს. თავიდან, სახელმწიფო გადატრიალების 335-ე მუხლით აღიძრა საქმე, მაგრამ ვინც დღემდე დააპატიმრეს, ამ მუხლით არავის ედავებიან. ხელისუფლება თავიდან ძალიან ამძაფრებს ვითარებას. ხელისუფლებას დასჩემდა პოლიტიკური და პროპაგანდისტული მიზნებით პროკურატურის გამოყენება და რაღაც მძიმე მუხლებით მუქარები და თვალების ბრიალი. რაც კატასტროფაა, ეს პროკურატურას საერთოდ ანგრევს.
„რ": რამ მმართველობა მივიღეთ?
გ.ხ: რაღაც ამორფული მმართველობაა. აბსოლუტურად მოშლილი, გაუგებარი მმართველობითი სისტემა მივიღეთ. ხელისუფლება თავს გრძნობს ოპოზიციის ოპოზიციაში და პასუხისმგებლობას ყველაფერზე იხსნის, ლარის კურსზე, ყველაფერზე. ყველაფერს აბრალებს ოპოზიციას.
ამ ხელისუფლებას ხელისუფლება ძალიან პირობითად შეიძლება ეწოდოს. ყველაფერი აბსურდია, მაგრამ როგორმე 2020 წლის მორიგ არჩევნებამდე უნდა მივიყვანოთ სიტუაცია, კიდევ ერთი წელი უნდა შევძლოთ ამ აბსურდში ცხოვრება და უნდა შევცვალოთ.